იოანეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში; იესოს დედაც იქ იყო.
- 2იესო და მისი მოწაფეებიც მიიწვიეს ქორწილში.
- 3ღვინო რომ შემოაკლდათ, უთხრა დედამისმა იესოს: "ღვინო აღარა აქვთ”.
- 4იესომ მიუგო: "რა მე და შენ დედაკაცო? ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა”.
- 5უთხრა დედამისმა მსახურებს: "გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით”.
- 6იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა განწმენდის წესის თანახმად, თითოში ორი თუ სამი საწყაო ჩადიოდა.
- 7უთხრა მათ იესომ: "აავსეთ წყლით ეს ჭურჭლები”. მათაც პირთამდე აავსეს.
- 8კვლავ უთხრა მათ: "ახლა ამოიღეთ და სუფრის გამრიგეს მიართვით!” და მიართვეს.
- 9როცა თამადამ ღვინოდქცეული წყალი გასინჯა, მან კი არ იცოდა საიდან იყო ეს ღვინო, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი, ნეფეს დაუძახა მან
- 10და უთხრა: "ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს”.
- 11ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება; და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა.
- 12ამის შემდეგ იესო დედამისთან, თავის ძმებთან და მოწაფეებთან ერთად კაპერნაუმში ჩავიდა, და რამდენიმე დღე იქ დარჩა.
- 13იუდეველთა პასექი რომ მოახლოვდა, იერუსალიმში ავიდა იესო.
- 14ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე ფულის გადამცვლელნი.
- 15საბლისგან შოლტი გააკეთა და გამორეკა ტაძრიდან ყველა, ასევე ხარები და ცხვრები; ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა.
- 16მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: "გაიყვანეთ ესენი აქედან; და მამაჩემის სახლს სავაჭრო სახლად ნუ გადააქცევთ”.
- 17მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: "შენი სახლის შური შემჭამს მე”.
- 18მიუგეს იუდევლებმა და უთხრეს მას: "რა ნიშანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?”
- 19მიუგო იესომ და უთხრა მათ: "დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას”.
- 20უთხრეს იუდევლებმა: "ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?”
- 21ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა.
- 22როცა აღდგა მკვდრეთით, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ამას რომ ამბობდა, და ირწმუნეს წერილი და იესოს ნათქვამი სიტყვა.
- 23იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა ირწმუნა მისი სახელი, როცა იხილეს მის მიერ მოხდენილი სასწაულები.
- 24თვითონ იესო კი არ ანდობდა მათ თავის თავს, რადგან ყველას იცნობდა.
- 25არც სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო ადამიანში.
იტვირთება შემდეგი თავი