იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 14

  1. 1
    ეს არის, რაც დაიმკვიდრეს ისრაელის ძეებმა ქანაანის ქვეყანაში, რაც გაუნაწილეს მათ ელეაზარ მღვდელმა, იეშუა ნავეს ძემ და ისრაელის ძეთა ტომების მამამთავრებმა.
  2. 2
    წილის ყრით დაუმკვიდრეს, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს მეშვეობით, ცხრა ტომსა და ნახევარ ტომს.
  3. 3
    რადგან ორ ტომს და მენაშეს ნახევარ ტომს იორდანეს გაღმა მისცა მოსემ სამკვიდრო; ხოლო ლევიანებისთვის არ მიუცია სამკვიდრო მათ შორის.
  4. 4
    იმიტომ, რომ იოსების ძენი ორ ტომად იყვნენ: მენაშედ და ეფრემად. არ მიუციათ წილი ლევიანებისთვის ქვეყანაში, არამედ მხოლოდ ქალაქები მისცეს საცხოვრებლად და მათი შემოგარენი მინდვრები მათი საქონლისთვის და ქონებისთვის.
  5. 5
    როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ისრაელის ძეები და დაინაწილეს ქვეყანა.
  6. 6
    მივიდნენ იუდას ძენი გილგალში იეშუასთან და უთხრა მას ხალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: "შენ იცი, რაც უთხრა უფალმა მოსეს, ღვთის კაცს, კადეშ-ბარნეაყში, შენზე და ჩემზე.
  7. 7
    ორმოცი წლის ვიყავი, როცა გამგზავნა უფლის მსახურმა მოსემ, კადეშ-ბარნეაყიდან ქვეყნის დასაზვერად და ის სიტყვა მივუტანე მას, რაც გულში მქონდა.
  8. 8
    ჩემმა ძმებმა, ჩემთან ერთად რომ წამოვიდნენ, გული გაუტეხეს ხალხს; მე კი ბოლომდე მივყევი უფლის, ჩემი ღმერთის კვალს.
  9. 9
    და ასე დაიფიცა მოსემ იმ დღეს: ქვეყანა, რომელსაც ფეხი დაადგი, შენი და შენი შვილების სამკვიდრო იქნება უკუნისამდე, რადგან ბოლომდე მიჰყევი უფლის, შენი ღმერთის კვალს.
  10. 10
    აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც თქვა; ორმოცდახუთი წელი გავიდა მას მერე, რაც ეს სიტყვა უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი; ოთხმოცდახუთი წლისა ვარ დღეს.
  11. 11
    ჯერ კიდევ ძლიერი ვარ, როგორც იმ დღეს, მოსემ რომ გამგზავნა; რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ის ძალა მაქვს საომრად, გასასვლელად და შემოსასვლელად.
  12. 12
    ახლა მომეცი ეს მთა, რომელზეც თქვა იმ დღეს უფალმა; რადგან შენ მოისმინე იმ დღეს, რომ ყენაკელნი იყვნენ იქ, დიდი და გამაგრებული ქალაქებით; ეგებ უფალი იყოს ჩემთან და გავნდევნო ისინი, როგორც ბრძანა უფალმა”.
  13. 13
    აკურთხა იგი იეშუამ და მისცა ხებრონი ხალებ იეფუნეს ძეს სამკვიდროდ.
  14. 14
    ამიტომ არის ხებრონი კენიზელი ხალებ იეფუნეს ძის სამკვიდრო დღემდე, რადგან უფლის, ისრაელის ღმერთის კვალს მიჰყვა იგი.
  15. 15
    უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა, არბა სახელოვანი კაცი იყო ყენაკებს შორის. და დაისვენა ქვეყანამ ომისგან.
იტვირთება შემდეგი თავი