იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 32
- 1შეწყვიტა ამ სამმა კაცმა იობისთვის პასუხის გაცემა, რადგან მართალი იყო იგი თავის თვალში.
- 2რისხვით აღენთო ელიჰუ, ბუზელი ბარაქელის ძე, რამის საგვარეულოდან: და განრისხდა იობზე იმის გამო, რომ თავის თავს ღმერთის წინაშე მართლად თვლიდა;
- 3თავის სამ მეგობარზეც განრისხდა, რადგან პასუხი ვერ გასცეს იობს და მაინც მსჯავრი დასდეს მას;
- 4აცლიდა ელიჰუ იობს ლაპარაკს, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ წლებით.
- 5რაკი დაინახა ელიჰუმ, რომ ამ სამი კაცის ბაგეს პასუხი არ გააჩნდა, რისხვით აღენთო.
- 6და ილაპარაკა ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ძემ: "მე წლებით უმცროსი ვარ, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომ მერიდებოდა და მეშინოდა თქვენთვის ჩემი აზრი მეთქვა.
- 7ვიფიქრე: უმჯობესია დღეებმა ილაპარაკონ და წლების სიმრავლემ ასწავლოს სიბრძნე.
- 8მაგრამ სული იმყოფება ადამიანში და ყოვლადძლიერის სუნთქვა აძლევს მას გონიერებას;
- 9ხანდაზმულნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ უხუცესნი როდი ხვდებიან სამართალს.
- 10ამიტომ ვამბობ - მომისმინეთ, მეც გამოვთქვა ჩემი აზრი.
- 11აჰა, ვუცდიდი თქვენს სიტყვებს და ვუსმენდი თქვენს მსჯელობას, როცა ეძებდით სათქმელს.
- 12გაკვირდებოდით და, აჰა, არ არის თქვენ შორის მამხილებელი, რომ პასუხი გასცეს იობს.
- 13ნუ იტყვით: სიბრძნე ვიპოვეთ, რადგან ღმერთი ამხელს მას და არა კაციო.
- 14ჩემს წინააღმდეგ არ მოუმართავს სიტყვები და არც მე ვუპასუხებ თქვენი გამონათქვამებით.
- 15შეშინდნენ, ვეღარ უპასუხეს, გამოელიათ სიტყვები;
- 16მეც ველოდებოდი, როდის შეწყვეტდნენ ლაპარაკს, რაკი დადგნენ და აღარ პასუხობდნენ.
- 17ვთქვი: მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ ჩემს შეხედულებას.
- 18რადგან სავსე ვარ სიტყვებით: შიგნიდან მაწვება სული;
- 19აჰა, თავმოუხდელი ღვინოსავით მაქვს გული, გასკდომაზეა, როგორც ახალი ტიკი;
- 20ვილაპარაკებ და დავმშვიდდები; გავხსნი ბაგეებს და ვუპასუხებ;
- 21პირფერობას არ დავუწყებ კაცს, და ადამიანს არ მიველაქუცები.
- 22რადგან ლაქუცი არ ვიცი და თუ ვილაქუცებ, უმალ წამიყვანოს შემოქმედმა!
იტვირთება შემდეგი თავი