მსაჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1ასე შეჰფიცა უფალს მიცფაში ისრაელმა: "არც ერთი ჩვენგანი არ მისცემს თავის ასულს ცოლად ბენიამინს”.
- 2მოვიდა ხალხი ბეთელში და დასხდნენ იქ საღამომდე უფლის წინაშე; აღიმაღლეს ხმა და მოთქვამდნენ დიდი ტირილით.
- 3ამბობდნენ: "უფალო, ისრაელის ღმერთო, რისთვის მოხდა ეს ისრაელში? ერთი ტომი მოაკლდა დღეს ისრაელს!”
- 4დილაადრიანად ადგა ხალხი მეორე დღეს, ააგეს იქ სამსხვერპლო და აღუვლინეს სრულადდასაწველნი და სამშვიდობო შესაწირები.
- 5იკითხეს ისრაელის ძეებმა: "ვინ არ ამოსულა უფლის წინაშე ისრაელის ყველა ტომთაგან?” რადგან დიდი წყევლა ჰქონდათ წარმოთქმული, სიკვდილით უნდა დასჯილიყო, ვინც არ ავიდოდა მიცფაში, უფლის წინაშე.
- 6ნაღვლობდნენ ისრაელის ძეები ბენიამინის, თავისი ძმის გამო და ამბობდნენ: "მოიკვეთა დღეს ერთი ტომი ისრაელიდან.
- 7გადარჩენილებს როგორღა მოვექცეთ, ხომ დავიფიცეთ უფლის წინაშე, რომ არ მივათხოვებთ ჩვენს ასულთაგან?”
- 8იკითხეს: "თუ არის ვინმე ისრაელის ტომთაგან, რომელიც არ ამოსულა მიცფაში, უფლის წინაშე?” და აჰა, არავინ მისულა საკრებულოდ გილყადის იაბეშიდან.
- 9და როცა აღირიცხა ხალხი, აღმოჩნდა, რომ არავინ იყო გილყადის იაბეშიდან.
- 10თორმეტი ათასი მამაცი მებრძოლი მიავლინა იქ თემმა და უბრძანა: "წადით და მახვილის პირით შემუსრეთ გილყადის იაბეშის მკვიდრნი, ქალებიცა და ბავშვებიც.
- 11აი, რა უნდა გააკეთოთ: ყოველი მამაკაცი და მამაკაცთან ნაწოლი დედაკაცი, მოსპეთ”.
- 12გამოარჩიეს გილყადის იაბეშის მაცხოვრებლებში ოთხასი ქალწული, რომლებმაც მამაკაცის სარეცელი არ იცოდნენ და მიიყვანეს შილოს ბანაკში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია.
- 13წარგზავნა ისრაელის მთელმა კრებულმა შუამავალი და გამოუცხადეს მშვიდობა რიმონის კლდეში მყოფ ბენიამინის ძეებს.
- 14დაბრუნდნენ ბენიამინის ძენი და მიათხოვეს გილყადის იაბეშში ცოცხლად დატოვებული ქალები; მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა.
- 15და ნაღვლობდა ხალხი ბენიამინის გამო, რადგან ბზარი გააჩინა უფალმა ისრაელის ტომებში.
- 16თქვეს კრებულის უხუცესებმა: "როგორ მოვიქცეთ გადარჩენილებთან ცოლების თაობაზე? რადგან განადგურდნენ ბენიამინელთა ქალები”.
- 17და თქვეს: "მემკვიდრეობა უნდა მიეცეს გადარჩენილ ბენიამინელებს, რათა არ ამოიძირკვოს ტომი ისრაელისგან,
- 18მაგრამ არ შეგვიძლია მათთვის ჩვენი ასულების მითხოვება, რადგან ფიცი გვაქვს წარმოთქმული ისრაელის ძეებს, რომ წყეულ იყოს ბენიამინისთვის ცოლის მიმცემი”.
- 19თქვეს: "აჰა, უფლის დღესასწაულია ყოველ წელს შილოში, ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელიდან შექემისკენ მიმავალი გზის აღმოსავლეთით და ლებონას სამხრეთით”.
- 20და უბრძანეს ბენიამინის ძეებს: "წადით და ჩასაფრდით ვენახებში.
- 21უყურეთ და, აჰა, როცა დაინახავთ, რომ გამოვიდნენ შილოელი ასულები საფერხულოდ, მაშინ გამოდით ვენახებიდან, გაიტაცეთ თითოეულმა საცოლე მათგან და წადით ბენიამინის ქვეყანაში.
- 22და როცა მოვლენ მათი მამები ან ძმები ჩვენთან საჩივლელად, ვეტყვით: ჩვენ გვიწყალობეთ ისინი მათთვის, რადგან ვერ შევძინეთ თოთოეულ კაცს თავის ცოლი გილყადის იაბეშის ბრძოლაში; არც თქვენ მიგიციათ ნებით ისინი, თორემ დამნაშავენი იქნებოდით”.
- 23ასეც მოიქცნენ ბენიამინის ძენი და მოიყვანეს ცოლები, მოფერხულეთაგან რომ გაიტაცეს; წავიდნენ და დაბრუნდნენ თავის სამკვიდრებელში, ააშენეს ქალაქები და ცხოვრობდნენ იქ.
- 24და წავიდ-წამოვიდნენ იქიდან ისრაელის ძენი თავ-თავის ტომსა და საგვარეულოში; იქიდან კი თითოეული თავის სამკვიდრებელში გადავიდა.
- 25მეფე არ ჰყავდა იმ დღეებში ისრაელს და თითოეული იმას აკეთებდა, რასაც თვითონ თვლიდა სამართლიანად.