იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 41
- 1"თუ ამოათრევ ლევიათანს ანკესით და საბლით თუ დაუბამ ენას?
- 2ცხვირში თუ გაუყრი რგოლს და კაუჭით თუ გაუხვრეტ ყბას?
- 3თუ დაგიწყებს ძლიერ ვედრებას და მოწიწებით თუ დაგელაპარაკება?
- 4თუ დაგიდებს აღთქმას, რომ სამუდამო მსახურად დაგიდგება?
- 5თუ გაგართობს ჩიტივით და დააბამ მას შენი ქალიშვილებისთვის?
- 6თუ ივაჭრებენ მისით მეთევზენი და დაანაწილებენ ვაჭართა შორის?
- 7თუ დაუფარავ კანს ისრებით და მეთევზის კაპარჭებით - თავს?
- 8დაადე მას ხელი და დაგამახსოვრდება მასთან შერკინება, აღარასოდეს გააკეთებ ამას!
- 9აჰა, ფუჭია შენი მოლოდინი; მისი ერთი გამოხედვაც კი ძირს დაგცემს.
- 10მის შეწუხებას ვერავინ ბედავს, ჩემს წინ ვინღა დადგება?!
- 11ვის რა მოუცია, რომ ავუნაზღაურო? ჩემია მთელი ცისქვეშეთი.
- 12არ დავდუმდები მის კიდურებზე, მის ძლევამოსილებაზე და მშვენიერ აღნაგობაზე.
- 13ვის გაუხდია მისთვის ჯავშანი? მის ორმაგ ყბებში ვინ შეაღწევს?
- 14მისი სახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ შიშის ზარია!
- 15მისი ფარფლები ფარების წყებაა, მჭიდრო ბეჭდით შეკრული.
- 16ერთი მეორეს ერწყმის და ჰაერი ვერ ატანს მათ შორის:
- 17ერთმანეთს მიეკვრნენ, ჩაეჭიდნენ და არ განიყოფიან.
- 18მის დაცემინებაზე ნათელი ელვარებს და მისი თვალები ცისკრის წამწამებივითაა.
- 19მისი ხახიდან ცეცხლის ჩირაღდნები გამოდიან და ნაპერწკლები იფრქვევა.
- 20კვამლი გამოსდის ნესტოებიდან, როგორც მდუღარე ქვაბიდან და ცეცხლმოკიდებული ლერწმიდან.
- 21მისი სუნთქვა ნაკვერჩხლებს აღვივებს და ხახიდან ალი გამოდის.
- 22მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში.
- 23მტკიცედ შეერწყა ერთმანეთს მისი ხორცის ფენები, მკვრივად აფენია, არ შეირყევა.
- 24ქვასავით მაგარია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით.
- 25როგორც კი წამოიმართება - ძლიერნი კრთებიან და ეცლებიან თავზარდაცემულნი.
- 26მისწვდება მას მახვილი და ვერას აკლებს - ვერც შუბი, ვერც ლახვარი და ისარი.
- 27რკინას ჩალად მიიჩნევს და სპილენძს - დამპალ ხედ.
- 28ვერ უკუაქცევს მას ისარი, ჩალასავითაა მისთვის შურდულის ქვები.
- 29ბზედ მიაჩნია რკინა და შუბის ზუზუნზე ეცინება.
- 30მუცელზე წამახული კეცის ნატეხები აქვს, კევრივით არის გაწოლილი ჭანჭყობში.
- 31ქვაბივით ადუღებს უფსკრულს და ზღვას ნელსაცხებლის ჭურჭლად აქცევს.
- 32ბილიკს ასხივებს თავის უკან, კაცი იფიქრებს, უფსკრულნი გაჭაღარავდნენო.
- 33არავინაა მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის შექმნილი.
- 34უმზერს ყველაფერს, რაც მაღლაა, მეფობს სიამაყის ყველა ნაშიერზე”.
იტვირთება შემდეგი თავი