მსაჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თავი 1

  1. 1
    ჰკითხეს უფალს ისრაელის ძეებმა იეშუას გარდაცვალების შემდეგ: "ჩვენგან პირველი ვინ გავა ქანაანელებთან საომრად?”
  2. 2
    თქვა უფალმა: "იუდა გავა; აჰა, მას ჩავუგდე ხელში ის მიწა”.
  3. 3
    უთხრა იუდამ სიმონს, თავის ძმას: "გამოდი ჩემთან ქანაანელებთან საომრად, ჩემს წილხვედრში, მე კი შენს წილხვედრში გამოგყვები”. და გაჰყვა სიმონი.
  4. 4
    გავიდა იუდა და ხელში ჩაუგდო უფალმა ქანაანელნი და ფერიზელნი, ბეზეკში მოსრა ისინი, ათი ათასი კაცი.
  5. 5
    იქ შეხვდნენ ადონი-ბეზეკს, შეებრძოლნენ და მოსრეს ქანაანელნი და ფერიზელნი ბეზეკში,
  6. 6
    გაიქცა ადონი-ბეზეკი; დაედევნენ მას, შეიპყრეს და ცერები მოჰკვეთეს ხელ-ფეხზე.
  7. 7
    ამბობდა ადონი-ბეზეკი: "ხელ-ფეხზე ცერმოკვეთილი სამოცდაათი მეფე ჩემი მაგიდის ქვეშ აგროვებდა ნარჩენებს; ჩემი ნამოქმედარისამებრ მომაგო ღმერთმა”. წაიყვანეს იგი იერუსალიმში და იქ მოკვდა.
  8. 8
    შეებრძოლნენ იუდას ძენი იერუსალიმს, დაიპყრეს და მოსრეს იგი მახვილის პირით, ქალაქი კი ცეცხლს მისცეს.
  9. 9
    ამის მერე მთებში, ნეგებსა და დაბლობზე მცხოვრებ ქანაანელებთან საბრძოლველად გავიდნენ იუდას ძენი.
  10. 10
    გაილაშქრა იუდამ ხებრონში დამკვიდრებულ ქანაანელებზე; უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა; და განგმირეს შეშაი, ახიმანი და თალმაი.
  11. 11
    იქიდან დებირის მკვიდრთა წინააღმდეგ გავიდნენ; უწინ დებირს კირიათ-სეფერი ერქვა.
  12. 12
    თქვა ხალებმა: "ვინც გაილაშქრებს კირიათ-სეფერზე და დაიპყრობს, ჩემს ასულს, ყაქსას შევრთავ ცოლად”.
  13. 13
    და დაიპყრო ქალაქი ღოთენიელმა, ხალების უმცროსი ძმის, კენაზის ძემ და მიათხოვა მას ყაქსა, თავისი ასული.
  14. 14
    ერთხელ, ხალებთან მისვლისას, წააქეზა იგი, რომ მინდორი გამოეთხოვა თავისი მამისგან. და როცა ყაქსა სახედრიდან ჩამოხდა, ჰკითხა ხალებმა: "რა გინდა?”
  15. 15
    მიუგო: "მომეცი კურთხევა, რაკი ნეგების ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყაროებიც მომეცი”. და მისცა ხალებმა როგორც ზედა, ისე ქვედა წყაროები.
  16. 16
    და გამოყვნენ იუდას ძეებს კენიელი ითროს, მოსეს სიმამრის ძენი, პალმების ქალაქიდან იუდას უდაბნოში, რომელიც ყარადის სამხრეთითაა. წავიდნენ და დამკვიდრდნენ იმ ხალხს შორის.
  17. 17
    წაჰყვა იუდა სიმონს, თავის ძმას, და მოსრეს ქანაანელნი, ცეფათის მკვიდრნი, ააოხრეს ის ქალაქი და უწოდეს სახელად ხორმა.
