იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1მაშინ მოუხმო იეშუამ რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს ნახევარ ტომს.
- 2უთხრა მათ: "ყველაფერი შეასრულეთ, რაც მოსემ, უფლის მსახურმა გიბრძანათ და ჩემი ხმაც ისმინეთ ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით.
- 3არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები მრავალი დღის მანძილზე ამ დღემდე და იცავდით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს.
- 4ახლა კი დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის; ახლა გაბრუნდით და წადით თქვენ-თქვენს კარვებში, თქვენს სამკვიდრო მიწაზე, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მსახურმა, იორდანეს მეორე მხარეს.
- 5ოღონდ გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მსახურმა, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ მის გზებზე, დაიცვათ მისი მცნებები, ჩაეჭიდოთ და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი არსებით”.
- 6აკურთხა ისინი იეშუამ და გაუშვა; და გაბრუნდნენ თავ-თავისი კარვებისკენ.
- 7მენაშეს ტომის ნახევარს, ბაშანში მისცა მოსემ სამკვიდრო, ხოლო მის მეორე ნახევარს მათი ძმების გვერდით, იორდანეს მეორე მხარეს, დასავლეთით მისცა სამკვიდრო იეშუამ. ისინიც აკურთხა იეშუამ, როცა გაუშვა თავთავისი კარვებისკენ.
- 8უთხრა: "დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენს კარვებში, დიდძალი საქონლით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინით და დიდძალი სამოსლით; გაუნაწილეთ მტრისგან დატაცებული ნადავლი თქვენს ძმებს.
- 9დაბრუნდნენ რეუბენიანები, გადელები და მენაშეს ნახევარი ტომი ისრაელიანთაგან, სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის და წავიდნენ გილყადში, მათ სამკვიდრო ქვეყანაში, რომელიც მოსეს მეშვეობით დაიმკვიდრეს, უფლის ბრძანებისამებრ.
- 10როცა მიუახლოვდნენ იორდანეს, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია, სამსხვერპლო ააგეს რეუბენისა და გადის ძეებმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა - შესახედად დიდი სამსხვერპლო.
- 11გაიგეს ისრაელის ძეებმა და თქვეს: "აჰა, რეუბენისა და გადის ძეებმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა სამსხვერპლო ააგეს ქანაანის ქვეყანაში, იორდანეს მიდამოებში, ისრაელიანთა მხარეს”.
- 12გაიგეს ისრაელიანებმა, შეიკრიბა ისრაელის მთელი თემი სილოამში მათ წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
- 13და გაუგზავნეს ისრაელის ძეებმა რეუბენის ძეებს, გადის ძეებს და მენაშეს ნახევარ ტომს გილყადის ქვეყანაში ფინხასი, ელეაზარ მღვდლის ძე
- 14და მასთან ერთად ათი მთავარი, თითო მთავარი თითო საგვარეულოდან, ისრაელის ყველა ტომიდან. საგვარეულოს თითოეული მთავარი ათასეულის მეთაური იყო.
- 15მივიდნენ ისინი რეუბენის ძეებთან, გადის ძეებთან და მენაშეს ძეთა ნახევარ ტომთან გილყადის ქვეყანაში და უთხრეს:
- 16"ასე ამბობს უფლის მთელი თემი: რატომ უღალატეთ ისრაელის ღმერთს, რატომ აქციეთ ზურგი, რატომ აიშენეთ სამსხვერპლო და აუმხედრდით ამ დღეს უფალს?
- 17ნუთუ საკმარისი არ იყო ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვწმენდილვართ და რის გამოც მოსრა უფლის თემი სენმა?
- 18ზურგი აქციეთ დღეს უფალს და აღარ მიჰყვებით. დღეს უფალს აუმხედრდით, ხვალ კი ისრაელის მთელ თემს დაატყდება რისხვა!
- 19თუ უწმიდურად თვლით თქვენს სამკვიდრო ქვეყანას, გადადით უფლის სამკვიდრო ქვეყანაში, სადაც დაივანა უფლის სავანემ და დამკვიდრდებით ჩვენს შორის. ნუ აუმხედრდებით უფალს და ნურც ჩვენ აგვიმხედრდებით ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა სხვა სამსხვერპლოს აშენებით.
