იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 40
- 1მიუგო უფალმა იობს და უთხრა:
- 2„ნუთუ შეედავება შარიანი ყოვლადძლიერს? გამცეს პასუხი ღმერთის მამხილებელმა!”
- 3უპასუხა იობმა უფალს და უთხრა:
- 4„აჰა, არარაობა ვარ; რა გიპასუხო? პირზე ხელს ვიფარებ.
- 5ერთხელ ვთქვი და პასუხად აღარაფერს ვიტყვი, მეორეჯერაც და აღარაფერს დავუმატებ”.
- 6მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
- 7„წელზე სარტყელი შემოირტყი, როგორც კაცს შეჰფერის; შეგეკითხები და მიპასუხე:
- 8ნუთუ გააუქმებ ჩემს სამართალს, მე მამტყუნებ, რომ თავად გამართლდე?
- 9ან იქნებ ღვთის სადარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?
- 10აბა, მოიკაზმე დიდებითა და სიდიადით, ბრწყინვალება და შარავანდედი შეიმოსე.
- 11აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის მძვინვარება, დახედე ამაყებს და დაამდაბლე.
- 12დახედე ქედმაღალს და მოდრიკე, ადგილზევე გათელე ბოროტეულნი.
- 13ერთიანად ჩამარხე მტვერში და დაფარულში დაატყვევე მათი სახე.
- 14მაშინ მეც ვაღიარებ, რომ საკუთარი მარჯვენა გიხსნის.
- 15აჰა, ბეჰემოთი, შენსავით ჩემი შექმნილია იგი, ხარივით ჭამს ბალახს.
- 16აჰა, მისი ძალა მის წელშია და მისი ღონე - მუცლის კუნთებში.
- 17კედარივით ხრის კუდს; გადაგრეხილი აქვს ბარძაყის ძარღვები.
- 18მისი ძვლები სპილენძის მილებია; სახსრები - რკინის წნელები.
- 19ის პირველია ღვთის ქმნილებათაგან, მხოლოდ მისი შემოქმედი თუ მიუახლოებს თავის მახვილს.
- 20რადგან ასაზრდოებენ მას მთები, სადაც ხარობს ყოველი ცხოველი ველისა.
- 21ლოტოსის ქვეშ წვება, ლერწმისა და ჭაობის საფარში.
- 22ლოტოსი იფარავს და ჩრდილს აძლევს მას, ღელის ტირიფებით არის გარემოცული.
- 23თუ აბობოქრდა მდინარე - არ დაფრთხება, მშვიდადაა, იორდანეც რომ მიასკდეს პირზე.
- 24სანამ თვალღიაა განა შეიპყრობს ვინმე ან კაუჭით ვინ გაუხვრეტს ცხვირს?
იტვირთება შემდეგი თავი