იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1როცა გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, როგორ აიღო იეშუამ ჰაღაი და როგორ გაანადგურა იგი, რომ ისევე მოექცა ჰაღაის და მის მეფეს, როგორც იერიხოსა და მის მეფეს მოექცა, რომ დაეზავნენ გაბაონის მკვიდრნი ისრაელს და დარჩნენ მათ შორის,
- 2ფრიად შეშინდა, რადგან სამეფო ქალაქივით დიდი ქალაქი იყო გაბაონი, ჰაღაისაც აღემატებოდა და მისი კაცებიც მამაცნი იყვნენ.
- 3შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს, ხებრონის მეფეს, ფირამს, იარმუთის მეფეს, იაფიაყს, ლაქიშის მეფეს და დებირს, ყეგლონის მეფეს:
- 4"ამოდით ჩემთან და შემეწიეთ, რომ მოვსრათ გაბაონი, რადგან იეშუას და ისრაელის ძეებს დაეზავა”.
- 5შეიკრიბნენ და ავიდა ხუთი ამორელი მეფე - იერუსალიმის, ხებრონის, იარმუთის, ლაქიშისა და ყეგლონის მეფეები და მთელი მათი ლაშქარი, დაიბანაკეს გაბაონის პირდაპირ და ბრძოლა გაუმართეს.
- 6გაგზავნეს გაბაონის კაცებმა იეშუასთან გილგალის ბანაკში და შეუთვალეს: "ნუ აიღებ ხელს შენს მორჩილებზე; ისწრაფე, ამოდი ჩვენთან, გვიხსენი და მოგვეშველე: რადგან ჩვენს წინააღმდეგ შეიკრიბნენ მთაში მცხოვრები ამორელი მეფეები”.
- 7და გავიდა იეშუა გილგალიდან ყველა ბრძოლისუნარიანი ხალხითა და მაგარი ვაჟკაცებით.
- 8უთხრა უფალმა იეშუას: "ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხელში ჩაგიგდე ისინი; ვერცერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ”.
- 9და მოულოდნელად მიადგა მათ იეშუა, გილგალიდან მთელი ღამის ნავალი.
- 10თავზარი დასცა მათ უფალმა ისრაელის წინაშე და შემუსრა ისინი დიდი შემუსვრით გაბაონში, სდია ბეთ-ხორონის აღმართზე და მუსრავდა მათ ყაზეკამდე და მაკედამდე.
- 11როცა ისრაელიანთაგან ბეთ-ხორონის აღმართზე გარბოდნენ, უფალი დიდ ქვებს უშენდა ზეციდან ყაზეკამდე და იხოცებოდნენ. ქვების სეტყვამ უფრო მეტი ხალხი დახოცა, ვიდრე ისრაელიანთა მახვილმა.
- 12მაშინ ელაპარაკა იეშუა უფალს, იმ დღეს, როცა უფალმა ამორელები ჩააგდებინა ხელში ისრაელიანებს; თქვა ისრაელის გასაგონად: "მზეო, შეჩერდი გაბაონზე და მთვარევ, აიალიონის ველზე!”
- 13შეჩერდა მზე და დადგა მთვარე, ვიდრე მტერი არ დაამარცხა ხალხმა. განა ჩაწერილი არ არის ეს იაშარის წიგნში: "იდგა მზე შუაგულ ცაზე და მთელი დღე არ ჩქარობდა ჩასვენებას!”
- 14არ ყოფილა ასეთი დღე არც მანამდე და არც მერე, რომ ამგვარად შეესმინოს კაცის ხმა უფალს, რადგან ისრაელისთვის იბრძოდა უფალი.
- 15დაბრუნდა იეშუა და მასთან ერთად მთელი ისრაელი გილგალის ბანაკში.
- 16გაიქცა ის ხუთი მეფე და მაკედას მღვიმეში დაიმალა.
- 17აუწყეს იეშუას: "იპოვეს ხუთი მეფე, მაკედას მღვიმეში იმალებიან”.
- 18თქვა იეშუამ: "მიაგორეთ დიდი ლოდები მღვიმის პირთან და დააყენეთ კაცები მათ საყარაულოდ.
- 19თქვენ კი ნუ შეჩერდებით, დაედევნეთ მტრებს და კუდი მოსწყვიტეთ, ნუ დაანებებთ თავიანთ ქალაქებში შესვლას, რადგან ხელში ჩაგიგდოთ ისინი უფალმა, თქვენმა ღმერთმა”.
- 20დაასრულეს იეშუამ და ისრაელის ძეებმა მათი ჟლეტა დიადი შემუსვრით და საბოლოოდ გაანადგურეს; გადარჩენილებმა გამაგრებულ ქალაქებს შეაფარეს თავი;
- 21და მშვიდობით დაბრუნდა მთელი ხალხი იეშუასთან მაკედას ბანაკში; ვერავინ დაძრა ენა ისრაელის ძეთა წინააღმდეგ.
- 22თქვა იეშუამ: "გახსენით მღვიმის პირი და გამომიყვანეთ ის ხუთი მეფე მღვიმიდან”.
