იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 33
- 1"აბა, მოისმინე, იობ, ჩემი სიტყვები და ყურად იღე ყოველი ჩემი გამონათქვამი.
- 2აჰა, გავხსენი ბაგე და ალაპარაკდა ჩემი ენა ჩემს პირში;
- 3გულწრფელად ვილაპარაკებ სიტყვებს და ნათლად გამოთქვამენ ცოდნას ჩემი ბაგენი;
- 4ღმერთის სულმა შემქმნა და ყოვლისშემძლის სუნთქვა მასულდგმულებს.
- 5თუ ძალგიძს - მიპასუხე, მოემზადე და წინ დამიდექი;
- 6აჰა, მეც შენსავით ვარ ღმერთის წინაშე, მეც თიხისგან ვარ გამოძერწილი.
- 7აჰა, ჩემი შიში შენ არ შეგაშინებს და ჩემი ხელი შენ არ დაგამძიმებს;
- 8აკი ეუბნებოდი ჩემს ყურს და შენი სიტყვების ხმა გავიგონე:
- 9სუფთა ვარო და უცოდველი, უმწიკვლო და უდანაშაულო;
- 10მაგრამ მინახაო საბაბი და თავის მტრად შემრაცხა;
- 11ბორკილები დამადოო ფეხებზე და ყოველ ჩემს ნაბიჯს აკვირდება!
- 12აი, ამაში არა ხარ მართალი. გიპასუხებ - რადგან ადამიანზე დიდია ღმერთი.
- 13რატომ ეპაექრები? თავის არც ერთ ნამოქმედარზე არ ჩაგაბარებს ანგარიშს.
- 14ვინაიდან ერთხელ იტყვის ღმერთი და ორჯერ, მაგრამ ვერავინ ამჩნევს.
- 15სიზმარში, ღამის ხილვაში, როცა სარეცელზე თვლემს კაცი და ძილქუში ეცემა.
- 16მაშინ უხსნის ადამიანებს ყურებს და თავის შეგონებებს ბეჭდავს მათში,
- 17რომ ბოროტი საქმისგან მოაბრუნოს იგი და ამპარტავნებისგან იხსნას კაცი,
- 18რათა იხსნას იგი შავეთისგან და მისი სიცოცხლე - მახვილით დაღუპვისგან;
- 19ტკივილით შეაგონებს თავის სარეცელზე და არ უამდება ძვლები,
- 20ისე რომ პური შესძაგდება მის სიცოცხლეს და მის სულს - სანატრელი საჭმელი.
- 21დადნება მისი ხორცი, აღარ გამოჩნდება და გამოჩნდებიან მისი ძვლები, რომლებიც არ ჩანდნენ.
- 22საფლავს მიუახლოვდება იგი და მისი სიცოცხლე - სიცოცხლის მომსწრაფველებს;
- 23მაგრამ, თუ აღმოჩნდება ათასში ერთი ანგელოზი, მისი მეოხი, რომ შეახსენოს კაცს, რა არის სიმართლე,
- 24შეიწყალებს მას და იტყვის: "იხსენი იგი საფლავისგან: მისთვის ნაპოვნი მაქვს გამოსასყიდი!”
- 25ყმაწვილკაცივით განუახლდება ხორცი და სიჭაბუკის წლებს დაუბრუნდება;
- 26შესთხოვს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას, სიხარულით შეხედავს მის სახეს და სიმართლეს აღუდგენს კაცს.
- 27შეხედავს ადამიანებს და იტყვის: შევცოდე და სწორი გავაუკუღმართე, მაგრამ საზღაური არ მომაგო.
- 28ორმოში ჩასვლისგან გამომისყიდა და სინათლეს იხილავს სიცოცხლე ჩემი.
- 29აჰა, ამ ყოველივეს ხანდახან სამგზის უკეთებს ღმერთი ადამიანს.
- 30რომ გამოაბრუნოს მისი სული ორმოდან და სიცოცხლის სინათლით განათლდეს იგი.
- 31ყური დამიგდე, იობ, მომისმინე, დადუმდი და მე ვილაპარაკებ.
- 32თუ რამ სათქმელი გაქვს, მიპასუხე, რადგან შენი გამართლება მწადია.
- 33და თუ არა - მე მომისმინე, დადუმდი და გასწავლი სიბრძნეს”.
იტვირთება შემდეგი თავი