იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 8

  1. 1
    უთხრა უფალმა იეშუას: "ნუ გეშინია და ნურც შეძრწუნდები; თან წაიყვანე მთელი მებრძოლი ხალხი, ადექი და ადი ჰაღაიზე. ნახე, შენს ხელთ ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, ქალაქი და ქვეყანა.
  2. 2
    იგივე დამართე ჰაღაის და მის მეფეს, რაც იერიხოსა და მის მეფეს დამართე, მხოლოდ ნადავლი და პირუტყვი წამოასხით თქვენთვის. საფარი მოიწყვეთ ქალაქის უკან”.
  3. 3
    ადგა იეშუა და მთელი მებრძოლი ხალხი ჰაღაიზე დასაცემად; ამოარჩია იეშუამ ოცდაათი ათასი მაგარი ვაჟკაცი და ღამით გაგზავნა.
  4. 4
    უბრძანა: "აჰა, საფარი უნდა მოაწყოთ ქალაქის წინააღმდეგ, ქალაქის უკან; შორს ნუ გასცდებით ქალაქს; ყველანი მზად იყავით;
  5. 5
    მე და ჩემთან მყოფი ხალხი, ქალაქს მივადგებით; როგორც კი მაშინდელივით გამოვლენ ჩვენს წინააღმდეგ, გავექცევით.
  6. 6
    დაგვედევნებიან, ქალაქიდან გამოვიყვანთ, რადგან იტყვიან, მაშინდელივით გარბიანო და ჩვენც გავიქცევით.
  7. 7
    მაშინ ადგებით საფარიდან და დაეუფლებით ქალაქს; ხელში ჩაგაგდებინებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი.
  8. 8
    ქალაქს რომ დაიპყრობთ, ცეცხლი წაუკიდეთ, უფლის სიტყვისამებრ მოიქეცით; აჰა, ნაბრძანები მაქვს”.
  9. 9
    გაგზავნა ისინი იეშუამ და ჩასხდნენ საფარში, ბეთელსა და ჰაღაის შორის, ჰაღაის დასავლეთით. ხალხთან გაათია ის ღამე იეშუამ.
  10. 10
    ადგა იეშუა დილაადრიანად, დაათვალიერა ხალხი და წაუძღვა ჰაღაისკენ ისრაელის უხუცესებთან ერთად.
  11. 11
    ავიდნენ მასთან მყოფი მებრძოლები, მიუახლოვდნენ, გაუსწორდნენ ქალაქს და დაბანაკდნენ ჰაღაის ჩრდილოეთით. ხევი იყო ჰაღაისა და მათ შორის.
  12. 12
    აიყვანა ხუთი ათასამდე კაცი და ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით ჩაასაფრა.
  13. 13
    ქალაქის ჩრდილოეთით დაბანაკდა მთელი ხალხი, ჩასაფრებული რაზმი კი - ქალაქის უკან, დასავლეთით; იმ ღამეს შუაგულ ველზე გავიდა იეშუა.
  14. 14
    როგორც კი დაინახა ეს ჰაღაის მეფემ, ისწრაფეს, ადრიანად ადგნენ ქალაქის კაცები და გამოვიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის და მთელი მისი ხალხი, დანიშნულ დროს, ყარაბას წინ; არ იცოდა, რომ ქალაქის უკან მტერი იყო ჩასაფრებული.
  15. 15
    თითქოს დამარცხდნენო, უკუიქცნენ მათგან იეშუა და მთელი ისრაელი, უდაბნოსკენ მიმავალი გზით.
  16. 16
    ყიჟინა დასცა ჰაღაიში მყოფმა ხალხმა, ერთად შეიყარნენ და გამოედევნენ იეშუას; მოსწყდნენ ქალაქს.
  17. 17
    კაცი არ დარჩა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ დადევნებოდა, ღია დატოვეს ქალაქი და ისრაელს დაედევნენ.
  18. 18
    უთხრა უფალმა იეშუას: "გაიწოდე ჰაღაიზე შუბი, ხელში რომ გიჭირავს, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას”. და გაიწოდა იეშუამ შუბი, ხელში რომ ეჭირა, ქალაქისკენ.