- 23ასეც მოიქცნენ, გამოუყვანეს ის ხუთი მეფე მღვიმიდან: იერუსალიმის, ხებრონის, იარმუთის, ლაქიშისა და ყეგლონის მეფეები.
- 24როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იეშუას, მაშინ მოუხმო იეშუამ მთელ ისრაელს და მხედართმთავრებს, თან რომ ახლდნენ, უთხრა: "ახლოს მოდექით და ქედზე ფეხით შედექით ამ მეფეებს”. მიუახლოვდნენ და დაადგეს ქედზე ფეხი.
- 25უთხრა მათ იეშუამ: "ნუ შეგეშინდებათ და ნურც შეძრწუნდებით, გაძლიერდით და მტკიცედ იდექით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი შეებრძოლებით”.
- 26შემდეგ დახოცა ისინი იეშუამ, მოკლა, ხუთ ხეზე ჩამოკიდა და საღამომდე ეკიდნენ ხეებზე.
- 27ბრძანა იეშუამ მზის ჩასვლისას, ჩამოხსნეს ისინი ხეებიდან და დაყარეს იმ მღვიმეში, რომელშიც იმალებოდნენ; ქვის ლოდები მიაყარეს მღვიმის პირს და ასეა დღემდე.
- 28იმავე დღეს დაიპყრო იეშუამ მაკედა, მოსრა იგი და მისი მეფე, მახვილის პირით გაანადგურა მასში მყოფი ყოველი სულდგმული, არავინ დაუტოვებია ცოცხალი; მაკედას მეფესაც ისევე მოექცა, როგორც იერიხოს მეფეს.
- 29გაემართა იეშუა და მასთან ერთად მთელი ისრაელი მაკედადან ლიბნასკენ და ბრძოლა გაუმართა ლიბნას.
- 30ხელში ჩაუგდო უფალმა ლიბნაც და მისი მეფეც; მახვილის პირით განგმირა იგი და მასში მყოფი ყოველი სუდგმული; არ დატოვა არც ერთი სულიერი. ისევე მოექცა მის მეფეს, როგორც იერიხოს მეფეს მოექცა.
- 31და გაემართა იეშუა და მასთან ერთად მთელი ისრაელი, ლიბნადან ლაქიშისკენ; დაიბანაკა მის წინააღმდეგ და ბრძოლა გაუმართა.
- 32ხელში ჩაუგდო უფალმა ლაქიში ისრაელს და დაიპყრო იგი მეორე დღეს, და მახვილის პირით მოსრა იგი და მასში მყოფი ყოველი სულდგმული, ისევე, როგორც ლიბნაში.
- 33მაშინ ამოვიდა ჰორამი, გეზერის მეფე, ლაქიშის დასახმარებლად და ისე შემუსრა იეშუამ ის და მისი ხალხი, რომ არავინ დაუტოვებია ცოცხალი.
- 34იეშუა და მასთან ერთად მთელი ისრაელი, ლაქიშიდან ყეგლონისკენ გაემართა, დაიბანაკა მის წინააღმდეგ და ბრძოლა გაუმართა.
- 35იმავე დღეს დაიპყრო იგი და მოსრა მახვილის პირით მასში მყოფი ყოველი სულდგმული; ისევე მოექცა, როგორც ლაქიშს.
- 36გაემართა იეშუა და მასთან ერთად მთელი ისრაელი, ყეგლონიდან ხებრონისკენ და ბრძოლა გაუმართა.
- 37დაიპყრო ხებრონი და მოსრა იგი მახვილის პირით, მისი მეფე და ყოველი მისი ქალაქი და მასში მყოფი ყოველი სულდგმული; არავინ დატოვა ცოცხალი ისევე, როგორც ყეგლონში. მოსპო იგი და მასში მყოფი ყოველი სულდგმული.
- 38მობრუნდა იეშუა და მასთან ერთად მთელი ისრაელი დებირისკენ და ბრძოლა გაუმართა.
- 39დაიპყრო იგი, მისი მეფე, ყოველი მისი ქალაქი და გაწყვიტა ისინი მახვილის პირით, მოსპო მასში მყოფი ყოველი სულდგმული, არ დატოვა არავინ. როგორც მოექცა ხებრონს, ასევე მოექცა დებირს და მის მეფეს, ასევე მოექცა ლიბნას და მის მეფეს.
- 40მოსრა იეშუამ მთელი მთიანი ქვეყანა, სამხრეთი მხარე, დაბლობი, ფერდობები და მათი მეფეები; არავინ დაუტოვებია ცოცხალი, ყოველი სულდგმული მოსპო, როგორც უბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა.
- 41მოსრა ისინი იეშუამ კადეშ-ბარნეაყიდან ღაზამდე, მთელი გოშენის ქვეყანა გაბაონამდე.
- 42ყველა ეს მეფე და მათი ქვეყნები ერთ ჯერზე აიღო იეშუამ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი იბრძოდა ისრაელისთვის;
- 43და დაბრუნდა იეშუა მთელ ისრაელთან ერთად გილგალის ბანაკში.
იტვირთება შემდეგი თავი