მსაჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 20
- 1გამოვიდა მთელი ისრაელი დანიდან ბეერ-შებაყამდე, ასევე გილყადის მთელი ქვეყანა და უფლის წინაშე, მიცფაში შეიკრიბა, როგორც ერთი კაცი.
- 2გამოცხადნენ მთელი ერის მეთაურნი, ისრაელის ყოველი ტომი, ღმერთის ხალხის კრებულად, ოთხასი ათასი ქვეითი, მახვილის ამღები კაცი.
- 3და შეიტყვეს ბენიამინის ძეებმა, რომ ავიდნენ ისრაელის ძეები მიცფას. თქვეს ისრაელიანებმა: "გვითხარით, როგორ მოხდა ეს ბოროტება?”
- 4მიუგო ლევიანმა, მოკლული ქალის ქმარმა: "ღამის გასათევად მივედი ბენიამინის გიბყაში ჩემს ხარჭასთან ერთად.
- 5აღდგნენ ჩემზე გიბყას მკვიდრნი, გარს შემოერტყნენ სახლს ღამით და მოკვლა დამიპირეს. ხარჭა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი.
- 6ავიყვანე ჩემი ხარჭა, ასო-ასო დავჭერი და ისრაელის სამკვიდრებლის ყველა მხარეში დავგზავნე, რადგან ურჯულო და გარყვნილი საქმე ჩაიდინეს ისრაელში.
- 7აჰა, ყველანი ძენი ხართ ისრაელისა, განიხილეთ ეს საქმე და აქვე გადაწყვიტეთ!”
- 8წამოდგა ხალხი როგორც ერთი კაცი და თქვა: "არც ერთი ჩვენგანი არ წავა თავის კარავში და არც ერთი ჩვენგანი არ დაბრუნდება თავის სახლში.
- 9აი, რას დავმართებთ დღეს გიბყას: წილისყრით გავილაშქრებთ მის წინააღმდეგ!
- 10ისრაელის ყოველი ტომის ასეულიდან ათი კაცი გამოვარჩიოთ, ათასეულიდან - ასი, ათიათასიდან - ათასი; საგზლით მოამარაგონ ისინი, ვინც ბენიამინის გიბყაზე გაილაშქრებს, რათა დასაჯოს იგი იმ სამარცხვინო საქმის გამო, რომელიც ჩაიდინა ისრაელში!”
- 11შეიკრიბა მთელი ისრაელი ქალაქის წინააღმდეგ და შეიკრნენ როგორც ერთი კაცი.
- 12კაცები დაგზავნეს ისრაელის ტომებმა ბენიამინის მთელ ტომში და უთხრეს: "ეს რა ბოროტება მოხდა თქვენ შორის?
- 13ახლა მოგვეცით ის ზნედაცემული ხალხი გიბყაში რომ არიან, რათა დავხოცოთ და აღმოვფხვრათ ბოროტება ისრაელიდან”. მაგრამ არ შეისმინეს ბენიამინის ძეებმა თავიანთი ძმების, ისრაელის ძეთა სიტყვა.
- 14და შეიყარნენ გიბყაში ბენიამინის ძენი თავ-თავისი ქალაქებიდან, ისრაელის ძეებთან საბრძოლველად.
- 15ოცდაექვსი ათასი ხმლის ამღები კაცი შემოიკრიბა ბენიამინის ძეთა ქალაქებიდან; მათ გარდა, შვიდასი რჩეული კაცი გიბყელთაგან აღირიცხა.
- 16მთელი ამ ხალხიდან, შვიდასი რჩეული კაცი ცაცია იყო, თითოეულ მათგანს თმის ღერისთვისაც რომ ესროლა შურდულით ქვა, არ ააცდენდა.
- 17ისრაელის ძენი, ბენიამინის გამოკლებით, ოთხასი ათასი კაცი აღირიცხა, მახვილის ამღები; თითოეული მათგანი მებრძოლი იყო.
- 18ადგნენ და ავიდნენ ბეთელში, რჩევა ჰკითხეს ღმერთს ისრაელიანებმა: "რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად?” უთხრა მათ უფალმა: "იუდა გავიდეს პირველი!”
- 19ადგნენ დილით ისრაელიანები და დაიბანაკეს გიბყას პირდაპირ.
- 20გავიდნენ ისრაელის კაცები ბენიამინთან საომრად და გიბყას მახლობლად დადგნენ საბრძოლო წყობით.
- 21გამოვიდნენ ბენიამინის ძენი გიბყადან და მიწაზე დასცეს ოცდაორი ათასი ისრაელიანი იმ დღეს.
- 22მხნეობა მოიკრიბეს ისრაელის კაცებმა და კვლავ დადგნენ საბრძოლო წყობით იმ ადგილას, სადაც პირველ დღეს იდგნენ.
- 23და ავიდნენ ისრაელის ძენი, საღამომდე ტიროდნენ უფლის წინაშე და ჰკითხეს უფალს: "ისევ გავიდეთ ჩვენს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად?” თქვა უფალმა: "გადით”.
- 24და კვლავ მიუახლოვდნენ ისრაელის ძენი ბენიამინის ძეებს მეორე დღეს.
- 25გამოვიდა ბენიამინი მათ წინააღმდეგ გიბყადან მეორე დღეს და დასცეს მიწაზე ისრაელის ძეთაგან კიდევ თვრამეტი ათასი კაცი, ყველა მახვილის ამღები.
