იოანეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1ხოლო იესო ზეთისხილის მთისკენ გაემართა.
- 2დილით კვლავ ტაძარში დაბრუნდა. მთელი ხალხი მასთან მივიდა. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
- 3მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს.
- 4უთხრეს იესოს: "მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული;
- 5მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?”
- 6ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.
- 7რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: "ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!”
- 8მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა.
- 9ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.
- 10წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: "დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?”
- 11ქალმა უპასუხა: "არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: "არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.
- 12კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: "მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.
- 13უთხრეს მას ფარისევლებმა: "შენ თვითონ ამოწმებ შენს თავზე. შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი”.
- 14მიუგო იესომ: "მე თუ ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.
- 15თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის განვიკითხავ.
- 16მე თუ განვიკითხავ, ჩემი განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მომავლინა”.
- 17თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია.
- 18მე ჩემს თავზე ვამოწმებ და ჩემზევე ამოწმებს მამა, რომელმაც მომავლინა.
- 19მაშინ ჰკითხეს მას: "სად არის მამაშენი?” მიუგო მათ იესომ: "არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ”.
- 20ეს სიტყვები საგანძურთან წარმოთქვა იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა; და ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი.
- 21კვლავ უთხრა მათ იესომ: "მე მივდივარ და ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვებში დაიხოცებით. სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ”.
- 22იუდევლებმა თქვეს: "თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთო მოსვლას?”
- 23უთხრა მათ: "თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, მე კი ამქვეყნიური არა ვარ.
- 24ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით”.
- 25მაშინ უთხრეს მას: "ვინ ხარ შენ?” იესომ უთხრა მათ: "ის, რასაც თავიდანვე გეუბნებოდით.
- 26ბევრი მაქვს თქვენს შესახებ სათქმელი და განსასჯელი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ წუთისოფელში”.
- 27ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.
- 28ამიტომ უთხრა მათ იესომ: "როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
- 29ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო”.
- 30ეს რომ თქვა, ბევრმა ირწმუნა იგი.
- 31მაშინ იესომ იმ იუდევლებს მიმართა, მისი რომ ირწმუნეს: "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
- 32შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”.
- 33მიუგეს მას: "ჩვენ აბრაჰამის თესლი ვართ და არასოდეს არავისი მონები ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?”
- 34უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ჩამდენი ცოდვისა, ცოდვის მონაა.
- 35ხოლო მონა საუკუნოდ არ რჩება სახლში, ძე რჩება საუკუნოდ.
- 36ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
- 37ვიცი, რომ აბრაჰამის თესლი ხართ; მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
- 38მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენთან მოისმინეთ”.
- 39უთხრეს: "ჩვენი მამა აბრაჰამია!” იესომ უპასუხა: "თქვენ რომ აბრაჰამის შვილები იყოთ, აბრაჰამის საქმეებს გააკეთებდით”.
- 40ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, ღმერთისგან რომ მოვისმინე. აბრაჰამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.
- 41თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ”. უპასუხეს: "ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს - ღმერთი”.
- 42უთხრა მათ იესომ: "ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
- 43რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.
- 44თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
- 45მე კი, რადგან ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, ჩემი არ გწამთ.
- 46რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არ გწამთ ჩემი?
- 47ვინც ღმერთისგანაა, ისმენს ღმერთის ნათქვამს; თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისგან არა ხართ”.
- 48მაშინ იუდევლებმა უთხრეს: "განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?”
- 49მიუგო იესომ: "ჩემში ეშმაკი არ არის; მე პატივს ვცემ მამაჩემს, თქვენ კი უპატიომყოფთ მე.
- 50თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი.
- 51ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემ სიტყვას დაიცავს, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს”.
- 52უთხრეს მას იუდევლებმა: "ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკია შენში. აბრაჰამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, უკუნისამდე არ იგემებსო სიკვდილს.
- 53განა შენ ჩვენს მამა აბრაჰამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. ვინ გგონია შენი თავი?”
- 54მიუგო იესომ: "თუ მე საკუთარ თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.
- 55თქვენ ვერ შეიცანით იგი, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, არ ვიცნობ მეთქი მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვიცავ მის სიტყვას.
- 56აბრაჰამს, მამათქვენს, ახარებდა ჩემი დღის ხილვა. იხილა და გაიხარა”.
- 57იუდევლებმა უთხრეს: "ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაჰამი გინახავს?”
- 58უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”.
- 59მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ თვალს მიეფარა იესო და გავიდა ტაძრიდან.
იტვირთება შემდეგი თავი