იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1როცა, იორდანეს გამოღმა, დასავლეთისკენ მცხოვრები ამორელებისა და ზღვისპირა ქანაანელების მეფეებმა გაიგეს, როგორ დააშრო უფალმა იორდანეს წყლები ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე გადალახავდნენ, შეუკრთათ გული და მხნეობა აღარ შერჩათ ისრაელის ძეთა წინააღმდეგ.
- 2უთხრა უფალმა იმ დროს იეშუას: "გაიკეთე ბასრი დანები და კვლავ წინადაცვითე ისრაელის ძენი”.
- 3გაიკეთა იეშუამ ბასრი დანები და წინადაცვითა ისრაელის ძენი, ჩუჩის ბორცვთან.
- 4აი, რის გამო წინადაცვითა იეშუამ: ყოველი მამრი, ბრძოლისუნარიანი, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა, უდაბნოს გზაზე დაიხოცა, მას მერე, რაც გამოვიდნენ ეგვიპტიდან.
- 5წინადაცვეთილი იყო ეგვიპტიდან ყოველი გამომსვლელი, ხოლო ყველა, ვინც გამოსვლის შემდეგ დაიბადა უდაბნოში, არ ყოფილა წინადაცვეთილი.
- 6რადგან ორმოცი წელი იარეს ისრაელიანებმა უდაბნოში, ვიდრე არ დაიხოცა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომლებიც ეურჩნენ უფლის ხმას, რისთვისაც დაიფიცა უფალმა, რომ ვერ იხილავდნენ მიწას, რომელიც აღუთქვა მათ მამებს, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
- 7ამ ურჩი თაობის ნაცვლად მათი ძენი აღზარდა; სწორედ ესენი წინადაცვითა იეშუამ, რადგან წინადაუცვეთელნი იყვნენ ისინი, იმის გამო, რომ ვერ დაცვეთდნენ გზაში.
- 8დაასრულა მთელმა ხალხმა წინადაცვეთა და დარჩნენ განკურნებამდე თავის ადგილებზე ბანაკში.
- 9უთხრა უფალმა იეშუას: "დღეს მოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილი”. და დღემდე ამიტომ ეწოდება ამ ადგილს სახელად გილგალი.
- 10დაიბანაკეს ისრაელის ძეებმა გილგალში და აღასრულეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოს, იერიხოს ველებზე.
- 11პასექის მეორე დღეს კი ჭამეს ამ მიწის ნაყოფთაგან ხმიადი და იმავე დღეს - მოხალული მარცვლეული;
- 12და შეწყდა მანნა მას შემდეგ, მეორე დღეს, რაც შეჭამეს მიწის ნაყოფი; აღარ ყოფილა ისრაელიანთათვის მანნა და ჭამდნენ იმ წელს ქანაანის მოსავალს.
- 13აღაპყრო იეშუამ თვალი იერიხოში ყოფნისას და აჰა, კაცი იდგა მის წინაშე და გაშიშვლებული მახვილი ეპყრა ხელთ; წავიდა იეშუა მისკენ და ჰკითხა: "ჩვენიანი ხარ, თუ მოწინააღმდეგე?”
- 14უპასუხა: "არა, უფლის მხედრობის თავი ვარ, ახლა მოვედი”. პირქვე დაემხო იეშუა მიწაზე, თაყვანი სცა და უთხრა: "რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?”
- 15უთხრა იეშუას უფლის მხედრობის თავმა: "გაიხადე ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდაა”. ასეც მოიქცა იეშუა.
იტვირთება შემდეგი თავი