იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 7

  1. 1
    მაგრამ ორგულად მოიქცნენ ისრაელის ძენი დარისხებულის მიმართ; და აიღო დარისხებულისგან ყაქანმა, ქარმის ძემ, ზაბდის ძემ, ზერახის შთამომავალმა იუდას ტომიდან; და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეებზე.
  2. 2
    წარგზავნა იეშუამ კაცები იერიხოდან ჰაღაისკენ, რომელიც ბეთავენის მახლობლად, ბეთელის აღმოსავლეთით იყო და უთხრა: "ადით და დაზვერეთ ქვეყანა”. ავიდნენ კაცები და დაზვერეს ჰაღაი.
  3. 3
    დაბრუნდნენ იეშუასთან და უთხრეს: "ნუ წავა მთელი ხალხი; ორი ან სამი ათასი კაცი ავიდეს და მოსრას ჰაღაი; ნუ გარჯი მთელ ხალხს, რადგან მცირედნი არიან ისინი”.
  4. 4
    ავიდა სამი ათასამდე კაცი ხალხიდან, მაგრამ უკუაქციეს ჰაღაის კაცებმა;
  5. 5
    დახოცეს მათგან ოცდათექვსმეტამდე ჰაღაის კაცებმა, კარიბჭიდან შებარიმამდე სდიეს და გაწყვიტეს მთის დამრეცზე; დაუდნა ხალხს გული, წყალივით გაუხდა.
  6. 6
    შემოიხია იეშუამ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ საღამომდე და მტვერი დაიყარა თავზე ისრაელის უხუცესებთან ერთად.
  7. 7
    მოსთქვამდა იეშუა: "ვაი, უფალო ღმერთო! რად გადმოალახვინე ამ ხალხს იორდანე, რათა ამორელთა ხელში ჩაგეგდო და დაგეღუპა? ნეტა იორდანეს გაღმა დამკვიდრება გვერჩია!
  8. 8
    გემუდარები, უფალო, რაღა ვთქვა, მას შემდეგ, რაც ზურგი აქცია ისრაელმა თავის მტრებს?
  9. 9
    გაიგებენ ქანაანელნი და ამ მიწის ყველა მკვიდრნი, გარს შემოგვადგებიან და წარხოცენ ჩვენს სახელს დედამიწის პირიდან. შენს დიად სახელს რაღას უზამ?”
  10. 10
    უთხრა უფალმა იეშუას: "ადექი, რას დამხობილხარ პირქვე?!
  11. 11
    შესცოდა ისრაელმა და დაარღვია ჩემი აღთქმაც, რომელიც ვამცნე; დარისხებულიდან აიღეს, კიდეც მოიპარეს, გადამალეს და თავის ჭურჭელთან დადეს.
  12. 12
    ამიტომ ვერ შეძლეს ისრაელის ძეებმა მტრებთან გამკლავება და ზურგი აქციეს მათ, რადგან თვითონ შეიქნენ დარისხებულნი; აღარ ვიქნები თქვენთან თუ არ ამოშანთავთ დარისხებულს თქვენი წიაღიდან.
  13. 13
    ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი განიწმიდენით-თქო ხვალისთვის, რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: დარისხებულია შენს შორის, ისრაელ; ვერ შეძლებ მტერთან გამკლავებას, ვიდრე არ მოიშორებ დარისხებულს წიაღიდან.
  14. 14
    დილას ტომებად დადექით და ტომი, რომელსაც დაიკავებს უფალი, დადგეს საგვარეულოების მიხედვით; საგვარეულო, რომელსაც დაიკავებს უფალი, დადგეს სახლეულების მიხედვით; სახლეული, რომელსაც დაიკავებს უფალი, დადგეს კაცების მიხედვით.
  15. 15
    ცეცხლით დაიწვას დარისხებულის დატაცებაში მხილებული, ის და ყოველივე, რაც მისია, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და ურჩობა გამოიჩინა ისრაელში”.
  16. 16
    ადგა იეშუა დილით და დააყენა ისრაელი ტომებად; დაკავდა იუდა.
  17. 17
    გამოვიდა იუდას ტომი და დაკავდა ზერახის საგვარეულო. გამოვიდა სახლეულებით ზერახის საგვარეულო და დაკავდა ზაბდი.
  18. 18
    სათითაოდ გამოიყვანა მამაკაცები მისი სახლეულიდან და დაკავდა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზაბდისა, ზერახის შთამომავალი, იუდას ტომიდან.
  19. 19
    უთხრა იეშუამ ყაქანს: "შვილო, დიდება მიაგე უფალს, ისრაელის ღმერთს, აღიარე მის წინაშე და მითხარი, რა ჩაიდინე, ნუ დამიმალავ”.
  20. 20
    მიუგო ყაქანმა იეშუას: "ჭეშმარიტად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს, ცუდად მოვიქეცი:
  21. 21
    დავინახე ნადავლში შინყარის ერთი მშვენიერი მოსასხამი, ორასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათ შეკელიანი ოქროს ზოდი, მომინდა და ავიღე; აჰა, ჩემს კარავში, მიწაშია ჩამარხული, ვერცხლი კი მის ქვეშაა”.
  22. 22
    წარგზავნა იეშუამ შიკრიკნი და გაიქცნენ კარვისკენ; და აჰა, ყაქანის კარავშია დამალული, ვერცხლი კი - მის ქვეშაა.
  23. 23
    წამოიღეს კარვიდან, მიუტანეს იეშუას, ყველა ისრაელიანს და დაყარეს უფლის წინაშე.
  24. 24
    წაიყვანა იეშუამ ყაქანი, ზერახის ძე, თავისი ვერცხლით, მოსასხამითა და ოქროს ზოდით, ასევე მისი ძეები და ასულები, ხარი, სახედარი, ცხვარი, კარავი და ყოველივე, რაც გააჩნდა; მთელი ისრაელი ახლდა თან; და გაიყვანეს ყაქორის ველზე.
  25. 25
    უთხრა იეშუამ: "რად დაგვატეხე უბედურება? დღესვე დაგატეხს უბედურებას უფალი”. და ქვით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა და ცეცხლით დაწვეს, მას შემდეგ, რაც ჩაქოლეს.
  26. 26
    ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს, რომელიც დღემდე დგას; და დაცხრა უფლის მძვინვარე რისხვა. დღემდე ამიტომ ეწოდება იმ ადგილს ყაქორის ველი.
იტვირთება შემდეგი თავი