იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 34

  1. 1
    განაგრძო ელიჰუმ და თქვა:
  2. 2
    "ისმინეთ, ბრძენნო, ჩემი სიტყვები! ყური მომაპყარით, მცოდნენო.
  3. 3
    რადგან ყური გამოსცდის სიტყვებს, სასა კი საჭმელს უგებს გემოს;
  4. 4
    ავირჩიოთ სამართალი და ჩვენს შორის ვიცოდეთ, რა არის კარგი.
  5. 5
    რადგან თქვა იობმა: მართალი ვარ და ღმერთმა წამართვაო სამართალი;
  6. 6
    გამტყუნდა ჩემი სამართალი! უკურნებელია ჩემი იარა, თუმცა უდანაშაულო ვარო.
  7. 7
    ვინ არის იობის მსგავსი კაცი, დაცინვას რომ სვამდეს წყალივით?
  8. 8
    უმართლობის ჩამდენთაკენ რომ მიემართება და ბოროტეულის გზებით რომ დაიარება?
  9. 9
    რადგან თქვა: არაფრად არგიაო კაცს, რომ ღმერთს აამოს.
  10. 10
    ამიტომ ისმინეთ ჩემი, გამგებო კაცებო! შორს არის ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უმართლობისგან!
  11. 11
    რადგან თავისი საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს, და მისი გზისამებრ მიაგებს კაცს.
  12. 12
    ჭეშმარიტად, არ ჩაიდენს ბო­როტებას ღმერთი და არ გაამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი!
  13. 13
    ვინ ჩააბარა მას დედამიწა? ვინ მიანდო მას მთელი სამყარო?
  14. 14
    თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი გული და უკანვე წაიღო თავისი სული და სუნთქვა,
  15. 15
    ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწის მტვერს დაუბრუნდება ადამიანიც.
  16. 16
    თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყურად იღე ჩემი სიტყვები!
  17. 17
    ნუთუ სამართლის მოძულე იგანმგებლებს? ნუთუ მსჯავრს დასდებ ძალმოსილ მართალს?
  18. 18
    ვინ ეუბნება მეფეს: არარაობავ! და დიდგვაროვანს - უკეთურო!
  19. 19
    ვინ არ ელაქუცება მთავრებს და მდიდარს ღარიბზე მეტად არ თვლის, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი.
  20. 20
    წამში დაიხოცებიან ისინი; შუაღამეს იძვრის ხალხი და იღუპება; წაიყვანენ და მოაშორებენ ძლიერს კაცის ხელის გარეშე,
  21. 21
    რადგან კაცის გზებზეა მისი თვალები და ის ხედავს მის ყოველ ნაბიჯს.
  22. 22
    არც წყვდიადია და არც შავეთის ჯურღმული, რომ იქ დაი­მალონ დანაშაულის მოქმედნი;
  23. 23
    რადგან არავის უწესებს ვადას იგი, რომ მივიდეს ღმერთთან სამსჯავროზე;
  24. 24
    გამოკვლევის გარეშე ამსხვრევს ძლიერთ და მათ ნაცვლად სხვებს აყენებს,
  25. 25
    რადგან იცის მათი ნამოქმედარი, ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან;
  26. 26
    დაჰკრავს მათ, ბოროტეულთა მსგავსად, ყველას დასანახად,
  27. 27
    იმიტომ, რომ ზურგი აქციეს მას და არ შეიმეცნეს მისი გზები;
  28. 28
    მივიდა მასთან ღატაკთა ღაღადი და ესმის მას ჩაგრულთა მუდარა;
  29. 29
    როცა დუმს იგი, ვინ არის მისი მსჯავრმდებელი? როცა სახეს მალავს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხი იქნება ეს თუ ერთი კაცი.
  30. 30
    რომ არ იმეფოს უღვთო კაცმა ხალხის საცდუნებლად.
  31. 31
    თუ უთქვამს ვინმეს ღმერთი­სთვის: ვიტვირთე სასჯელი, აღარ შევცოდავ;
  32. 32
    შენ მასწავლე, რასაც ვერ ვხედავ; თუ დანაშაული ჩავიდინე, აღარ ჩავიდენ.
  33. 33
    განა შენი განსჯისამებრ უნდა მიაგებდეს იგი, როცა მის სიმართლეს უარყოფ? შენ უნდა აირჩიო და არა მე, ილაპარაკე, რაც იცი.
  34. 34
    გამგები ადამიანი მეტყვის, და ბრძენი ადამიანი, მე რომ მისმენს:
  35. 35
    იობი უაზროდ ლაპარაკობს, მის სიტყვებში სიბრძნე არ არისო.
  36. 36
    ნეტავი ბოლომდე გამოიცდებოდეს იობი, ბოროტეულთა მსგავსად რომ პასუხობს,
  37. 37
    რადგან თავის ცოდვას ამბოხს უმატებს, ხელს ხელზე ურტყამს და ღვთის საწინააღმდეგო სიტყ­ვებს ამრავლებს ჩვენ შორის!”
იტვირთება შემდეგი თავი