იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 23
- 1მრავალი დღის შემდგომ, რაც უფალმა ყველა მისი მტრისგან მოასვენა ისრაელი ყოველი მხრიდან, მოხუცდა იეშუა და ხანში შევიდა.
- 2მოუხმო მან მთელს ისრაელს, მის უხუცესებს, ერისთავებს, მსაჯულებსა და ზედამხედველებს და უთხრა: "მოვხუცდი, ხანში შევედი,
- 3ნანახი გაქვთ ყველაფერი, რაც დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ამ ერებს თქვენ წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი თავად იბრძოდა თქვენთვის.
- 4აი, წილისყრით დაგინაწილეთ ეს დანარჩენი ერები, სამკვიდრებლად თქვენი ტომებისთვის და მოვსპე ყოველი ხალხი იორდანედან დიდ ზღვამდე, დასავლეთისკენ.
- 5უფალი, თქვენი ღმერთი, თავად განდევნის მათ თქვენგან და დაიმკვიდრებთ მათ ქვეყანას, როგორც გელაპარაკათ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 6ძლიერ განმტკიცდით, რათა დაიცვათ და აასრულოთ ყველაფერი, რაც არის ჩაწერილი მოსეს რჯულის წიგნში, ნუ გადაიხრებით მისგან ნურც მარჯვნივ, ნურც მარცხნივ,
- 7რომ არ შეერიოთ იმ ერებს, რომლებიც დარჩნენ თქვენ შორის. ნურც მოიხსენიებთ და დაიფიცებთ მათი ღმერთების სახელს; არც ემსახუროთ და არც თაყვანი სცეთ მათ.
- 8არამედ მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც დღემდე იქცეოდით.
- 9განდევნა უფალმა თქვენგან დიდი და ძლიერი ხალხები და დღემდე ვერავინ აღგიდგათ წინ.
- 10ერთი თქვენგანი ათასს განდევნის, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი იბრძვის თქვენთვის, როგორც გელაპარაკათ.
- 11ძალა დაატანეთ თქვენს თავებს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი;
- 12რადგან თუ კვლავ უკუიქცევით უფლისგან, მიეტმასნებით თქვენ შორის დარჩენილ ხალხებს, დაუმოყვრდებით და აღირევით მათთან,
- 13მაშინ, მტკიცედ იცოდეთ, რომ უფალი, თქვენი ღმერთი აღარ განდევნის ამ ხალხებს თქვენგან და მარყუჟად და მახედ გექცევიან ისინი, შოლტად თქვენი ფერდებისთვის და ეკლად თქვენი თვალებისთვის, სანამ არ მოისპობით ამ ბარაქიანი მიწიდან, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
- 14აჰა, მთელი ქვეყნის გზით მივდივარ დღეს. თქვენ კი იცოდეთ მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი გონებით, რომ არ გამტყუვნებულა არცერთი სიტყვა იმ კეთილ სიტყვათაგან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა წარმოთქვა თქვენზე; ყოველივე ასრულდა და არ გამტყუვნებულა არცერთი სიტყვა.
- 15და როგორც აგისრულდათ უფლის, თქვენი ღმერთის მიერ თქვენზე წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ისე აგისრულებთ უფალი ყოველ ბოროტ სიტყვას, ვიდრე არ განადგურდებით ამ ბარაქიან მიწაზე, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
- 16როგორც კი დაარღვევთ უფლის, თქვენი ღმერთის ნაბრძანებ აღთქმას, წახვალთ, ემსახურებით სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, მაშინ აღინთება უფლის რისხვა თქვენზე და უმალვე დაიღუპებით ამ ბარაქიანი მიწიდან, რომელიც მოგცათ თქვენ უფალმა.
იტვირთება შემდეგი თავი