  19. 19
    როდესაც გაიწოდა ხელი იეშუამ, საჩქაროდ წამოიმართნენ ჩასაფრებულნი თავისი ადგილიდან, სირბილით შეცვივდნენ ქალაქში, დაიპყრეს და მაშინვე ცეცხლი წაუკიდეს.
  20. 20
    უკან მოიხედეს ჰაღაის კაცებმა და დაინახეს, რომ ქალაქიდან ასული კვამლი ცას სწვდებოდა, აღარ შერჩათ გასაქცევი ძალა, არც იქით და არც აქეთ, უდაბნოსკენ გაქცეული ხალხი კი მდევრებს შემოუბრუნდა.
  21. 21
    დაინახა იეშუამ და მთელმა ისრაელმა, რომ ჩასაფრებულებმა აიღეს ქალაქი და კვამლი ასდის ქალაქს, მობრუნდნენ და მოსრეს ჰაღაის კაცები.
  22. 22
    ისინიც გამოვიდნენ ქალაქიდან მათ შესახვედრად და ისრაელიანებს შორის აღმოჩდნენ ჰაღაელნი, ზოგი აქეთ, ზოგი იქით; მუსრეს ისინი და არავინ გაუშვეს ცოცხალი,
  23. 23
    ჰაღაის მეფე კი ცოცხლად შეიპყრეს და მიჰგვარეს იეშუას.
  24. 24
    როცა დაასრულა ისრაელმა ყოველი ჰაღაელის მუსვრა ველზე და უდაბნოში, სადამდეც სდიეს და დაეცა ყველა მახვილის პირით, მაშინ გაბრუნდა ისრაელი ჰაღაისკენ და შემუსრა იგი მახვილით.
  25. 25
    იმ დღეს ჰაღაის მცხოვრებთაგან თორმეტი ათასი სული, მამაკაცი და დედაკაცი დაეცა.
  26. 26
    იეშუას მანამდე არ დაუშვია შუბგაწვდილი ხელი, ვიდრე არ ამოწყდა ჰაღაის ყველა მცხოვრები.
  27. 27
    მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი დაიტაცა ისრაელმა ამ ქალაქიდან, უფლის ბრძანების მიხედვით, როგორც უბრძანა იეშუას.
  28. 28
    გადაწვა იეშუამ ჰაღაი და სამარადისო ნანგრევებად, უკაცრიელ ადგილად აქცია იგი დღემდე.
  29. 29
    ჰაღაის მეფე ხეზე ჩამოკიდა საღამომდე, მზის ჩასვლისას ბრძანა იეშუამ და ჩამოხსნეს მისი გვამი, ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს და ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
  30. 30
    მაშინ აუგო იეშუამ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე,
  31. 31
    როგორც უბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელის ძეებს. ისე ააგო, როგორც რჯულის წიგნში ეწერა მოსეს, სამსხვერპლო მთლიანი ქვებისგან, რომლებზეც რკინა არ აღმართულა; მასზე აღუვლინეს უფალს სრულადდასაწველები და შესწირეს სამშვიდობო მსხვერპლი.
  32. 32
    და გადაწერა იეშუამ იმ ქვებზე მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მოსეს ისრაელის ძეთა წინაშე.
  33. 33
    მთელი ისრაელი, მისი უხუცესები, ზემდგომნი და მისი მსაჯულები აქეთ-იქით ედგნენ კიდობანს, უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი ლევიანი მღვდლების პირდაპირ, როგორც ხიზანი ასევე მკვიდრი. ერთი ნახევარი გერიზიმის მთის პირდაპირ იდგა, მეორე ნახევარი - ღებალის მთის პირდაპირ, როგორც ადრე ბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელის საკურთხებლად.
  34. 34
    ამის შემდეგ წაიკითხა იეშუამ რჯულის ყველა სიტყვა, კურთხევა და წყევლა, ყოველივე, როგორც რჯულის წიგნშია ჩაწერილი.
  35. 35
    არ დარჩა სიტყვა მოსეს ნაბრძანებიდან, რომ არ წაეკითხა იეშუას მთელი კრებულის წინაშე, დედაკაცების, პატარების და ხიზნების წინაშე, რომლებიც ცხოვრობდნენ მათ შორის.
იტვირთება შემდეგი თავი