- 26ავიდა ბეთელს მთელი ისრაელი, მთელი ერი და შესტიროდა უფალს, იჯდა და მარხულობდა საღამომდე, აღავლინეს უფლის წინაშე სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები.
- 27ჰკითხეს ისრაელის ძეებმა უფალს, (იმ დღეებში ღვთის აღთქმის კიდობანი იქ ესვენა.
- 28და ფინხასი, ძე ელეაზარისა, აჰარონის ძისა, იდგა მის წინაშე იმ დღეებში.) თქვეს: "ისევ გავიდეთ ჩვენს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად, თუ შევწყვიტოთ?” უთხრა მათ უფალმა: "გადით, რადგან ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მათ”.
- 29და ჩასაფრდნენ ისრაელიანები გიბყას ირგვლივ.
- 30გაილაშქრეს ისრაელიანებმა ბენიამინის ძეთა წინააღმდეგ მესამე დღეს და წინანდებურად საბრძოლო წყობით დადგნენ გიბყას წინ.
- 31გამოვიდნენ ბენიამინის ძენი ხალხის წინააღმდეგ, დაშორდნენ ქალაქს და იწყეს უწინდებურად ხალხის მოსვრა გზებზე, რომელთაგანაც ერთი ბეთელისკენ ადის, მეორე კი გიბყასკენ. ოცდაათამდე ისრაელიანი მოკლეს.
- 32თქვეს ბენიამინის ძეებმა: "უწინდებურად იმუსრებიან ჩვენ წინაშე”. ისრაელის ძეებმა კი თქვეს: "გავექცეთ და ქალაქიდან გზებზე გამოვიტყუოთ”.
- 33ადგა ისრაელის ყველა კაცი თავ-თავისი ადგილიდან და დადგა ბაყალ-თამარში. ჩასაფრებული ისრაელიანებიც გამოვიდნენ თავ-თავისი ადგილებიდან, გიბყას დასავლეთით.
- 34გამოვიდა გიბყას წინააღმდეგ ათი ათასი რჩეული კაცი, მთელი ისრაელიდან და სასტიკი ბრძოლა გაიმართა; არ იცოდნენ ბენიამინის ძეებმა, რომ უბედურება ელოდათ.
- 35და განგმირა უფალმა ბენიამინი ისრაელის წინაშე; დახოცეს იმ დღეს ისრაელის ძეებმა ბენიამინის ოცდახუთი ათას ასი კაცი, ყველა მახვილის ამღები.
- 36დაინახეს ბენიამინის ძეებმა, რომ განადგურდნენ; ადგილი მოუტოვეს ისრაელიანებმა ბენიამინს, რადგან გიბყას მახლობლად ჩასაფრებული ხალხის იმედი ჰქონდათ.
- 37ჩასაფრებულები სწრაფად დაესხნენ თავს გიბყას, ეკვეთნენ და მახვილის პირით მოსრეს მთელი ქალაქი.
- 38ისრაელის კაცებსა და ჩასაფრებულებს ნიშანი ჰქონდათ დათქმული, რომ კვამლის დიდ სვეტს აუშვებდნენ ქალაქიდან.
- 39როცა უკუიქცა ისრაელი ბრძოლის ველიდან და იწყო ბენიამინმა მუსვრა და გაწყვიტა ოცდაათამდე კაცი; თქვეს: უწინდებურად იმუსრებიანო ჩვენს წინაშე, როგორც წინა ბრძოლების დროს.
- 40ამ დროს სვეტად აედინა კვამლი ქალაქს. მოიხედა ბენიამინმა და, აჰა, ქალაქის ყოველ კუთხეს კვამლი ასდის ცამდე.
- 41მოუბრუნდნენ ისრაელის კაცები, ბენიამინი კი შედრკა, რადგან დაინახა რომ უბედურება ეწია.
- 42ზურგი აქციეს და გაექცნენ ისრაელის კაცებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ მაინც წამოეწიათ ბრძოლა და ქალაქებიდან გამოსულებიც მუსრავდნენ მათ თავიანთ შორის.
- 43ალყაში მოაქციეს ბენიამინი, მოქანცვამდე სდიეს და გიბყამდე ხოცეს, აღმოსავლეთით.
- 44თვრამეტი ათასი კაცი დაეცა ბენიამინისგან, ყველა მათგანი მამაცი ვაჟკაცი.
- 45უდაბნოსკენ იბრუნეს პირი და რიმონის კლდისკენ გაიქცნენ; გზადაგზა კიდევ ხუთი ათასი კაცი მოკლეს ისრაელიანებმა, გიდომამდე სდიეს და მოსრეს მათგან კიდევ ორი ათასი კაცი.
- 46მთლიანად იმ დღეს ოცდახუთი ათასი, მახვილის ამღები კაცი დაეცა ბენიამინისგან, ყველა მამაცი ვაჟკაცი.
- 47ექვსასი კაცი გაბრუნდა და გაიქცა უდაბნოსკენ, რიმონის კლდისკენ და ცხოვრობდნენ რიმონის კლდეში ოთხ თვეს.
- 48კვლავ მოუბრუნდნენ ისრაელის კაცები ბენიამინის ძეებს და მოსრეს მახვილის პირით მთელი ქალაქი, პირუტყვი და ყველაფერი, რაც დახვდათ; და ცეცხლს მისცეს ყველა ქალაქი, რომელიც შემოხვდათ.
იტვირთება შემდეგი თავი