იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 31
- 1"აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულს არ შევხედავდი გულისთქმით?
- 2მაშ, რა წილი გვაქვს მაღლა მყოფი ღმერთისგან, ანდა რა მემკვიდრეობას ვიღებთ ყოვლადძლიერისგან, მაღლიდან?
- 3განა უმართლოსთვის არ არის დაღუპვა და ავბედობა ბოროტმოქმედისთვის?
- 4განა არ ხედავს ჩემს გზებს და ჩემს ყოველ ნაბიჯს არ ითვლის?
- 5განა სიცრუით დავდიოდი და სამზაკვროდ ისწრაფოდა ჩემი ფეხი?
- 6დაე, ამწონოს სამართლიან სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება.
- 7თუ გადამიხვევია გზიდან ან თვალებს თუ აჰყოლია ჩემი გული, ან ბიწი თუ მისცხებია ჩემს ხელებს.
- 8მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი!
- 9თუ ცთუნებულა ჩემი გული დედაკაცით ან მოყვასის კართან თუ ჩავსაფრებულვარ?
- 10მაშინ სხვას უფქვას ჩემმა ცოლმა და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე!
- 11რადგან მრუშობის დანაშაულია ეს და მსაჯულები უნდა სჯიდნენ მას,
- 12რადგან ცეცხლი იქნებოდა ეს, განადგურებამდე მშთანთქმელი და ამოძირკვავდა მთელ ჩემს მონაგარს!
- 13თუ ოდესმე უგულებელვჰყავი ჩემი მსახურისა და მხევლის საჩივარი ჩემს წინააღმდეგ,
- 14რაღას ვიზამ მაშინ, როცა აღდგება ღმერთი და მომინახულებს, რა პასუხი გავცე?
- 15განა ვინც მე შემქმნა დედის მუცელში, მანვე არ შექმნა ისინი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?
- 16თუ უარმიყვია ღატაკთა სათხოვარი ან მოლოდინით მომიქანცავს ქვრივთა თვალები?
- 17ან თუ მეჭამოს პურის ლუკმა მარტოს და ობლისთვის არ გამეყოს?
- 18რადგან სიყრმიდანვე ვზრდიდი მამასავით, და დედის მუცლიდანვე ვუძღვებოდი;
- 19თუ მინახავს სიშიშვლის გამო მომაკვდავი ან გლახაკი უმოსასხამოდ
- 20და არ დავულოცივარ მის გულს, რადგან გათბნენ ჩემი ცხვრის მატყლით?
- 21ან თუ აღმიმართავს ხელი ობოლზე, კარიბჭესთან მჯდომთა მხარდაჭერის იმედით?
- 22მაშინ მომწყდეს მხრები ბეჭიდან და იდაყვში მომტყდეს მკლავები!
- 23რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებ.
- 24ან თუ ოქროზე ვდებდი იმედს და ბაჯაღლო მაძლევდა გაბედულებას?
- 25თუ მახარებდა ჩემი სიმდიდრის სიმრავლე ან ის, რომ ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელებმა?
- 26თუ შემიხედავს გაბრწყინებული მზის ან მოლივლივე ბადრი მთვარისთვის,
- 27და ფარულად ცდუნებულიყოს ჩემი გული და ხელით გამეგზავნოს მათთვის კოცნა;
- 28ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან უზენაეს ღმერთს უარვყოფდი.
- 29ან თუ გამხარებია ჩემი მოძულის უბედურება და მიზეიმია, როცა ბოროტება მიეწია მას?
- 30არა, შეცოდების უფლებას არ ვაძლევდი ჩემს ბაგეს, რომ დამეწყევლა მისი სიცოცხლე.
- 31განა არ ამბობდნენ ჩემი კარვის კაცები, ვინ არ გამძღარა მისი ხორცითო?!
- 32მგზავრს გარეთ არ გაუთევია და კარი ღია მქონდა სტუმრისთვის.
- 33იქნება ადამივით დავფარე დანაშაული, და გულში დავმალე უწმიდურება?
- 34ნუთუ ხალხის სიმრავლე მაშინებდა და მოძმეთა ზიზღი მაძრწუნებდა, ისე, რომ ვდუმდი და კარში არ გავდიოდი?
- 35ნეტავი ვინმე მომისმენდეს, აჰა, ეს არის ჩემი სურვილი, რომ მიპასუხოს ყოვლადძლიერმა და საბუთი დაწეროს ჩემმა მოქიშპემ.
- 36განა მხრებზე არ შევისვამდი და გვირგვინივით არ შემოვიხვევდი?
- 37ჩემს ნაბიჯებს ჩამოვუთვლიდი და როგორც მთავარს, ისე მივეახლებოდი.
- 38ოდესმე მიწას თუ დაუჩივლია ჩემზე ან ერთად თუ ატირებულან მისი ხნულები?
- 39ოდესმე მუქთად თუ მიჭამია მისი მოსავალი ან მისი მფლობელი თუ შემიწუხებია?
- 40მაშინ ხორბლის ნაცვლად ნარშავა აღმოცენდეს და ქერის ნაცვლად - ღვარძლმა იხაროს!” და დაასრულა სიტყვა იობმა.
იტვირთება შემდეგი თავი