იოანეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 9

  1. 1
    ერთხელ მიდიოდა და დაბადებიდან ბრმა კაცი დაინახა.
  2. 2
    ჰკითხეს მოწაფეებმა: "რაბი, თვითონ მან შესცოდა თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?”
  3. 3
    უპასუხა იესომ: "არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, ღმერთის საქმენი რომ გამოჩდნენ მასში.
  4. 4
    სანამ დღეა, ჩემი მომავლინებლის საქმენი უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, და მაშინ ვეღარავინ შეძლებს კეთებას.
  5. 5
    სანამ წუთისოფელში ვარ, წუთისოფლის სინათლე ვარ”.
  6. 6
    ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით ტალახი მოზილა და ბრმას თვალებზე წაუსვა.
  7. 7
    უთხრა: "წადი და დაიბანე სილოამის ანუ მოვლინებულის საბანელში”. წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.
  8. 8
    მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: "ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?”
  9. 9
    ერთნი ამბობდნენ - ეს სწორედ ისააო, სხვებმა თქვეს - არა, მაგრამ იმას ჰგავსო. მან კი თქვა: "ეს მე ვარ”.
  10. 10
    მაშინ ჰკითხეს: "როგორ აგეხილა თვალები?”
  11. 11
    მან უპასუხა: "კაცმა, სახელად იესომ, ტალახი მოზილა, თვალებზე წამისვა და მითხრა, წადი სილოამს და მოიბანეო; წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები”.
  12. 12
    მაშინ ჰკითხეს: "სადაა იგი?” უპასუხა: "არ ვიცი”.
  13. 13
    მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, მანამდე რომ ბრმა იყო.
  14. 14
    ის დღე, ტალახი რომ მოზილა იესომ და თვალები აუხილა, შაბათი იყო.
  15. 15
    ფარისევლებმაც ჰკითხეს, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: "ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ”.
  16. 16
    მაშინ თქვა ზოგმა ფარისეველმა: "ის კაცი შაბათს არ იცავს, ამიტომ ღმერთისგან არ არის”. სხვებმა კი თქვეს: "როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?” და იყო მათ შორის დავა.
  17. 17
    კვლავ ჰკითხეს ბრმას: "შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?” მან თქვა: "წინასწარმეტყველია იგი”.
  18. 18
    მაინც არ დაიჯერეს იუდევლებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს.
  19. 19
    ჰკითხეს მათ: "ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?”
  20. 20
    მშობლებმა უთხრეს: "ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა.
  21. 21
    მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით; არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალები. ხომ ასაკოვანია, ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე”.
  22. 22
    ასე იმიტომ თქვეს მისმა მშობლებმა, რომ იუდევლებისა ეშინოდათ. მათ უკვე პირი შეეკრათ: სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც იესოს ქრისტედ აღიარებდა.
  23. 23
    ამიტომ თქვეს მშობლებმა, ასაკოვანია და თავად მას ჰკითხეთო.
  24. 24
    მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო და უთხრეს: "დიდება მიაგე ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი”.
  25. 25
    მან კი უპასუხა: "არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი - ბრმა ვიყავი, ახლა კი ვხედავ”.
  26. 26
    კვლავ ჰკითხეს: "რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?”
  27. 27
    უპასუხა: "მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ ხელახლა მოსმენა? იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?”
  28. 28
    მათ კი გალანძღეს იგი და უთხრეს: "შენ თვითონ ხარ მისი მოწაფე, ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ.
  29. 29
    ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი მოსეს ელაპარაკებოდა. ამაზე კი ისიც არ ვიცით, საიდან არის”.
  30. 30
    უთხრა მათ კაცმა: "საკვირველი სწორედ ისაა, რომ არ იცით, საიდან არის, მან კი თვალები ამიხილა.
  31. 31
    ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს. არამედ, მხოლოდ იმას, ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს იგი.
  32. 32
    საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმადშობილისთვის თვალები აეხილოს.
  33. 33
    ეს რომ ღმერთისგან არ ყოფილიყო, ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა”.
  34. 34
    უთხრეს მას: "შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?” და გარეთ გამოაგდეს იგი.
  35. 35
    იესომ გაიგო, რომ გარეთ გამოაგდეს იგი, მონახა და ჰკითხა: "გწამს ძე კაცისა?”
  36. 36
    მან უთხრა: "ვინ არის ის, უფალო, რომ ვიწამო?”
  37. 37
    იესომ უთხრა: "შენ გინახავს იგი და ვინც გელაპარაკება, ის არის”.
  38. 38
    უპასუხა: "მწამს, უფალო” და თაყვანი სცა მას.
  39. 39
    უთხრა იესომ: "განსაკითხად მოვედი ამ წუთისოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ”.
  40. 40
    გაიგონა ეს სიტყვები მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა; და ჰკითხეს: "ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?”
  41. 41
    უთხრა მათ იესომ: "ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა თქვენზევე რჩება”.
იტვირთება შემდეგი თავი