მსაჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1აი, ის ხალხები, რომლებიც დატოვა უფალმა, რათა მათი მეშვეობით გამოეცადა ყოველი ისრაელიანი, რომელიც ვერ შეესწრო ქანაანელებთან გამართულ ვერც ერთ ომს.
- 2მხოლოდ იმისთვის, რომ სცოდნოდათ ისრაელიანთა შთამომავლებს და ესწავლათ ომი, რის შესახებაც უწინ არაფერი იცოდნენ:
- 3ხუთი ფილისტიმელი მთავარი, ყოველი ქანაანელი, ციდონელი და ხიველი, ლიბანის მთაზე რომ მკვიდრობდნენ, ბაყალ-ხერმონის მთიდან ხამათის მისასვლელამდე.
- 4ისრაელის გამოსაცდელად იყვნენ ისინი, რათა გაცხადებულიყო შეისმენდნენ თუ არა უფლის მცნებებს, მოსეს მეშვეობით რომ ამცნო მათ მამებს.
- 5და დამკვიდრდნენ ისრაელის ძენი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა შორის.
- 6შეირთეს ცოლებად მათი ასულნი, თავიანთი ასულები კი მათ ძეებს მიათხოვეს და ემსახურებოდნენ მათ ღმერთებს.
- 7ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის წინაშე: დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი და ემსახურებოდნენ ბაყალსა და აშერებს.
- 8აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და გადასცა ისინი ქუშან-რიშათაიმს, არამის, შუამდინარეთის მეფეს; რვა წელი ემსახურებოდნენ მას ისრაელის ძენი.
- 9შეჰღაღადეს უფალს ისრაელის ძეებმა და აღუდგინა უფალმა ისრაელიანებს მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ღოთენიელი, ხალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე.
- 10უფლის სული იყო მასზე ისრაელში სამსაჯულოდ. გავიდა საომრად და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშათაიმი, არამის შუამდინარეთის მეფე; და განამტკიცა თავისი ხელი ქუშან-რიშათაიმზე;
- 11დამშვიდდა ქვეყანა ორმოცი წელიწადი; და გარდაიცვალა ღოთენიელი, კენაზის ძე.
- 12კვლავ იწყეს ისრაელიანებმა ბოროტების ჩადენა უფლის წინაშე; და გააძლიერა უფალმა ყეგლონი, მოაბის მეფე, ისრაელის წინააღმდეგ, რადგან ბოროტად იქცეოდნენ უფლის თვალში.
- 13შემოიკრიბა ყეგლონმა ყამონისა და ყამალეკის ძენი, წავიდა, დაამარცხა ისრაელი და დაიპყრო პალმების ქალაქი.
- 14თვრამეტი წელი ემსახურებოდნენ ისრაელიანები ყეგლონს, მოაბის მეფეს;
- 15შეჰღაღადეს უფალს ისრაელის ძეებმა, მოუვლინა მათ უფალმა მხსნელად ეჰუდი, ძე გერასი, ბენიამინის ძისა, ცაცია კაცი; და ძღვენი გაუგზავნეს ისრაელის ძეებმა მისი ხელით ყეგლონს, მოაბის მეფეს.
- 16გაიკეთა ეჰუდმა ორლესული მახვილი, ერთი წყრთა იყო მისი სიგრძე და მოსასხამის ქვეშ, მარჯვენა თეძოზე შეიბა იგი.
- 17და მიართვა ძღვენი ყეგლონს, მოაბის მეფეს; ყეგლონი კი ფრიად ხორცსავსე კაცი იყო.
- 18როგორც კი დაასრულა ძღვენის მირთმევა, მაშინვე გაისტუმრა ძღვენის მზიდველი ხალხი.
- 19მობრუნდა ეჰუდი გილგალის კერპთაგან და უთხრა: "საიდუმლო სიტყვა მაქვს შენთან, მეფეო”. მიუგო: "ჩუმად იყავი!” და გამოვიდა მისგან ყველა იქ მდგომი.
- 20მივიდა მასთან ეჰუდი, ის კი ზემო გრილ ოთახში იჯდა, მხოლოდ თავისთვის რომ ჰქონდა. უთხრა ეჰუდმა: "ღვთის სიტყვა მაქვს შენთან”. და წამოიმართა მეფე სავარძლიდან.
- 21გაიწოდა ეჰუდმა მარცხენა ხელი, იძრო მარჯვენა თეძოზე შებმული მახვილი და აძგერა მუცელში.
- 22ვადიანად შევიდა ხმალი და ქონმა გადაფარა იგი; მუცელშივე ჩაუტოვა მახვილი და გარეთ გამოუვიდა განავალი.
- 23გამოვიდა ეჰუდი ტალანში, გამოიკეტა კარი და ჩარაზა.
- 24მოვიდნენ მისი გამოსვლის შემდეგ მეფის მონები და ჩარაზული დახვდათ ზემო ოთახის კარი; თქვეს: ალბათ მოსასაქმებლადააო საგრილობელ ოთახში ჩაკეტილი.
- 25დიდ ხანს ელოდნენ, ვიდრე არ შეწუხდნენ, მაგრამ არ გაიღო ზემო ოთახის კარი. მაშინ აიღეს გასაღები, გახსნეს კარი და, აჰა, მკვდარი აგდია ძირს მათი ბატონი.
- 26სამშვიდობოს გააღწია ეჰუდმა, ვიდრე გონს მოეგნენ ისინი, გასცდა კერპებს და სეყირში მიიმალა.
- 27მისვლისას ჩაჰბერა რქის საყვირში ეფრემის მთაზე, ჩამოვიდნენ მთიდან ისრაელის ძენი და წინ წაუძღვა მათ.
- 28უთხრა: "მომყევით, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა თქვენი მტრები, მოაბელნი”. გაჰყვნენ მას, გადაჭრეს იორდანეზე გადასასვლელები მოაბისკენ და არავინ გაატარეს
- 29იმ დროს თითქმის ათი ათასი მოაბელი კაცი მოსრეს, ყველა ძლიერი და მამაცი, არავინ გადარჩენილა.
- 30ასე დამორჩილდნენ იმ დღეს მოაბელნი ისრაელს და ოთხმოცი წლით დამშვიდდა ქვეყანა.
- 31მის შემდეგ იყო შამგარი, ყანათის ძე, რომელმაც ხარის საგმირით მოსრა ექვსასი ფილისტიმელი და იხსნა ისრაელი.
იტვირთება შემდეგი თავი