იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 35

  1. 1
    გააგრძელა ელიჰუმ და თქვა:
  2. 2
    "ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ, მართალი ვარო ღმერთის წინაშე?
  3. 3
    რომ ამბობ, რა სარგებელი მაქვს, რას მარგებსო ცოდვებისგან განწმენდა?
  4. 4
    შენც გეტყვი და შენს მეგობრებსაც:
  5. 5
    ცას შეხედე და, აჰა, ღრუბლებს მიაპყარ თვალი, შენზე მაღლა არიან ისინი.
  6. 6
    შენ თუ შესცოდე, მას რა? ძალიანაც რომ გაამრავლო შენი დანაშაული, მას რას დააკლებ?
  7. 7
    მართალი თუ ხარ, რას შემატებ მას? რას მიიღებს შენი ხელიდან?
  8. 8
    მხოლოდ შენისთანა კაცს ეხება შენი ბოროტება და ადამიანის ძეს - შენი სიმართლე.
  9. 9
    მრავალი მოსთქვამს ტანჯვისგან და შველას ითხოვს ძლიერთა მკლავისგან.
  10. 10
    მაგრამ მაინც არავინ კითხულობს: სად არისო ჩემი გამჩენი ღმერთი, საგალობელს რომ გვაძლევს ღამღამობით,
  11. 11
    რომელიც ჩვენ უფრო მეტს გვასწავლის ვიდრე მიწის ცხოველებს და უფრო მეტად გვაბრძენებს ვიდრე ცის ფრინველებს.
  12. 12
    ღაღადებენ იქ ისინი, მაგრამ არ პასუხობს იგი, ბოროტეულთა ამპარტავნობის გამო.
  13. 13
    ჭეშმარიტად, არ შეისმენს ღმერთი ამაო ლოცვას და არ მოხედავს მას ყოვლადძლიერი.
  14. 14
    თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ, სარჩელი მის წინაშეა, მას დაელოდე.
  15. 15
    ახლა კი, რადგან რისხვით პასუხს არ გთხოვს და ყურადღებას არ აქცევს შენს დანაშაულს;
  16. 16
    ამაოდ ხსნი პირს იობ და უმეცრებით ამრავლებ სიტყვებს”.
იტვირთება შემდეგი თავი