იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 24
- 1"რატომ არ დაადგინა ვადები ყოვლადძლიერმა? და რად ვერ ხედავენ მისი შემცნობელნი მის დღეებს?
- 2საზღვრებს ანაცვლებენ ბოროტეულნი, ნახირს იტაცებენ და მწყემსავენ;
- 3ობოლთა სახედრებს ერეკებიან და ქვრივის ხარი გირაოში მიჰყავთ;
- 4გაჭირვებულს ხელს კრავენ გზიდან; ერთიანად მიიმალნენ ქვეყნის ღარიბნი.
- 5აჰა, უდაბნოს ველური სახედრებივით გადიან თავის საქმეზე, საზრდოს საძებრად; ტრამალი აძლევს მათ პურს მათი შვილებისთვის.
- 6სხვის ყანაში იმკიან და ბოროტეულთა ვენახებს კრეფენ;
- 7შიშვლად ათევენ, უსამოსელოდ, წასაფარებელი არა აქვთ სიცივეში;
- 8მთების თქეშში ილუმპებიან და შესაფარებლად კლდეს ეკვრიან.
- 9ძუძუდან მოსწყვეტენ ობოლს და მიჰყავთ ღარიბისგან გირაოდ.
- 10შიშვლები დაწანწალებენ უსამოსლოდ და მშივრები დაატარებენ ძნებს.
- 11ზეთს ხდიან მათ სამყოფელში და ყურძენს წურავენ საწნახლებში, თავად კი წყურვილით იტანჯებიან;
- 12კვნესის ხალხი ქალაქში და შველას ითხოვენ დაჭრილთა სულები, ღმერთი კი ყურს არ უგდებს მათ ვედრებას;
- 13სინათლის წინააღმდეგ ამბოხებულთაგან არიან ესენი, არ აღიარებენ მის გზებს და არ რჩებიან მის ბილიკებზე.
- 14განთიადზე დგება მკვლელი, კლავს ღარიბსა და გლახაკს, ღამით კი ქურდობს.
- 15მრუშის თვალი კი ამბობს ბინდის მოლოდინში: "ვერავინ დამინახავს და საფარველს იფარებს სახეზე”.
- 16სახლებს ძირს უთხრიან ბნელში, დღისით კი თავისთვის იკეტებიან, არ იციან ნათელი;
- 17წყვდიადი მათთვის დილაა, რადგან შეეთვისნენ ბნელეთის საშინელებებს;
- 18ქაფივით არიან წყლის ზედაპირზე; დაწყევლილია მათი წილი ქვეყანაზე და ვეღარ დაუბრუნდებიან თავიანთი ვენახების გზას.
- 19გვალვა და სიცხე შთანთქავს თოვლის წყალს, შავეთი კი - ცოდვილებს;
- 20დაივიწყებს მათ დედის საშო, დატკბება მათით მატლი და ჭია, აღარავის გაახსენდება, ხესავით გატყდება ბოროტი;
- 21ბერწსა და უშვილოს რომ თრგუნავს, და კეთილად არ ექცევა ქვრივს;
- 22ძლიერებსაც ძლევს თავისი ძლიერებით, წამოდგებიან, მაგრამ სიცოცხლის იმედი აღარ ექნებათ.
- 23სიმშვიდეს აძლევს მათ, თუმცა თვალს არ აშორებს მათ გზებს;
- 24ცოტა ხნით აღზევდებიან და, აჰა, აღარ არიან; ეცემიან და კვდებიან ყველას მსგავსად, და თავთავებივით მოიჭრებიან.
- 25ასე არ არის? ვინ გამამტყუნებს, ვინ გამიარაფრებს სიტყვას?”
იტვირთება შემდეგი თავი