გოდება იერემიასი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თავი 1

  1. 1
    როგორ ეულად დამჯდარა ერთ დროს ხალხმრავალი ქალაქი, ქვრივივით გამხდარა ერთ დროს უდიდესი ხალხთა შორის, ოლქთა დედოფალი, დღეს სხვას უნდა ემსახუროს.
  2. 2
    მწარედ ტირის ღამღამობით, ცრემლი სდის ღაწვებზე, აღარ ჰყავს ნუგეშისმცემელი მოყვარეთა შორის. ყველა მეგობარმა უღალატა, მტრად გადაეკიდნენ.
  3. 3
    გადაიხვეწა იუდა, ჩაგრული და დიდად დაჯაფული, უცხო ხალხებში დასახლდა, ვერ ჰპოვა სიმშვიდე. მდევრები მისწვდნენ გასაჭირში.
  4. 4
    გლოვობენ სიონის გზები, რადგან აღარავინ მიდის დადგენილ დღესასწაულებზე, გაუკაცრიელდა მისი ყველა ჭიშკარი, ოხრავენ მღვდლები, ნაღვლობენ მისი ქალწულნი, თავადაც გამწარებულია სიონი.
  5. 5
    მისი მეტოქენი გაბატონდნენ, ზეიმობენ მისი მტრები, რადგან უფალმა დაამწუხრა იგი მრავალი დანაშაულის გამო, მის ბავშვებს ტყვეებად მიერეკებიან მტრები.
  6. 6
    გაშორდა სიონის ასულს მთელი ბრწყინვალება. მისი მთავრები იმ ირმებს დამსგავსებიან, საძოვრისთვის რომ ვერ მიუგნიათ და ღონემიხდილნი გაურბიან მდევარს.
  7. 7
    ტანჯვისა და უსახლკარობის დღეებში გაიხსენა იერუსალიმმა ყველაფერი ძვირფასი, ადრეულ დღეებში რომ ჰქონდა. როცა ეცემოდა მისი ხალხი მტრის ხელით და არ ჰყავდა მშველელი. მისი მტრები უყურებდნენ და დასცინოდნენ მის ნგრევას.
  8. 8
    დიდად შესცოდა იერუსალიმმა, ამის გამო იქცა უწმიდურად, ყოველმა მისმა პატივისმცემელმა შეიძულა იგი, რადგან იხილეს მისი სიშიშვლე. თავადაც ოხრავს და სირცხვილით პირს არიდებს მათ.
  9. 9
    მისი სიბილწე მის კალთაზეა, არ დაუფიქრდა თავის მომავალს და საარაკოდ დაეცა, ნუგეშისმცემელი აღარ დარჩა. დაინახე, უფალო, ჩემი ტანჯვა, რადგან გამედიდურდა მტერი.
  10. 10
    მის ყველა საგანძურზე მტერმა გაიწოდა ხელი, რადგან დაინახა, რომ მის საწმიდარში შედიან ხალხები, რომლებზეც ბრძანე, რომ არ შესულიყვნენ შენს საკრებულოში.
  11. 11
    მთელი მისი ხალხი ოხრავს პურის ძებნაში, საჭმელში იძლევიან ძვირფასეულობას, რომ სული მოითქვან! თვალი მომაპყარ, უფალო, და დაინახე, როგორ მომიძულეს!
  12. 12
    არაფერია ეს თქვენთვის, გზაზე ჩამვლელნო? შეხედეთ და დაინახეთ, თუ არსებობს სატკივარი მსგავსი ჩემი სატკივრისა, მე რომ მეწია უფლის ნებით მისი მძვინვარე რისხვის დღეს.
  13. 13
    მაღლიდან ცეცხლი დაუშვა ჩემს ძვლებში და მძლია: ბადე გამიშალა ფერხთა წინ და უკან მომაბრუნა, ბეჩავ ქალად მაქცია, ავად ვარ ყოველდღე.
  14. 14
    ჩემი დანაშაულის უღელი შეკრულია, მისი ხელით დაიწნა, კისერზე დამადო და ძალა წამართვა; მათ ხელთ გადამცა უფალმა, ვის წინაშეც არ ძალმიძს წამოდგომა.
  15. 15
    გათელა უფალმა ჩვენ შორის ყველა ძლიერი, ურდო შემომისია ჩემი ჭაბუკების შესამუსრად; როგორც საწნახელში, ისე წნეხდა უფალი ქალწულს, იუდას ასულს.
  16. 16
    ამაზე ვტირი, თვალები ცრემლად დამეღვარა, რადგან შორს არის ჩემგან ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის გამაცოცხლებელი. მიტოვებულნი არიან ჩემი ძენი, რადგან იმძლავრა მტერმა.
  17. 17
    გაიწვდინა სიონმა ხელები - არავინაა მისი ნუგეშისმცემელი; უფალმა ბრძანა, გარშემოდგომოდნენ იაკობს მტრები; უწმიდურებად იქცა იერუსალიმი მათ შორის.
  18. 18
    მართალია უფალი, რადგან ვეურჩე მის ნაბრძანებს! ახლა ისმინეთ, ხალხებო, დაინახეთ ჩემი სატკივარი: ჩემი ქალწულნი და ჩემი ჭაბუკნი ტყვედ გაირეკეს.
  19. 19
    მოვუხმე ჩემს მოყვარულთ, მათ კი მომატყუეს; ჩემი მღვდლები და უხუცესები ქალაქში დაიხოცნენ, პურის ძებნაში, სული რომ მოებრუნებინათ.
  20. 20
    მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს; სული შემიწუხდა და გული გადამიბრუნდა, რადგან ავჯანყდი შენს წინააღმდეგ: გარეთ მახვილმა ამომიხოცა შვილები, და სახლშიც სიკვდილია.
  21. 21
    გაიგონეს, რომ ვკვნესი და არავინაა ჩემი ნუგეშისმცემელი; ჩემმა მტრებმა გაიგეს ჩემი უბედურება და გაიხარეს, რომ შენ მოიმოქმედე ეს. ოჰ, ნეტავ მოაწევდე დღეს, რომელიც გამოცხადებული გაქვს, და ისინიც ჩემსავით გახდებოდნენ.
  22. 22
    დაე, მოაწიოს მათმა ბოროტებამ შენს წინაშე, რომ ისე მოექცე მათ, როგორც მე მომექეცი ჩემი დანაშაულის გამო, რადგან გამიმრავლდა კვნესა და გული შემიღონდა.
იტვირთება შემდეგი თავი