მსაჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 19

  1. 1
    იმ დღეებში, როცა მეფე არ ჰყავდა ისრაელს, ერთი ლევიანი ხიზნობდა ეფრემის მთის ფერდობზე; და ხარჭა მოიყვანა თავისთვის, იუდას ბეთლემიდან.
  2. 2
    მაგრამ იმრუშა მისმა ხარჭამ, განშორდა და წავიდა მამის სახლში - იუდას ბეთლემში და იყო იქ ოთხი თვე.
  3. 3
    ადგა მისი ქმარი და გაჰყვა მის კვალს, რათა გულითადად დალაპარაკებოდა და დაებრუნებინა თავისთან. თან მსახური და წყვილი სახედარი ახლდა. ქალმა მამის სახლში შეიყვანა. დაინახა იგი ყმაწვილქალის მამამ და სიხარულით შეეგება.
  4. 4
    და აღარ გაუშვა იგი სიმამრმა, იმ ყმაწვილქალის მამამ. სამი დღე იმყოფებოდა მასთან, ჭამდნენ, სვამდნენ და იქვე ათევდნენ ღამეს.
  5. 5
    ადგნენ მეოთხე დღეს დილაადრიანად და წასასვლელად მოემზადა კაცი. უთხრა ყმაწვილქალის მამამ თავის სიძეს: "ჯერ გული გაიმაგრე ლუკმა პურით და მერე წადი”.
  6. 6
    დასხდნენ ერთად, ჭამეს და სვეს; და უთხრა ყმაწვილქალის მამამ იმ კაცს: "გთხოვ, დარჩი ეს ღამეც და გაიმხიარულე გული”.
  7. 7
    წამოიმართა კაცი წასასვლელად, მაგრამ შეეხვეწა სიმამრი და ის ღამეც იქ გაათია.
  8. 8
    მეხუთე დღეს დილაადრიანად ადგა კაცი და წასასვლელად მოემზადა. უთხრა ყმაწვილქალის მამამ: "ჯერ გული გაიმაგრე და შეიცადე, ვიდრე დღე გადაიხრება”. და ჭამა ორივემ.
  9. 9
    ადგა კაცი თავის ხარჭასთან და მსახურთან ერთად წასასვლელად და უთხრა სიმამრმა, ყმაწვილქალის მამამ: "უკვე მწუხრისკენ იხრება დღე, აქ გაათიეთ ღამე, გაიმხიარულე გული, ხვალ კი ადექით დილაადრიანად და გაუდექით თქვენს გზას შენი კარვისკენ”.
  10. 10
    მაგრამ აღარ ინება კაცმა ღამის იქ გათევა, ადგა, წავიდა და მივიდა იებუსამდე (იერუსალიმამდე); თან ხარჭა და ორი დატვირთული სახედარი ახლდა.
  11. 11
    იებუსს რომ მიუახლოვდნენ, უკვე გადახრილი იყო დღე. უთხრა მსახურმა თავის ბატონს: "შევუხვიოთ იებუსელთა ამ ქალაქისკენ და იქ გავათიოთ ღამე”.
  12. 12
    უპასუხა ბატონმა: "არა, უცხოტომელთა ქალაქში არ შევუხვევთ, სადაც არ ცხოვრობენ ისრაელის ძენი, ბარემ გიბყამდე მივიდეთ”.
  13. 13
    უთხრა თავის მსახურს: "მოდი, სადმე სხვაგან მივიდეთ, გიბყაში ან რამაში გავათენოთ”.
  14. 14
    და განაგრძეს გზა, იარეს და ჩავიდა მზე გიბყასთან, რომელიც ბენიამინის ტომს ეკუთვნოდა.
  15. 15
    შეუხვიეს გიბყაში, რომ ღამის გასათევად შესულიყვნენ. მივიდნენ და დასხდნენ ქალაქის მოედანზე, მაგრამ სახლში არავინ შეიპატიჟა ღამის გასათევად.