  18. 18
    დაიპყრო იუდამ ღაზა და მისი შემოგარენი, აშკელონი და მისი შემოგარენი, ყეკრონი და მისი შემოგარენი.
  19. 19
    უფალი იყო იუდასთან და დაიმკვიდრა მთა, ხოლო ბარის მკვიდრთა განდევნა ვერ შეძლო, რადგან რკინის ეტლები ჰქონდათ.
  20. 20
    მისცეს ხალებს ხებრონი მოსეს ნათქვამისამებრ და ყენაკის სამივე ძე განდევნა იქიდან.
  21. 21
    ხოლო იერუსალიმის მკვიდრი იებუსელნი არ განდევნეს ბენიამინის ძეებმა და დღემდე მკვიდრობენ იებუსელნი ბენიამინის ძეთა შორის იერუსალიმში.
  22. 22
    შეუტია ბეთელს იოსების სახლმა და უფალი იყო მასთან.
  23. 23
    და გააგზავნა იოსების სახლმა მზვერავები ბეთელს; ამ ქალაქს უწინ ლუზი ერქვა.
  24. 24
    დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი და უთხრეს: "გვიჩვენე როგორ შევიდეთ ამ ქალაქში და წყალობით მოგექცევით”.
  25. 25
    უჩვენა ქალაქში შესასვლელი და მოსრეს ქალაქი მახვილის პირით, ხოლო ის კაცი და მთელი მისი ოჯახი გაუშვეს.
  26. 26
    წავიდა ეს კაცი ხეთელთა ქვეყანაში, ააშენა ქალაქი და უწოდა მას ლუზი. დღემდე შემორჩა მას ეს სახელი.
  27. 27
    არც ბეთ-შეანისა და მისი შემოგარენის, თაყანაქისა და მისი შემოგარენის, დორისა და მისი შემოგარენის, იბლეყამისა და მისი შემოგარენის, მეგიდოსი და მისი შემოგარენის მკვიდრნი განდევნა მენაშემ და ინებეს ქანაანელებმა ამ ქვეყანაში დარჩენა.
  28. 28
    როცა გაძლიერდა ისრაელი, თავის მოხარკედ აქცია ქანაანელები, მაგრამ ვერ განდევნა.
  29. 29
    არც ეფრემმა აყარა გაზერის მკვიდრი ქანაანელნი და მკვიდრობდნენ ქანაანელები მათ შორის, გაზერში.
  30. 30
    არც ზებულონმა განდევნა კიტრონის და ნაჰალალის მკვიდრნი; დარჩნენ ქანაანელნი მათ შორის და იქცნენ მოხარკედ.
  31. 31
    არც აშერმა განდევნა ყაქოს და ციდონის, ახლაბის, აქზიბის, ხელბას, აფეკისა და რეხობის მკვიდრნი.
  32. 32
    მკვიდრობდა აშერი ქანაანში, ამ ქვეყნის მკვიდრთა შორის, რადგან არ განდევნა ისინი.
  33. 33
    ნაფთალმაც არ აყარა ბეთ-შემეშისა და ბეთ-ყანათის მკვიდრნი; ქანაანში, ამ ქვეყნის მკვიდრთა შორის დამკვიდრდა და მოხარკეებად გაიხადა ბეთ-შემეშისა და ბეთ-ყანათის მკვიდრნი.
  34. 34
    ავიწროებდნენ ამორელნი დანის ძეებს მთაში, არ აძლევდნენ ბარში ჩასვლის უფლებას.
  35. 35
    ამორელებმა კი ხერესის მთაზე ინებეს დამკვიდრება, აიალონსა და შაყალბიმში; მაგრამ დამძიმდა იოსების სახლის ხელი მათზე და მოხარკეებად გაუხდნენ ისინი.
  36. 36
    კლდიდან ზემოთ, ყაკრაბიმის მაღლობისკენ იყო ამორელთა საზღვარი.
იტვირთება შემდეგი თავი