იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 11

  1. 1
    როგორც კი გაიგო იაბინმა, ხაცორის მეფემ ეს ამბები, მიავლინა იობაბთან, მადონის მეფესთან და შიმრონისა და აქშაფის მეფეებთან;
  2. 2
    აგრეთვე იმ მეფეებთან, რომლებიც ჩრდილოეთით მთასა და ველზე, ქინერეთის სამხრეთით, დაბლობსა და დასავლეთისკენ, დორის მაღლობებზე მკვიდრობდნენ;
  3. 3
    აღმოსავლეთით და დასავლეთით დამკვიდრებულ ქანაანელებთან; ამორელებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან და მთიელ იებუსელებთან, ხიველებთან ხერმონის ძირში, მიცფას ქვეყანაში.
  4. 4
    და გამოვიდნენ ისინი მთელ თავის ხალხთან ერთად - მრავალრიცხოვანნი ქვიშასავით, რომელიც ზღვის სანაპიროზეა; უამრავი ცხენითა და ეტლით.
  5. 5
    შეიკრა ყველა ეს მეფე, მოვიდნენ და ერთად დაიბანაკეს მერომის წყლებთან ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად.
  6. 6
    უთხრა უფალმა იეშუას: "ნუ გეშინია მათი, რადგან ხვალ ამ დროს ისრაელიანებს ჩავუგდებ ხელში ყველას დასახოცად; მათ ბედაურებს მყესები გადაუჭერით, ეტლები კი ცეცხლში დაწვით;
  7. 7
    ანაზდეულად მივიდა იეშუა ყველა მებრძოლთან ერთად მერომის წყლებთან და თავს დაესხა მათ.
  8. 8
    ხელში ჩაუგდო უფალმა ისრაელს და ამოხოცეს ისინი, სდიეს დიდ ციდონამდე, მისრეფოთ-მაიმამდე და მიცფას ველამდე აღმოსავლეთით და ჟლეტდნენ მათ, ვიდრე აღარავინ დარჩა.
  9. 9
    ისე მოექცა მათ იეშუა, როგორც უფალმა უთხრა: ბედაურებს მყესები გადაუჭრა, ეტლები კი ცეცხლში დაწვა.
  10. 10
    მაშინ მობრუნდა იეშუა და დაიპყრო ხაცორი, მისი მეფე კი მახვილით განგმირა, რადგან უწინ ხაცორი მთავრობდა მთელ ამ სამეფოებზე.
  11. 11
    მახვილის პირით განგმირეს ყოველი სული, ვინც იქ იყო, არ დარჩენილა არცერთი; ხაცორი კი გადაწვეს.
  12. 12
    ყველა მეფე შეიპყრო იეშუამ, თითოეული თავისი ქალაქებიანად ჩაიგდო ხელში და მახვილის პირით გაანადგურა ისინი, როგორც უბრძანა მას მოსემ, უფლის მსახურმა.
  13. 13
    ყოველი ქალაქი, რომელიც მაღლობზე იდგა, არ გადაუწვავს ისრაელს, გარდა ხაცორისა, მარტო ის გადაწვა.
  14. 14
    ამ ქალაქების მთელი ნადავლი და პირუტყვი თავისთვის წამოასხეს ისრაელის ძეებმა; ადამიანები კი მახვილით განგმირეს, სანამ სრულად არ მოსპეს; არ დატოვეს არცერთი სული.
  15. 15
    როგორც ჰქონდა ნაბრძანები უფალს მოსესთვის, თავისი მსახურისთვის, ისე უბრძანა მოსემ იეშუას და ასე მოიქცა იეშუაც - შეუსრულებელი არ დაუტოვებია არცერთი სიტყვა, რაც ჰქონდა ნაბრძანები უფალს მოსესთვის.
  16. 16
    აიღო იეშუამ მთელი ეს მთიანეთი, მთელი სამხრეთის ქვეყანა და გოშენის მთელი მიწა დაბლობითა და ველებით და ისრაელის მთა და ბარი.
  17. 17
    ხალაკის მთიდან სეყირისკენ, ბაყალ-გადამდე, ლიბნის ველზე, ხერმონის მთის ძირთან; ყველა მათი მეფე შეიპყრო და ამოხოცა.
  18. 18
    მრავალი დღე ებრძოდა იეშუა ამ მეფეებს.
  19. 19
    არცერთი ქალაქი არ დაზავებულა ისრაელის ძეებთან გაბაონის მკვიდრი ხიველების გარდა: ბრძოლით აიღეს ყოველი მათგანი.
  20. 20
    რადგან უფალმა გაუქვავა გული, რათა ბრძოლაში შეხვედროდენ ისრაელს, რომ დაეხოცათ ისინი და არ ჰქონოდათ შეწყალება; ამოეჟლიტათ, როგორც უბრძანა მოსეს უფალმა.
  21. 21
    იმ დროსვე მივიდა იეშუა და ამოწყვიტა ყენაკელნი მთაში, ხებრონში, დებირში, ყანაბში, იუდასა და ისრაელის მთელ მთაზე; ქალაქებიანად ააოხრა ისინი იეშუამ.
  22. 22
    არავინ დარჩენილა ყენაკელთაგან ისრაელის ძეთა ქვეყანაში, მხოლოდ ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ.
  23. 23
    ასე დაიპყრო იეშუამ მთელი ქვეყანა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და მისცა იგი სამკვიდრებლად ისრაელს, თავისი ტომებისთვის დასანაწილებლად; და დამშვიდდა ქვეყანა ომისგან.
იტვირთება შემდეგი თავი