იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1შეიკრიბა ისრაელის ძეთა მთელი თემი შილოში და დადგეს იქ საკრებულო კარავი. დამორჩილებული იყო მათ წინაშე ქვეყანა.
- 2და შვიდი ტომი დარჩა ისრაელიანებში, რომელთაც სამკვიდრო ჯერ არ ჰქონდათ მიღებული.
- 3უთხრა იეშუამ ისრაელის ძეებს: "რაღას აყოვნებთ, რატომ არ მიდიხართ იმ მიწის დასამკვიდრებლად, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა?
- 4გამოარჩიეთ სამ-სამი კაცი თითო ტომიდან და მე გავგზავნი მათ. ადგებიან და მოივლიან ქვეყანას, აღწერონ მათი სამკვიდროების მიხედვით და დაბრუნდნენ ჩემთან.
- 5და დაანაწილებენ მას შვიდ ნაწილად; იუდა თავის საზღვარში დარჩეს სამხრეთით და იოსების სახლი თავის საზღვარში დარჩეს ჩრდილოეთით.
- 6აღწერეთ ქვეყანა შვიდ ნაწილად და აღწერილი აქ მომიტანეთ; მე გიყრით წილს აქ, უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე.
- 7ლევიანებს არ აქვთ წილი თქვენ შორის, რადგან უფლის მღვდლობაა მათი სამკვიდრო; გადმა, რეუბენმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით მიიღეს თავისი სამკვიდრო, რომელიც მისცა მათ მოსემ, უფლის მსახურმა”.
- 8ადგნენ და წავიდნენ კაცები. და უბრძანა იეშუამ წარგზავნილებს, რომ აღეწერათ ქვეყანა: "წადით, მოიარეთ ქვეყანა, აღწერეთ იგი და დაბრუნდით ჩემთან. აქ, შილოში, გიყრით წილს უფლის წინაშე”.
- 9წავიდნენ კაცები, მოიარეს ქვეყანა, შვიდ ნაწილად აღწერეს იგი წიგნში ქალაქების მიხედვით და დაბრუნდნენ იეშუასთან, შილოს ბანაკში.
- 10წილი ყარა მათთვის იეშუამ შილოში, უფლის წინაშე და იქ დაუნაწილა იეშუამ ისრაელის ძეებს მიწა ნაკვეთებად.
- 11ეყარა წილი ბენიამინის ძეთა ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით და წილისყრის მიხედვით იუდასა და იოსების ძეთა შორის გაიარა მათმა საზღვარმა.
- 12იორდანეს ჩრდილოეთიდან იწყება მათი საზღვარი, ადის იერიხოს ჩრდილოეთით, მიიწევს დასავლეთით მთისკენ და ბეთ-ავენის უდაბნოში მთავრდება.
- 13გადის სამხრეთით ლუზისკენ იგივე ბეთელისკენ და ყატაროთ-ადარისკენ ეშვება, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთითაა.
- 14დასავლეთისკენ უხვევს საზღვარი, მთის სამხრეთით, რომელიც ბეთ-ხორონის წინაა და კირიათ-იეყარიმთან, იუდას ძეთა ქალაქთან მთავრდება. ეს იყო დასავლეთის მხარე.
- 15სამხრეთის მხარე: კირიათ-იეყარიმთან საზღვარი ზღვისკენ გადიოდა და ნეფთოახის წყაროებამდე აღწევდა,
- 16ჩამოდის საზღვარი მთის კიდისკენ, რომელიც ბენ-ჰინომის ველის გასწვრივაა, რეფაიმის ველის ჩრდილოეთით, ჰინომის ველისკენ ეშვება და იებუსელთა სამხრეთით, ყენ-როგელში ჩადის.
- 17უხვევს ჩრდილოეთიდან და ყენ-შემეშისკენ გამოდის, ადუმიმის მაღლობის პირისპირ გელილოთისკენ მიემართება და რეუბენის ძის, ბოჰანის ქვასთან ეშვება.
- 18ჩრდილოეთის მხრიდან მოუვლის ყარაბას და ეშვება ყარაბაში.
- 19შემდეგ საზღვარი ბეთ-ხოგლასთან ჩრდილოეთისკენ გაივლის და მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთ ყურესთან ბოლოვდება, იორდანეს სამხრეთ ნაპირზე. ეს არის სამხრეთის საზღვარი.
- 20იორდანე აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა. აი, ბენიამინის ძეთა სამკვიდრო, მისი საზღვრებით, მათი საგვარეულოების მიხედვით.
- 21ბენიამინის ძეთა ტომის ქალაქები მათი საგვარეულოების მიხედვით იყო: იერიხო, ბეთ-ხოგლა და ყემეკ-კეციცი;
- 22ბეთ-ყარაბა, ცემარაიმი, ბეთელი;
- 23ყავიმი, ფარა, ყოფრა;
- 24ქეფარ-ყამონაი, ყოფნი, გებაყი - თორმეტი ქალაქი მათი სოფლებითურთ.
- 25გაბაონი, რამა, ბეეროთი;
- 26მიცფე, ქეფირა, მოცა;
- 27რეკემი, ირფეყელი, თარეალა;
- 28ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი - სულ თოთხმეტი ქალაქი, თავისი სოფლებიანად. ეს იყო ბენიამინის ძეთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
იტვირთება შემდეგი თავი