გოდება იერემიასი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1როგორ დაიბინდა ოქრო, შეიცვალა საუკეთესო ოქრო; ყველა ქუჩის თავში გადმოიყარა საწმიდრის ძვირფასი ქვები.
- 2ძენი სიონისა, აუწონავი ბაჯაღლოსავით ძვირფასნი, როგორ დაემსგავსნენ მექოთნის ხელით ნაზელ თიხის დოქებს.
- 3ტურებიც კი მკერდს უშვერენ თავიანთ ლეკვებს, აჭმევენ ძუძუს! ჩემი ხალხის ასული კი სასტიკი გახდა, როგორც სირაქლემა უდაბნოში.
- 4ძუძუმწოვართა ენა სასას მიეკრა წყურვილისგან, პურს ითხოვენ ბავშვები, მაგრამ არავინაა მიმწოდებელი.
- 5ნუგბარის მჭამელნი გულწასულნი ყრიან ქუჩებში, ძოწეულში გაზრდილნი ნაგავში ეხვევიან.
- 6გადააჭარბა ჩემი ხალხის ასულის ურჯულოებამ სოდომის ცოდვას, რომელიც წამში მოისპო ისე, რომ ხელიც არ შეხებია.
- 7სიონის მთავარნი თოვლზე სპეტაკნი იყვნენ, რძეზე თეთრნი; მათი პირისახე მარჯანზე ღაჟღაჟა იყო, შეხედულებით საფირონს ჰგავდნენ.
- 8ნახშირივით ჩაუშავდათ სახეები, ვეღარ იცნობიან ქუჩებში; კანი დაუნაოჭდათ ძვლებზე, შეშასავით გამოუშრათ.
- 9მახვილით მოკლულიყვნენ სჯობდა, ახლა რომ შიმშილით იხოცებიან მინდვრის ნაყოფს მონატრულნი.
- 10გულმოწყალე ქალები თვითონ ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, საჭმელი რომ ჰქონოდათ ჩემი ასულის უბედურებისას.
- 11გადმოაფრქვია უფალმა თავისი გულისწყრომა, გადმოიღვარა მისი მძვინვარების ცეცხლი, ააგიზგიზა სიონი და შთანთქა მისი საფუძვლები.
- 12არც კი ეჯერათ ქვეყნის მეფეებსა და ქვეყნიერების მცხოვრებთ, რომ შემჭირვებელი და მტერი შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში.
- 13მის წინასწარმეტყველთა ცოდვებისა და მის მღვდელთა ურჯულოების გამო მოხდა ეს, მის წიაღში რომ ღვრიდნენ მართალთა სისხლს.
- 14ბრმებივით დაეხეტებიან ქუჩებში, სისხლით შებილწულნი, ისე რომ ვერავინ ეკარებოდა მათ სამოსელს.
- 15"განვედ, უწმიდურო!” უყვირიან. "გაგვშორდი, გაგვშორდი, არ შეგვეხო!” მიდიოდნენ და დაწანწალებდნენ; ხალხებში კი ამბობდნენ: "აქ აღარ ვაცხოვრებთო,
- 16უფალმა გაფანტა და მეტად აღარ მოხედავსო მათ, პატივს არ მიაგებდნენ ღვთისმსახურთ და მოხუცებულთ არ ინდობდნენო”.
- 17თვალები დაგვებინდა შემწეობის ამაო მოლოდინში, საგუშაგო გოდოლიდან გავცქეროდით ხალხს, რომელსაც არ შეეძლო ჩვენი შველა.
- 18უსაფრდებოდნენ ჩვენს ნაბიჯებს, რომ არ გვევლო ჩვენს ქუჩებში. მოახლოვდა ჩვენი ბოლო, დასრულდა ჩვენი დღეები, მოვიდა ჩვენი აღსასრული.
- 19ცის არწივებზე სწრაფნი იყვნენ ჩვენი მდევრები, მთებზე გვდევნიდნენ, უდაბნოში გვისაფრდებოდნენ.
- 20სუნთქვა ჩვენი ნესტოებისა, უფლისგან ცხებული, იმათ ორმოში დატყვევდა; ვისზეც ვამბობდით, მის ჩრდილქვეშ ვიცოცხლებთო ხალხებში.
- 21იმხიარულე და გაიხარე, ედომის ასულო, მცხოვრებო ყუცის ქვეყანაში, შენთანაც გადმოვა თასი, დათვრები და გაშიშვლდები.
- 22დასრულდა შენი ურჯულოების სასჯელი, სიონის ასულო, მეტად აღარ გაგდევნის; ხოლო შენ ედომის ასულო დაგსჯის შენი ურჯულოების გამო და გამოაჩენს შენს ცოდვებს.
იტვირთება შემდეგი თავი