იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1როცა მთელმა ერმა გადალახა იორდანე, ასე ელაპარაკა უფალი იეშუას:
- 2"აიყვანე ხალხიდან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან.
- 3ასე უბრძანე მათ: აიღეთ აქედან, იორდანეს შუაგულიდან, სადაც მტკიცედ ედგათ ფეხი მღვდლებს, თორმეტი ქვა, თან წაიღეთ და დააწყვეთ სათევში, სადაც გაათევთ ღამეს”.
- 4და მოუხმო იეშუამ თორმეტ კაცს, ისრაელის ძეთაგან რომ გამოარჩია, თითო კაცი თითო ტომიდან.
- 5უთხრა მათ იეშუამ: "იარეთ უფლის, თქვენი ღმერთის კიდობნის წინ შუაგულ იორდანეში და თითოეულმა თქვენგანმა თითო ქვა მოიკიდეთ ზურგზე, ისრაელიანთა ტომების რიცხვის მიხედვით,
- 6რათა ნიშანი იყოს ეს თქვენ შორის; როცა გკითხავენ თქვენი ძენი, რა ქვები გაქვთო ეს,
- 7უთხარით: ‘იორდანეს წყლები გაიპო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, მისი იორდანეზე გადასვლის დროს გაიპო წყლები!‘ და იყოს ეს ქვები სამახსოვროდ ისრაელის ძეებისთვის უკუნისამდე”.
- 8ისე მოიქცნენ ისრაელის ძენი, როგორც ბრძანა იეშუამ, აიღეს თორმეტი ქვა შუაგულ იორდანედან, იეშუასადმი უფლის ნათქვამისამებრ, ისრაელიანთა ტომების რიცხვის მიხედვით, გადაიტანეს ღამის სათევში და იქ დააწყვეს.
- 9შუაგულ იორდანეშიც თორმეტი ქვა აღმართა იეშუამ, იმ ადგილას, სადაც ფეხები ედგათ მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მზიდველებს, დღემდე იქ აწყვია ის ქვები.
- 10იდგნენ კიდობნის მზიდველი მღვდლები იორდანეს შუაგულში, ვიდრე არ შესრულდა ყოველი სიტყვა, რაც უბრძანა უფალმა იეშუას ხალხისთვის სათქმელად, მოსეს ანდერძისამებრ იეშუასადმი; და ჩქარობდა ხალხი გაღმა გადასვლას.
- 11როცა მთელი ხალხი გადავიდა იორდანეს, მაშინ გადავიდნენ უფლის კიდობანი და მღვდლები ხალხის თვალწინ.
- 12რეუბენის, გადისა და მენაშეს ნახევარტომის ძეებიც გადავიდნენ იარაღასხმულნი, ისრაელის ძეთა თვალწინ, როგორც უანდერძა მათ მოსემ.
- 13ორმოცი ათასამდე იარაღასხმული კაცი გადავიდა უფლის წინაშე, იერიხოს ველზე საბრძოლველად.
- 14იმ დღეს განადიდა უფალმა იეშუა მთელი ისრაელის თვალში და სიცოცხლის ბოლომდე ეშინოდათ მისი, როგორც ეშინოდათ მოსესი.
- 15უთხრა უფალმა იეშუას:
- 16"უბრძანე აღთქმის კიდობნის მზიდველ მღვდლებს, ამოვიდნენ იორდანედან”.
- 17და უბრძანა იეშუამ მღვდლებს: "ამოდით იორდანედან!”
- 18როგორც კი ამოვიდნენ იორდანედან უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი მღვდლები და ხმელეთზე დაიდგა მათი ტერფები, დაუბრუნდა იორდანეს წყალი თავის ადგილს და უწინდელივით თავის კალაპოტში იწყო დინება.
- 19პირველი თვის მეათე დღეს ამოვიდა ხალხი იორდანედან და იერიხოს აღმოსავლეთ მხარეს, გილგალში დაბანაკდა;
- 20ის თორმეტი ქვა, იორდანედან რომ ამოიღეს, გილგალში აღმართა იეშუამ.
- 21უთხრა ისრაელის ძეებს: "ოდესმე, რომ გკითხავენ თქვენი შვილები, ეს რა ქვებიაო,
- 22ასე აუწყეთ თქვენს ძეებს: მშრალად გადალახა-თქო ისრაელმა იორდანე.
- 23რადგან დააშრო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, იორდანეს წყლები თქვენ წინაშე, ვიდრე გადავლახავდით მას, როგორც დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, წითელ ზღვას, რომელიც დააშრო ჩვენ წინაშე, ვიდრე არ გადავლახეთ;
- 24რათა დედამიწის ყველა ხალხმა გაიგოს უფლის ხელის ამბავი, რადგან ძლიერია იგი და მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა.
იტვირთება შემდეგი თავი