იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 24
- 1შეკრიბა იეშუამ ისრაელის ყველა ტომი შექემში და მოუხმო ისრაელის უხუცესებს, ერისთავებს, მსაჯულებსა და ზემდგომებს და წარდგნენ ისინი უფლის წინაშე.
- 2უთხრა იეშუამ მთელ ხალხს, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "დასაბამიდან მდინარის გაღმა მკვიდრობდნენ თქვენი მამები - თერახი, აბრაჰამისა და ნახორის მამა და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს.
- 3მამათქვენი აბრაჰამი მდინარის გაღმიდან წამოვიყვანე და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, გავამრავლე მისი თესლი და მივეცი ისაკი.
- 4მივეცი ისაკს იაკობი და ესავი, ესავს სეყირის მთა მივეცი სამკვიდროდ, ხოლო იაკობი და მისი ძენი ეგვიპტეში ჩავიდნენ.
- 5გავგზავნე მოსე და აჰარონი და დავაწყლულე ეგვიპტე იმ სასწაულებით, რომლებიც მოვიმოქმედე მის შუაგულში; მერე გამოგიყვანეთ.
- 6გამოვიყვანე თქვენი მამები ეგვიპტიდან და მიადგნენ ზღვას; წითელ ზღვამდე მოსდევდნენ ეგვიპტელნი თქვენს მამებს ეტლებითა და მხედრებით.
- 7შეჰღაღადეს უფალს და მოავლინა წყვდიადი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, მოაქცია მათზე ზღვა და დაფარა ისინი; თქვენი თვალით ნახეთ, რაც მოვიმოქმედე ეგვიპტეში; და მკვიდრობდით უდაბნოში მრავალი დღე.
- 8მიგიყვანეთ ამორელთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ მკვიდრობდნენ. შეგებრძოლნენ, მაგრამ ხელში ჩაგიგდეთ ისინი, თქვენ დაიმკვიდრეთ მათი ქვეყანა და მე აღვგავე ისინი თქვენი პირისგან.
- 9ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, შეებრძოლა ისრაელს და მიავლინა ბილყამ ბეყორის ძის მოსახმობად, რათა დაეწყევლეთ.
- 10მაგრამ არ ვინებე ბილყამის მოსმენა და კურთხევით გაკურთხათ მან. ასე გიხსენით მისი ხელისგან.
- 11გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხოს. შეგებრძოლნენ იერიხოს პატრონები: ამორელები, ფერიზელები, ქანაანელები, ხეთელნი, გირგაშელნი, ხიველნი და იებუსელნი და ხელში ჩაგიგდეთ ისინი.
- 12კრაზანები მივუსიე და მათ განდევნეს თქვენგან ორი ამორელი მეფე, მაგრამ არა შენი მახვილით და არა შენი მშვილდით.
- 13და მოგეცით ქვეყანა, რომელზეც არ გიშრომიათ და ქალაქები, რომლებიც არ გიშენებიათ, მაგრამ თქვენ ცხოვრობთ მათში; ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც არ დაგირგავთ, მაგრამ თქვენ ჭამთ.
- 14ახლა გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; მოიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში; უფალს ემსახურეთ.
- 15და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ - იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ - ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც მკვიდრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”.
- 16მიუგო ხალხმა და თქვა: "შორს იყოს ჩვენგან ისეთი საქმე, რომ უფალი მივატოვოთ და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ!
- 17რადგან უფალია ჩვენი ღმერთი, მან ამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, მან მოიმოქმედა ჩვენს თვალწინ დიადი სასწაულები და გვიცავდა ყოველ გზაზე, რომელზეც დავდიოდით და ყველა ხალხში, რომელთა შორისაც გავიარეთ.
- 18განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორელნიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც ვემსახურებით უფალს, რადგან ისაა ჩვენი ღმერთი”.
- 19უთხრა იეშუამ ხალხს: "ვერ შეძლებთ უფლის მსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი - ეჭვიანი ღმერთია, არ გაპატიებთ დანაშაულსა და ცოდვებს.
- 20თუ მიატოვებთ უფალს და უცხო ღმერთებს დაუწყებთ მსახურებას, მოგიბრუნდებათ, ბოროტებას დაგათევთ და ბოლოს მოგიღებთ, მას შემდეგ, რაც სიკეთე გიყოთ”.
- 21უპასუხა ხალხმა იეშუას: "არა, მხოლოდ უფალს გვინდა ვემსახუროთ!”
- 22უთხრა იეშუამ ხალხს: "თქვენვე ხართ თქვენი თავის მოწმენი, რომ უფალი აირჩიეთ, რათა მას ემსახუროთ!” უპასუხეს: "მოწმენი ვართ!”
- 23"ახლა მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენ შორის რომ არიან და მომართეთ თქვენი გული უფლის, ისრაელის ღმერთისკენ”.
- 24უთხრა ხალხმა იეშუას: "უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და შევისმენთ მის ხმას”.
- 25იმ დღეს დადო იეშუამ აღთქმა ხალხთან და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში.
- 26და ჩაწერა იეშუამ ეს სიტყვები ღმერთის რჯულის წიგნში, აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა.
- 27უთხრა იეშუამ მთელ ხალხს: "აჰა, ეს ქვა იქნება მოწმედ ჩვენს წინააღმდეგ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც გვითხრა უფალმა; და იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი”.
- 28და გაუშვა იეშუამ ხალხი, თითოეული თავის სამკვიდროში.
- 29ამ ამბების შემდედ, ას ათი წლის მოკვდა იეშუა ნავეს ძე, უფლის მსახური.
- 30და დამარხეს იგი მის სამკვიდროში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომაა, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
- 31ემსახურებოდა ისრაელი უფალს იეშუას სიცოცხლის დღეებში და უხუცესთა სიცოცხლის დღეებში, რომლებიც ცხოვრობდნენ იეშუას მერე და იცოდნენ უფლის ყოველი საქმე, რომლებიც მან მოიმოქმედა ისრაელისთვის.
- 32დაკრძალეს ეგვიპტიდან ისრაელის ძეების მიერ ამოტანილი იოსების ძვლები შექემში, იმ მინდვრის ნაკვეთზე, რომელიც იოსების ძეების საკუთრება გახდა და ას კესიტად ჰქონდა ნაყიდი იაკობს შექემის მამის, ხამორის ძეთაგან.
- 33და მოკვდა ელეაზარი, აჰარონის ძე და დამარხეს იგი მისი ძის, ფინხასის ბორცვზე, რომელიც ეფრემის მთაზე მიეცა მას.