მსაჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 2

  1. 1
    ამოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და თქვა: "გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც აღვუთქვი თქვენს მამებს და ვთქვი: უკუნისამდე არ გავაუქმებ თქვენთან დადებულ აღთქმას.
  2. 2
    ოღონდ ნუ შეკრავთ კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან და დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები-მეთქი, მაგრამ თქვენ არ ისმინეთ ჩემი ხმა. რატომ მოიქეცით ასე?
  3. 3
    ისიც გითხარით, აღარ განვდევნი-მეთქი მათ თქვენგან, მარყუჟად იქნებიან ისინი თქვენთვის და მახედ გექცევიან მათი ღმერთები.
  4. 4
    როცა უფლის ანგელოზი ამ სიტყვებს ეუბნებოდა ისრაელს, ხმა აღიმაღლა ხალხმა და ატირდა.
  5. 5
    და უწოდეს ამ ადგილს სახელად ბოქიმი (მტირალნი) და მსხვერპლი შესწირეს უფალს.
  6. 6
    გაუშვა იეშუამ ხალხი და წავიდნენ ისრაელის ძენი, თითოეული თავის წილხვედრ მიწაზე, რათა დაემკვიდრებინათ იგი.
  7. 7
    უფალს ემსახურებოდა ხალხი იეშუასა და იმ უხუცესთა მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომლებიც იეშუას შემდგომ იყვნენ და ნახეს უფლის ყველა დიადი საქმე, ისრაელისთვის რომ აღასრულა.
  8. 8
    გარდაიცვალა იეშუა ნავეს ძე, უფლის მსახური, ას ათი წლისა.
  9. 9
    და დაკრძალეს იგი თავის სამკვიდროში, თიმნათ-ხერესში, ეფრემის მთაზე, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
  10. 10
    მთელი ის თაობაც შეუერთდა თავის მამა-პაპას და მათ შემდგომ მოვიდა სხვა თაობა, რომელიც არც უფალს იცნობდა და არც იმ საქმეებს, რომლებიც მან მოიმოქმედა ისრაელისათვის.
  11. 11
    ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ბაყალებს ემსახურებოდნენ.
  12. 12
    და მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, მათ ირგვლივ რომ იყვნენ, თაყვანს სცემდნენ მათ და აჯავრებდნენ უფალს.
  13. 13
    მიატოვეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაყალსა და ყაშთაროთებს.
  14. 14
    აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე, ხელში ჩაუგდო მძარცველებს და მათაც ძარცვეს იგი; ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.
  15. 15
    და ყველგან, სადაც კი გავიდოდნენ, უფლის ხელი მათ წინააღმდეგ იყო საბოროტოდ, როგორც უთხრა და დაუფიცა უფალმა; დიდ უბედურებაში ჩაცვივდა ხალხი.
  16. 16
    და აღუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებმაც მძარცველებისგან იხსნეს ისინი.
  17. 17
    მაგრამ მსაჯულებისაც არ შეისმინეს, მრუშობდნენ სხვა ღმერთების კვალდაკვალ და ეთაყვანებოდნენ მათ; მალევე უხვევდნენ იმ გზიდან, რომელზეც უფლის მცნებათა მორჩილი მათი მამები დადიოდნენ. ესენი მათსავით არ იქცეოდნენ.
  18. 18
    როცა უფალმა მსაჯულები დაადგინა, უფალი იყო მსაჯულთან და მტრებისგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში, რადგან ებრალებოდა ისინი უფალს, მათი გმინვის გამო, მჩაგვრელები და შემავიწროებლები რომ ტანჯავდნენ;
  19. 19
    მაგრამ მოკვდებოდა თუ არა მსაჯული, თავიანთ მამებზე მეტად იხრწნებოდნენ, სხვა ღმერთების კვალს მიჰყვებოდნენ, ემსახურებოდნენ და ეთაყვანებოდნენ მათ; არ მიატოვეს თავიანთი ბოროტი საქმეები და სიჯიუტე.
  20. 20
    კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და თქვა: "რადგან დაარღვია ამ ხალხმა ჩემი აღთქმა, რომელიც ვუბრძანე მათ მამებს და აღარ ისმენს ჩემს ხმას,
  21. 21
    მეც აღარ განვდევნი მათგან იმ ხალხებს, რომლებიც იეშუას დარჩა განსადევნი, როცა მოკვდა.
  22. 22
    მათი მეშვეობით გამოვცდი ისრაელს: დაუბრუნდებიან თუ არა უფლის გზას და ივლიან თუ არა იმ გზით, რომლითაც დადიოდნენ მათი მამები”.
  23. 23
    და დატოვა უფალმა ეს ხალხები, აღარ განდევნა და არ ჩაუგდო ხელში იეშუას.
იტვირთება შემდეგი თავი