გოდება იერემიასი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1როგორ მოქუფრა უფალმა თავისი რისხვით სიონის ასული. ზეციდან მიწაზე დაამხო მშვენება ისრაელისა, არ გაიხსენა თავისი კვარცხლბეკი თავის რისხვის დღეს.
- 2შეუბრალებლად შემუსრა უფალმა იაკობის ყველა სამკვიდრებელი, რისხვით დააქცია იუდას ასულის ციხე-სიმაგრენი, მიწასთან გაასწორა, შებღალა სამეფო და მისი მთავარნი.
- 3შემუსრა თავისი მგზნებარე რისხვით ყოველი რქა ისრაელისა, უკან გააბრუნა მტრისგან თავისი მარჯვენა და ყოვლისმშთანმთქმელი, აგიზგიზებული ცეცხლით შთანთქა იაკობი.
- 4მტერივით მოზიდა მშვილდი, შემაჭირვებელივით აღმართა მარჯვენა და თვალთათვის სანუკვართაგან ყველა გაჟლიტა; ცეცხლივით გადმოღვარა თავისი გულისწყრომა სიონის ასულის კარავში.
- 5მტრად მოეკიდა უფალი, დასცა ისრაელი და მისი ყველა სასახლე, დააქცია მისი ციხე-სიმაგრენი და გაუმრავლა იუდას ასულს გლოვა და ტირილი.
- 6ბაღივით ჩადგმული ქოხივით დაანგრია თავისი კარავი, ააოხრა თავისი შესაკრებელი, დაავიწყა უფალმა სიონს დღესასწაული და შაბათი; მოიძულა თავისი წყრომის მრისხანებით მეფე და მღვდელი.
- 7მიატოვა უფალმა თავისი სამსხვერპლო და მოიძულა საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელთ მისი სასახლეების გალავნები; ხმა გამოსცეს უფლის სახლში, როგორც დღესასწაულის დღეს.
- 8განიზრახა უფალმა სიონის ასულის გალავანთა დანგრევა, საბელი გააბა, ხელი არ აიღო მოსპობაზე; რისხვით დასცა მიწაყრილი და გალავანი, ერთად შემუსრა ისინი.
- 9მიწაში ჩაეფლო მისი კარიბჭე, აოხრდა და დაიმსხვრა მისი ურდულები; გაიფანტნენ მეფე და მთავარნი უცხო ხალხებში; აღარც რჯულია და ვეღარც მისი წინასწარმეტყველნი ღებულობენ ხილვებს უფლისგან.
- 10მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის მოხუცნი, მტვერი წაიყარეს თავებზე, ძაძებით შეიმოსნენ; მიწისკენ ჩაქინდრეს თავები იერუსალიმის ქალწულებმა.
- 11ცრემლებით დამებინდა თვალები, სული მიდუღს და მიწაზე იღვრება ჩემი გული ჩემი ხალხის ასულის დაღუპვის გამო; ბავშვებსა და ჩვილებს შიმშილით გული მისდით ქალაქის მოედნებზე.
- 12შესტირიან თავიანთ დედებს "სად არის პური და ღვინო?” როცა მძიმედ დაჭრილებივით კვნესიან ქალაქის მოედნებზე და სულს ღაფავენ დედების მკერდზე.
- 13რა გითხრა, ვის შეგადარო, იერუსალიმის ასულო? ვის მიგამსგავსო, რომ განუგეშო, ქალწულო, სიონის ასულო? რადგან ზღვასავით დიდია შენი უბედურება; ვინ განგკურნავს?
- 14ამაო, ტყუილ ხილვებს ხედავდნენ შენი წინასწარმეტყველნი, არ გიმხელდნენ შენს ურჯულოებას, რომ აგცდენოდა ტყვეობა; ყალბ და მაცდუნებელ ხილვებს გიცხადებდნენ.
- 15ტაშს შემოკრავს შენზე ყოველი გზაზე გამვლელი, უსტვენს და თავს აქნევს იერუსალიმის ასულზე: "ნუთუ ეს არის ის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ, სრულყოფილი სილამაზე და მთელი ქვეყნის სიხარულიაო?”
- 16ყველა შენმა მტერმა დააღო შენზე პირი, უსტვენს, კბილებს აკრაჭუნებს, გაიძახის: "გადავყლაპეთ! ეს არის ის დღე, რომელსაც ველოდით, მოვესწარით და ვიხილეთ!”
- 17შეასრულა უფალმა, რაც განიზრახა; აასრულა თავისი ნათქვამი, რაც პირველივე დღეებში ბრძანა; დაამხო და არ შეიბრალა, მტერი გაახარა შენზე, შემაჭირვებელთა რქა მოამაღლა.
- 18მათი გული უფალს შესტირის: სიონის ასულის ზღუდევ, მდინარესავით ადინე ცრემლი დღედაღამე, ნუ მისცემ შენს თავს მოსვენებას, ნუ შეშრება შენი თვალები.
- 19ადექი, შეჰღაღადე ღამით, საგუშაგოს დასაწყისში, წყალივით გადმოღვარე გული უფლის წინაშე. მისკენ აღმართე ხელები შენი ჩვილების სიცოცხლისთვის, შიმშილისგან გულწასულები რომ ყრიან ყოველი ქუჩის დასაწყისში.
- 20შეხედე, უფალო, და იხილე, ასე ვის მოქცევიხარ! განა ყოფილა, რომ ქალები თავიანთი მუცლის ნაყოფს ჭამდნენ, ჩვილებს - მათ მიერ გამოზრდილთ?! განა მომხდარა, რომ უფლის საწმიდარში კლავდნენ მღვდელსა და წინასწარმეტყველს?!
- 21ქუჩებში განრთხმულან ყმაწვილი და მოხუცი, ჩემი ქალწულნი და ჭაბუკნი მახვილით დაეცნენ, შენი რისხვის დღეს დახოცე ისინი, შეუბრალებლად ამოჟლიტე.
- 22როგორც დღესასწაულის დღეს ისე მოუხმე ყოველი მხრიდან ჩემს დამაფრთხობელთ; ვერავინ გაუძლო, ვერავინ გადაურჩა უფლის რისხვის დღეს. ის, ვინც სიყვარულით გამოვზარდე და გავამრავლე, მტერმა გაანადგურა.
იტვირთება შემდეგი თავი