იონა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1და იყო უფლის სიტყვა იონა ამითაის ძის მიმართ:
- 2"ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში და გამოუცხადე მას, რომ ჩემამდე მოაღწია მისმა ბოროტებამ!”
- 3ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშისკენ მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ გადახვეწილიყო უფლის პირისგან.
- 4მაგრამ ძლიერი ქარი ამოაგდო უფალმა, დიდი ქარიშხალი ამოვარდა, ისეთი, რომ დალეწვის პირას მიიყვანა ხომალდი.
- 5შეშინდნენ მეზღვაურნი და ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა. რაც ტვირთი ჰქონდათ, ზღვაში გადაყარეს, რომ შეემსუბუქებინათ ხომალდი, იონა კი ხომალდის ბანქვეშ იყო ჩასული, იწვა და ეძინა.
- 6მივიდა ხომალდის მეთაური და უთხრა: "რა დროს ძილია? ადექი, შენს ღმერთს მოუხმე, იქნებ შეგვიწყალოს ღმერთმა და არ დავიღუპოთ”.
- 7ერთმანეთს ეუბნებოდნენ: "წილი ვყაროთ, იქნებ გავიგოთ, ვის გამო დაგვატყდა თავს ეს უბედურება”. ყარეს წილი და იონას შეხვდა წილი.
- 8უთხრეს: "გვითხარი, რის გამო დაგვატყდა ეს უბედურება? რა ხელობის კაცი ხარ და საიდან მოდიხარ? რომელი ქვეყნიდან ხარ და რომელი ხალხიდან?”
- 9მიუგო: "ებრაელი ვარ, მოშიში უფლისა, ცათა ღმერთისა, ვინც შექმნა ზღვა და ხმელეთი”.
- 10დიდად შეშინდნენ ეს კაცები, როცა უამბო იონამ, რომ უფლის პირს გაურბოდა. უთხრეს: "ეს რა ჩაგიდენია?”
- 11ჰკითხეს: "რა გიყოთ, რომ ზღვა დაწყნარდეს?” რადგან ზღვა უფრო და უფრო ღელავდა.
- 12მიუგო: "ამიყვანეთ და ზღვაში გადამაგდეთ, მაშინ დაწყნარდება იგი; ვიცი, რომ ეს დიდი ქარიშხალი ჩემს გამო დაგატყდათ თავს”.
- 13მოუსვეს ნიჩბები, რომ ხმელეთისკენ გაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძლიერდებოდა ზღვის ღელვა.
- 14მაშინ შეჰღაღადეს უფალს და უთხრეს: "გევედრებით, უფალო, ამ კაცის გამო ნუ დაგვღუპავ, მაგრამ ნურც უდანაშაულო სისხლს მოგვკითხავ, რადგან ყველაფერი ისე ხდება უფალო, როგორც შენ გინდოდა”.
- 15ადგნენ, ზღვაში გადააგდეს იონა და დამშვიდდა აბობოქრებული ზღვა.
- 16დიდად შეეშინდათ ამ კაცებს უფლისა; მსხვერპლი შესწირეს უფალს და აღთქმები დაუდეს.
- 17დიდი თევზი მოავლინა უფალმა, რომ გადაეყლაპა იონა. სამი დღე და სამი ღამე იყო იონა თევზის მუცელში.
იტვირთება შემდეგი თავი