- 20განა ისრაელის მთელს თემს არ დაატეხა რისხვა ყაქან ზერახის ძემ, დარისხებულის დანაშაულის გამო?! და მარტო ის არ მომკვდარა თავისი დანაშაულისთვის”.
- 21მიუგეს რეუბენის ძეებმა, გადის ძეებმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა და უთხრეს ისრაელის ათასისთავებს:
- 22"დიადი ღმერთია უფალი, ერთადერთი ღმერთია უფალი, მან უწყის და ისრაელმაც იცოდეს! თუ უფლის წინააღმდეგ ასამხედრებლად ან საღალატოდ მოვიქეცით ასე, დღესვე დაგვრისხოს უფალმა!
- 23თუ უფლისთვის ზურგის შესაქცევად აგვეშენებინოს სამსხვერპლო, ან სრულადდასაწველი, პურეული ძღვენი ან სამშვიდობო მსხვერპლები შევწიროთ მასზე, მაშინ თავად უფალმა მოგვკითხოს!
- 24მაგრამ ჭეშმარიტად შიშის გამო მოვიქეცით ასე, რომ ხვალ თქვენმა შვილებმა არ უთხრან ჩვენს შვილებს: რა საერთო გაქვთ თქვენ უფალთან, ისრაელის ღმერთთან?
- 25საზღვრად იორდანე დადო უფალმა ჩვენსა და თქვენ შორის, რეუბენელებო და გადელებო; არა გაქვთ წილი უფალში; და აუკრძალავენ თქვენი ძეები ჩვენს ძეებს უფლისადმი მოშიშებას.
- 26ვთქვით: ავაშენოთ სამსხვერპლო არა სრულადდასაწველისთვის და არა მსხვერპლებისთვის;
- 27არამედ დასტურად იქნება იგი ჩვენსა და თქვენ შორის და ჩვენს შემდგომ თაობებს შორის, რათა ჩვენც ვემსახუროთ უფალს ჩვენი სრულადდასაწველებით, მსხვერპლებით და სამშვიდობო შესაწირებით; რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა ძეებმა ჩვენს ძეებს: არა გაქვთო წილი უფალში.
- 28ვთქვით: როცა ჩვენ და ჩვენს შემდგომ თაობებს ასე გვეტყვიან, მაშინ ვუპასუხებთ - ‘აჰა, უფლის სამსხვერპლოს მსგავსი, რომელიც სრულადდასაწველისა და მსხვერპლებისთვის კი არ ააგეს ჩვენმა მამებმა, არამედ მოწმობისთვის ჩვენსა და თქვენ შორის.’
- 29შორს იყოს ჩვენგან ასეთი საქმე! როგორ ავმხედრდებოდით უფლის წინააღმდეგ, ზურგს როგორ ვაქცევდით უფალს და როგორ ავაშენებდით სამსხვერპლოს სრულადდასაწველის, პურეული ძღვენისა და შესაწირისთვის უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა, რომელიც მისი სავანის წინაა?”
- 30და მოისმინეს ფინხას მღვდელმა, თემის მთავრებმა და მათთან მყოფმა ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა რეუბენის, გადისა და მენაშეს ძეთა ნათქვამი სიტყვები და მოიწონეს.
- 31უთხრა ფინხას ელეაზარის ძემ, მღვდელმა, რეუბენის ძეებს, გადის ძეებსა და მენაშეს ძეებს: "დღეს შევიტყვეთ, რომ ჩვენს შორისაა უფალი, რომ არ გიღალატიათ უფლისთვის და იხსენით ისრაელის ძენი უფლის ხელიდან”.
- 32დაბრუნდნენ ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი და მთავრები გილყადის ქვეყნიდან ქანაანის ქვეყანაში ისრაელის ძეებთან და მოუტანეს ამბავი.
- 33მოიწონეს ეს საქმე ისრაელის ძეებმა და აკურთხეს ისრაელის ღმერთი. აღარ უფიქრიათ გალაშქრება და იმ ქვეყნის დარბევა, სადაც მკვიდრობდნენ რეუბენიანები და გადელები.
- 34და უწოდეს რეუბენის ძეებმა და გადის ძეებმა სამხვერპლოს ყედი - "მოწმეა იგი ჩვენს შორის, რომ უფალია ღმერთი”.
იტვირთება შემდეგი თავი