  16. 16
    აჰა, მოხუცი მოდიოდა საღამოჟამს თავისი მინდვრიდან; ეფრემის მთიდან იყო და გიბყაში ცხოვრობდა. ადგილობრივები კი ბენიამინის ძენი იყვნენ.
  17. 17
    აღაპყრო თვალნი და მგზავრი დაინახა ქალაქის მოედანზე. ჰკითხა მოხუცმა: "საიდან მოსულხარ და სად მიდიხარ?”
  18. 18
    უპასუხა: "იუდას ბეთლემიდან ეფრემის მთაში მივდივართ, იქაური ვარ. იუდას ბეთლემში ვიყავი და უფლის სახლისკენ ვადგავარ გზას, მაგრამ შინ არავინ შემიპატიჟა.
  19. 19
    ჩალაც გვაქვს და საკვებიც ჩვენი სახედრებისთვის, პურიც მომეძევება და ღვინოც ჩემთვის, ჩემი მხევლისა და მსახურისთვის - არაფერი მაკლია”.
  20. 20
    მიუგო მოხუცმა: "მშვიდობა შენდა, რაც დაგაკლდება ჩემზე იყოს, ოღონდ მოედანზე ნუ გაათევ ღამეს”.
  21. 21
    შეიყვანა თავის სახლში, საკვები მისცა სახედრებს; ფეხები დაიბანეს, ჭამეს და სვეს.
  22. 22
    როცა გუნებაზე მოვიდნენ, აჰა, გარს შემოერტყნენ ქალაქის გარყვნილი კაცები იმ სახლს, აბრახუნებდნენ და ეუბნებოდნენ მოხუცს, სახლის პატრონს: გამოგვიყვანე შენს სახლში რომ კაცი შემოვიდა, უნდა შევიცნოთო.
  23. 23
    გამოვიდა მათთან სახლის პატრონი და უთხრა: "არა, ძმებო, ბოროტს ნუ დამართებთ, რადგან ჩემი სახლის სტუმარია ეს კაცი, ნუ ჩაიდენთ ამ სისაძაგლეს.
  24. 24
    აჰა, ქალწული ასული მყავს, სტუმარს კი ხარჭა ახლავს, გამოგიყვანთ და ახადეთ ნამუსი ან, რაც გენებოთ, ის უყავით, ოღონდ ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ უზნეობას”.
  25. 25
    მაგრამ არ ინებეს მომხდურებმა მისი მოსმენა. მაშინ მოჰკიდა იმ კაცმა ხელი თავის ხარჭას და გარეთ გამოუყვანა. ყველამ შეიცნო იგი, მთელი ღამე ძალადობდნენ მასზე განთიადამდე; მხოლოდ ცისკარზე გაუშვეს.
  26. 26
    მოვიდა ქალი განთიადისას და დაეცა იმ კაცის სახლის შესასვლელთან, ვისთანაც მისი ბატონი იყო გაჩერებული. გათენებამდე ეგდო.
  27. 27
    ადგა დილას მისი ბატონი, გააღო სახლის კარი და გამოვიდა, რომ თავისი გზით წასულიყო. ხედავს, ხარჭა სახლის კართანაა დავარდნილი, ხელები კი ზღურბლისთვის ჩაუვლია.
  28. 28
    უთხრა: "ადექი, წავიდეთ”, მაგრამ პასუხი არ გასცა ქალმა. ადგა კაცი, სახედარს გადაკიდა ხარჭა და გაუდგა გზას თავისი სახლისკენ.
  29. 29
    როცა მივიდა, აიღო დანა, მოკიდა ხელი თავის ხარჭას, დაანაკუწა თორმეტ ნაწილად და დააგზავნა ისრაელის ყოველ კუთხეში.
  30. 30
    და ყოველი ამის მნახველი ამბობდა: "არ ყოფილა და არც ნახულა ასეთი რამ ეგვიპტის ქვეყნიდან ისრაელიანთა გამოსვლის შემდეგ დღემდე. იფიქრეთ ამაზე, მოითათბირეთ და თქვით, რა ვქნათ”.
იტვირთება შემდეგი თავი