იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1ჩაიკეტა იერიხო და დახშული იყო ისრაელიანთა გამო: ვერავინ გამოდიოდა იქიდან და ვერავინ შედიოდა იქ.
- 2უთხრა უფალმა იეშუას: "ნახე, ხელში ჩაგაგდებინე იერიხო და მისი მეფე, თავისი ძლიერი მებრძოლებით.
- 3გარს შემოუარეთ ქალაქს და ყველამ, ვისაც ბრძოლა შეუძლია, ერთხელ შემოავლეთ წრე. ასე უარეთ ექვსი დღის მანძილზე;
- 4და შვიდი მღვდელი, ვერძის რქის შვიდი ბუკით ივლის კიდობნის წინ. მეშვიდე დღეს შვიდჯერ შემოუარეთ ქალაქს და სცენ ბუკი მღვდლებმა.
- 5როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქებს და გაიგონებთ ბუკის ხმას, დასცეს დიდი ყიჟინა მთელმა ხალხმა, იქვე ჩაიქცევა ქალაქის კედელი და ავა მასზე ხალხი, თითოეული თავისი მხრიდან”.
- 6მოუხმო იეშუა ნავეს ძემ მღვდლებს და უთხრა: "ასწიეთ აღთქმის კიდობანი და ატაროს შვიდმა მღვდელმა ვერძის რქის შვიდი საყვირი უფლის კიდობნის წინ!”
- 7უთხრა ხალხს: "წადით და გარს შემოუარეთ ქალაქს, ხოლო შეიარაღებულებმა უფლის კიდობნის წინ იარონ”.
- 8როგორც კი ეს უთხრა ხალხს იეშუამ, წავიდა შვიდი მღვდელი, ვერძის რქის შვიდ ბუკს რომ დაატარებდა და ჩაჰბერეს ბუკებს, უკან მიჰყვებოდა მათ უფლის აღთქმის კიდობანი.
- 9წინ შეიარაღებული კაცები მიუძღოდნენ მღვდლებს, რომლებიც ბუკებს სცემდნენ, მათ უკან მომავალნი კი კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზად განუწყვეტლივ ბუკს აყვირებდნენ.
- 10ასე უბრძანა ხალხს იეშუამ: "ნუ აიმაღლებთ და ნურავის გააგონებთ თქვენს ხმას, სიტყვა არ დაგცდეთ ბაგიდან იმ დღემდე, ვიდრე არ გეტყვით: დაეცით ყიჟინა! მაშინ დასცემთ ყიჟინას”.
- 11და შემოუარეს უფლის კიდობნით ქალაქს, ერთი წრე დაარტყეს; შემდეგ დაბრუნდნენ ბანაკში და იქ გაათიეს.
- 12ადგა დილაადრიანად იეშუა და წაიღეს მღვდლებმა უფლის კიდობანი.
- 13და შვიდი მღვდელი, რომელთაც უფლის კიდობნის წინ ვერძის რქის შვიდი ბუკი მოჰქონდათ, გზად განუწყვეტლივ ბუკს აყვირებდა, წინ შეიარაღებული კაცები მიუძღოდნენ, მათ უკან მომავალნი კი კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზად განუწყვეტლივ ბუკს აყვირებდნენ.
- 14მეორე დღესაც ერთხელ შემოუარეს ქალაქს და დაბრუნდნენ ბანაკში; ასე აკეთებდნენ ექვს დღეს.
- 15მეშვიდე დღეს ადრე ადგნენ, განთიადისას, და იმავე წესით შვიდჯერ შემოუარეს ქალაქს. მხოლოდ ამ დღეს შემოუარეს ქალაქს შვიდჯერ.
- 16და მეშვიდე ჯერზე, როცა ჩაჰბერეს მღვდლებმა რქის ბუკებს, უთხრა იეშუამ ხალხს: "დაეცით ყიჟინა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა ეს ქალაქი!
- 17უფლისთვის დარისხდება ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია, მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან დამალა ჩვენი გაგზავნილი მსტოვრები.
- 18ერიდეთ დარისხებულს, რომ თავი არ დაირისხოთ. არაფერი აიღოთ დარისხებულიდან, არ შეაჩვენოთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე.
- 19მთელი ვერცხლი და ოქრო, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი წმიდაა უფლისთვის, უფლის საგანძურში უნდა შევიდეს”.
- 20ახმაურდა ხალხი და ბუკებსაც ჩაჰბერეს. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და იქვე ჩაიქცა კედელი; ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი მხრიდან, და აიღეს ქალაქი.
- 21მახვილის პირით მოსრეს ქალაქში ყოველივე, რაც დარისხებული იყო: მამაკაცი და დედაკაცი, ჭაბუკი და მოხუცებული, ხარი, ცხვარი და სახედარი.
- 22უთხრა იეშუამ ქვეყნის დასაზვერად გაგზავნილ კაცებს: "მიდით იმ მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ იქიდან ის და ყველა, ვინც მასთანაა, როგორც შეჰფიცეთ”.
- 23მივიდნენ მზვერავი ჭაბუკები და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი, დედამისი, ძმა და ყველა, ვინც ჰყავდა და დატოვეს ისრაელის ბანაკის გარეთ,
- 24ხოლო ქალაქი და ყოველივე, რაც მასში იყო, ცეცხლით გადაბუგეს; მხოლოდ ვერცხლი და ოქრო, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი დადეს უფლის სახლის საგანძურში.
- 25რახაბ მეძავი, მამამისის სახლეული და ყველა, ვინც მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იეშუამ და დამკვიდრდა ის ისრაელში დღემდე, რადგან დამალა მსტოვრები, რომლებიც იერიხოს დასაზვერად გაგზავნა იეშუამ.
- 26ასეთი წყევლა წარმოთქვა მაშინ იეშუამ: "წყეული იყოს უფლის წინაშე კაცი, რომელიც ადგება და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხოს: თავის პირმშოზე დააფუძნოს მისი საძირკველი და თავის უმცროსზე დადგას მისი კარიბჭე”.
- 27უფალი იყო იეშუასთან და განითქვა მისი სახელი მთელ ქვეყანაში.
იტვირთება შემდეგი თავი