იოანეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 10

  1. 1
    "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, "ვინც კარიდან არ შედის ცხვრის სადგომში, არამედ სხვა გზით გადადის, ქურდია და ავაზაკი.
  2. 2
    ხოლო, ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია.
  3. 3
    მეკარე უღებს მას და ცხვარი ისმენს მის ხმას, იგი სახელებით მოუხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.
  4. 4
    თავისებს რომ გამოიყვანს, წინ გაუძღვება და ცხვარიც მიჰყვება, რადგან იცნობს მის ხმას.
  5. 5
    უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოს ხმას არ იცნობს”.
  6. 6
    ეს იგავი უთხრა მათ იესომ; მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.
  7. 7
    კვლავ უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, მე ვარ კარი ცხვრისთვის.
  8. 8
    ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ავაზაკი, და არ მოუსმინა მათ ცხვარმა.
  9. 9
    მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, გადარჩება. შევა, გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
  10. 10
    ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.
  11. 11
    მე ვარ მწყემსი კეთილი. კეთილი მწყემსი თავის სიცოცხლეს დებს ცხვრისთვის.
  12. 12
    დაქირავებული კი არც მწყემსია და არც ცხვარი ეკუთვნის. მოვარდნილი მგლის დანახვაზე იგი ტოვებს ცხვარს და გარბის. მგელიც იტაცებს მათ და ფანტავს.
  13. 13
    დაქირავებული იმიტომ გარბის, რომ დაქირავებულია და არ ზრუნავს ცხვარზე.
  14. 14
    მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე,
  15. 15
    როგორც მამა მიცნობს მე, მე კი მამას ვიცნობ. და ჩემს სიცოცხლეს ვდებ ცხვრებისთვის.
  16. 16
    მე სხვა ცხვრებიც მყავს, რომლებიც ამ ფარეხისა არ არიან. ისინიც უნდა მოვიყვანო; მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.
  17. 17
    იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ დავიბრუნო იგი.
  18. 18
    ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად. ეს მცნება მამაჩემისგან მივიღე”.
  19. 19
    ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის.
  20. 20
    ბევრი მათგანი ამბობდა: "ეშმაკეულია და შეშლილი, რად უსმენთ მას?”
  21. 21
    სხვები ამბობდნენ: "ეს ეშმაკეულის სიტყვები არ არის; განა შეუძლია ეშმაკს, ბრმას თვალი აუხილოს?”
  22. 22
    იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაული იყო. ზამთარი იდგა.
  23. 23
    და მიმოდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის დერეფანში.
  24. 24
    შემოეხვივნენ იუდევლები და უთხრეს: "როდემდე უნდა გყავდეთ გაუგებრობაში? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი გარკვევით”.
  25. 25
    მიუგო მათ იესომ: "გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, მამაჩემის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე!
  26. 26
    მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვართაგანი არა ხართ, როგორც გითხარით.
  27. 27
    ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან.
  28. 28
    მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ; და ვერავინ წამგლეჯს მათ ხელიდან.
  29. 29
    მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუძს მამაჩემის ხელიდან წაგლეჯა.
  30. 30
    მე და მამა ერთი ვართ”.
  31. 31
    მაშინ იუდევლებმა კვლავ წამოკრიფეს ქვები მის ჩასაქოლად.
  32. 32
    უთხრა მათ იესომ: "ბევრი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?”
  33. 33
    უთხრეს იუდევლებმა: "კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღმერთის გმობისთვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად მოგაქვს თავი”.
  34. 34
    მიუგო მათ იესომ: "განა თქვენს რჯულში არ წერია: მე ვთქვი, თქვენ ღმერთები ხართო?
  35. 35
    თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღმერთის სიტყვა იყო მიმართული და წერილი არ ირღვევა,
  36. 36
    მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა წუთისოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი, ღმერთის ძე ვარ-მეთქი?
  37. 37
    თუ მამაჩემის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით.
  38. 38
    და თუ ვაკეთებ და ჩემი არ გწამთ, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ჩემშია და მე მამაში ვარ”.
  39. 39
    მაშინ კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ.
  40. 40
    კვლავ გავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ იოანე ნათლავდა, და იქ დარჩა.
  41. 41
    ბევრი მოვიდა მასთან; ამბობდნენ: "იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა ამ კაცზე, ჭეშმარიტი იყო”.
  42. 42
    და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.
იტვირთება შემდეგი თავი