იოანეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი.
- 2იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: "რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის”.
- 3მიუგო იესომ და უთხრა მას: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც მაღლიდან არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სამეფოს”.
- 4ეუბნება მას ნიკოდემოსი: "როგორღა შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?”
- 5მიუგო იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში.
- 6ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული.
- 7ნუ გიკვირს, რომ გეუბნები, მაღლიდან უნდა იშვათ-მეთქი.
- 8ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.
- 9მიუგო ნიკოდემოსმა და უთხრა: "როგორ შეიძლება ეს მოხდეს?”
- 10მიუგო იესომ: "ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი?
- 11ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვამოწმებთ იმას, რაც ვიხილეთ, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას!
- 12თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ?
- 13არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია.
- 14და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა,
- 15რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.
- 16ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
- 17რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი; არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი.
- 18ვისაც სწამს იგი, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი.
- 19მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.
- 20რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი.
- 21ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი”.
- 22ამის შემდეგ, იესო თავის მოწაფეებთან ერთად იუდას ქვეყანაში მივიდა; დარჩა იქ მათთან ერთად და ნათლავდა.
- 23იოანეც ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ინათლებოდნენ,
- 24ვინაიდან, იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული.
- 25მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდევლებს შორის დავა მოხდა განწმენდის გამო.
- 26მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: "რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა, და რომლის შესახებაც შენ ამოწმებდი, აჰა, ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან”.
- 27თქვა იოანემ: "ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ზეციდან არა აქვს მიცემული.
- 28თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი, მე არა ვარ-მეთქი ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინაშე.
- 29ვისაც პატარძალი ჰყავს, ნეფეც ისაა; ხოლო ნეფის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს ნეფის ხმაზე. ჩემი ეს სიხარული უკვე აღსრულდა.
- 30ის უნდა განდიდდეს, მე კი უნდა ვმცირდებოდე.
- 31მაღლიდან მომავალი ყოველივეზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს; ციდან მომავალი კი ყოველივეზე მაღლაა.
- 32რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს.
- 33ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაადასტურა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.
- 34რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს.
- 35მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ.
- 36ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი სიცოცხლეს ვერ იხილავს; ღმერთის რისხვა რჩება მასზე”.
იტვირთება შემდეგი თავი