იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 17
- 1მენაშეს ტომსაც უყარეს წილი, რადგან იოსების პირმშო იყო; და მაქირს, მენაშეს პირმშოს, გილყადის მამას, გილყადი და ბაშანი ერგო იმის გამო, რომ მებრძოლი კაცი იყო;
- 2მენაშეს დანარჩენ ძეებსაც ერგოთ, მათი საგვარეულოების მიხედვით: აბიყეზერის, ხელეკის, ასრიელის, შექემის, ხეფერისა და შემიდას ძეებს: ესენი არიან ძენი მენაშესი, იოსების ძისა, მათი საგვარეულოებისამებრ.
- 3ცელაფხადს, ხეფერის ძეს, გილყადის, მაქირისა და მენაშეს შთამომავალს ძე არ ჰყავდა, მხოლოდ ასულნი; მისი ასულების სახელებია: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.
- 4და ამ სიტყვებით წარდგნენ ისინი ელეაზარ მღვდლის, იეშუა ნავეს ძისა და მთავართა წინაშე: "უფალმა უბრძანა მოსეს, რომ სამკვიდრებელი მოეცა ჩვენთვის ძმათა შორის”. და მიეცათ მათ, უფლის ბრძანებით, სამკვიდრებელი მათი მამის ძმებს შორის.
- 5ათი ნაკვეთი ერგო მენაშეს, გარდა გილყადისა და ბაშანის ქვეყნისა, იორდანეს მეორე მხარეს.
- 6რადგან მენაშეს ასულებმა ძეთა შორის მიიღეს სამკვიდრო, მენაშეს დანარჩენ ძეებს კი გილყადის ქვეყანა ერგოთ.
- 7მენაშეს ტომის საზღვარი აშერიდან მიქმეთათისკენ იყო, რომელიც შექემის პირდაპირაა, მარჯვნივ გრძელდებოდა იქიდან, ყენ-თაფუახის მკვიდრთაკენ.
- 8მენაშეს თაფუახის ქვეყანა ერგო, ხოლო ქალაქი თაფუახი კი მენაშეს საზღვართან - ეფრემის ძეთ ერგოთ.
- 9კანას ხევისკენ ჩამოდიოდა საზღვარი, ხევის სამხრეთით. ეს ქალაქები ეფრემის ძეთ ერგო, თუმცა მენაშეს ქალაქებს შორის იყო. მენაშეს სამკვიდრებლის საზღვარი ხევის ჩრდილოეთ მხარეს გასდევდა და ზღვასთან მთავრდებოდა.
- 10სამხრეთი ეფრემის იყო, ჩრდილოეთი კი - მენაშესი; ზღვა იყო მათი საზღვარი. ჩრდილოეთით აშერს ემიჯნებოდნენ, ხოლო აღმოსავლეთით - ისაქარს.
- 11მენაშეს სამკვიდრებელი ისაქარამდე და აშერამდე იყო: ბეთ-შეანი და მისი შემოგარენი, იბლეყამი და მისი შემოგარენი, დორის, ყენდორის, თანაქისა და მეგიდოს მკვიდრნი, თავ-თავისი შემოგარენით, ასევე ნაფეთის სამი მხარე.
- 12ვერ შეძლეს მენაშეს ძეებმა ამ ქალაქების დამკვიდრება და დარჩნენ ამ მხარეში ქანაანელები.
- 13და როცა გაძლიერდნენ ისრაელის ძენი, მოხარკეებად გაიხადეს ქანაანელნი, მაგრამ განდევნით არ განუდევნიათ.
- 14ასე უთხრეს იოსების ძეებმა იეშუას: "რატომ მოგვეცი ერთი წილი სამკვიდრო და მხოლოდ ერთი ნაკვეთი, როცა მრავალრიცხოვანი ხალხი ვართ, რადგან ასე გვაკურთხა უფალმა?”
- 15უპასუხა იეშუამ: "თუ მრავალრიცხოვანი ხალხი ხართ, ადით ფერიზელთა და რეფაიმელთა ქვეყნის ტყეში და დაიკავეთ მიწა, რადგან გევიწროებათ ეფრემის მთა”.
- 16და უთხრეს იოსების ძეებმა: "მართალია ეს მთა საკმარისი არ არის ჩვენთვის, მაგრამ რკინის ეტლი აქვს ყველა ქანაანელს, რომელიც ველზე მკვიდრობს, მათაც, ვინც ბეთ-შეანში, მის შემოგარენსა და იზრეყელის ველზე ცხოვრობენ”.
- 17ასე უთხრა იეშუამ იოსების სახლეულს, ეფრემსა და მენაშეს: "მრავალრიცხოვანი ხალხი ხარ და დიდი ძალა გაქვს, არ უნდა გქონდეს ერთი წილი;
- 18და ეს მთაც შენი გახდება, თუმცა ტყიანია იგი, გაასუფთავებ მას და ბოლომდე შენი იქნება, და ქანაანელებსაც განდევნი, თუმცა რკინის ეტლები აქვთ და ძლიერნი არიან”.
იტვირთება შემდეგი თავი