მსაჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1ეჰუდის სიკვდილის შემდეგ კვლავ იწყეს ისრაელის ძეებმა ბოროტის კეთება უფლის წინაშე.
- 2და ხელში ჩაუგდო უფალმა ისინი ქანაანის მეფე იაბინს, რომელიც ხაცორში მეფობდა; მისი მხედართმთავარი კი სისარა იყო, რომელიც ხაროშეთ-გოიმში ცხოვრობდა.
- 3შეჰღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს, რადგან ცხრაასი რკინის ეტლი ჰქონდა იაბინს და სასტიკად ჩაგრავდა ისრაელის ძეებს ოცი წლის განმავლობაში.
- 4იმჟამად ისრაელის მსაჯული წინასწარმეტყველი ქალი დებორა იყო, ლაფიდოთის ცოლი.
- 5ცხოვრობდა დებორა პალმის ქვეშ, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაზე და ადიოდნენ მასთან ისრაელის ძენი განსასჯელად.
- 6გაგზავნა კაცები და მოუხმო ბარაკ აბინოყამის ძეს კედეშ-ნაფთალიდან და უთხრა მას: "აი, რა გიბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: წადი, თან წაიყვანე ათი ათასი კაცი ნაფთალისა და ზებულონის ძეთაგან და დააყენე ისინი თაბორის მთაზე.
- 7ხოლო მე კიშონის ხევთან მოგიყვან სისარას, იაბინის მხედართმთავარს, თავისი ეტლებითა და ურიცხვი ჯარით და ხელში ჩაგაგდებინებ მას”.
- 8უპასუხა ბარაკმა: "თუ წამომყვები, წავალ, თუ არ წამომყვები, არ წავალ”.
- 9უთხრა დებორამ: "ნამდვილად წამოგყვები, მაგრამ იცოდე ის გზა, რომელსაც შენ დაადგები, შენს სადიდებლად არ იქნება, რადგან უფალი ქალის ხელში ჩააგდებს სისარას”. ადგა დებორა და წაჰყვა ბარაკს კედეშში.
- 10მოუხმო ბარაკმა ზებულონსა და ნაფთალს კედეშში, წაიყვანა ათი ათასი კაცი და წაჰყვა დებორაც.
- 11გამოეყო ხებერ კენიელი კენიელებს, მოსეს მოყვრის, ხობაბის ძეებს და გაშალა კარავი ცაყანანიმის მუხამდე, კედეშთან რომ არის.
- 12უთხრეს სისარას, ბარაკ აბინოყამის ძე თაბორის მთაზე იყოო ასული.
- 13და შეკრიბა სისარამ მთელი თავისი ეტლიონი, ცხრაასი რკინის ეტლი და მთელი ხალხი, რომელიც იყო მასთან ხაროშეთ-გოიმიდან კიშონის ხევამდე.
- 14უთხრა დებორამ ბარაკს: "ადექი, რადგან ეს ის დღეა, როცა უფალი ჩაგიგდებს ხელში სისარას; აჰა, უფალი წარგიძღვა წინ”. ჩავიდა ბარაკი თაბორის მთიდან და ათი ათასი კაცი გაჰყვა უკან.
- 15გაანადგურა უფალმა სისარა, მთელი მისი ეტლიონი და მთელი ლაშქარი ბარაკის მახვილის პირით; ჩამოხტა სისარა ეტლიდან და ფეხით გაიქცა.
- 16ხაროშეთ-გოიმამდე სდია ბარაკმა ეტლიონსა და ლაშქარს და მახვილის პირით დაეცა სისარას მთელი ლაშქარი, არავინ გადარჩენილა.
- 17ფეხით გაიქცა სისარა, იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის კარვისკენ, რადგან მშვიდობა იყო ხაცორის მეფე იაბინსა და ხებერ კენიელის სახლს შორის.
- 18გავიდა იაყელი სისარას შესახვედრად და უთხრა: "შემოდი, ბატონო, შემოდი ჩემთან, ნუ გეშინია”. შევიდა სისარა კარავში და ფარდაგის ქვეშ დამალა იგი ქალმა.
- 19უთხრა სისარამ: "დამალევინე ცოტა წყალი, რადგან მწყურია”. მოხსნა იაყელმა რძის ტიკს თავი, დაალევინა და კვლავ გადააფარა ფარდაგი.
- 20უთხრა სისარამ: "კარვის კართან დადექი, თუ გკითხეს, ვინმე ხომ არ არისო მანდ, უპასუხე არა-თქო”.
- 21და აიღო იაყელმა, ხებერის ცოლმა, კარვის პალო და ურო, ფეხაკრეფით მიეპარა სისარას; მოუქნია და ისე ჩაურჭო პალო საფეთქელში, რომ მიწას დააჭედა. ის კი დაღლილი და ღრმად ჩაძინებული მოკვდა.
- 22აჰა, ეძებს ბარაკი სისარას. გავიდა იაყელი მასთან და უთხრა: "მოდი, ის კაცი გაჩვენო, შენ რომ ეძებ”. შევიდა ბარაკი და, აჰა, მკვდარია სისარა, საფეთქელში პალო აქვს ჩარჭობილი.
- 23იმ დღეს დაუმორჩილა ღმერთმა ისრაელის ძეებს იაბინი, ქანაანის მეფე.
- 24თანდათანობით მძიმდებოდა ისრაელის ძეთა ხელი იაბინზე, ქანაანის მეფეზე, ვიდრე სრულად არ გაანადგურეს იგი.
იტვირთება შემდეგი თავი