ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
- 2"უთხარით ისრაელის შვილებს: აი, ცხოველები, რომლებიც გეჭმევათ ყველა პირუტყვს შორის, დედამიწაზე:
- 3ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი და საცოხნს ამოიცოხნის, შეგიძლიათ შეჭამოთ.
- 4იმათგან კი ნუ შეჭამთ, რომლებიც საცოხნს ამოიცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაყოფილი: აქლემი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
- 5ბოცვერი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
- 6კურდღელი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
- 7ღორი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი, მაგრამ საცოხნს არ ამოიცოხნის, უწმიდურია თქვენთვის;
- 8მათი ხორცი არ შეჭამოთ და მათ მძორს არ შეეხოთ; უწმიდურნი არიან ისინი თქვენთვის.
- 9აი, რა გეჭმევათ წყლის არსებათაგან: ყოველი, რასაც კი ფარფლი და ქერეჭი აქვს წყალში, ზღვებსა და მდინარეებში, შეგიძლიათ შეჭამოთ.
- 10ყველაფერი, რასაც ფარფლი და ქერეჭი არა აქვს ზღვებსა და მდინარეებში, წყლის ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ცოცხალი არსება, რომელიც წყალშია, საძაგელია თქვენთვის.
- 11საძაგელნი იყვნენ ისინი თქვენთვის: მათი ხორცი არ ჭამოთ და მათი მძორი გძაგდეთ.
- 12ყოველს, რომელსაც არა აქვს ფარფლი და ქერეჭი წყალში, საძაგელია თქვენთვის.
- 13ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ შეჭამოთ, საძაგელნი არიან: არწივი, სვავი და ფსოვი;
- 14ძერა, შევარდენი და მათი ჯიშისანი,
- 15ყოველი ყორანი და მისი ჯიშისანი,
- 16სირაქლემა, თოლია, ქორი და მათი ჯიშისანი,
- 17კიოტა, თევზიყლაპია და ძენძერუკი,
- 18ჭოტი, ვარხვი და კოდალა,
- 19ყარყატი, ყანჩა და მათი ჯიშისანი; ოფოფი და ღამურა.
- 20ყოველი მწერი, მფრინავი თუ ოთხზე მოარული, საძაგელია თქვენთვის.
- 21ეს კი შეგიძლიათ ჭამოთ: ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე მწერი, რომელსაც მუხლიანი წვივები აქვს მიწაზე სახტომად.
- 22ესენი შეგიძლიათ ჭამოთ ამათგან: კალია და მისი ჯიშისანი, სოლამი და მისი ჯიშისანი, ხარგოლი და მისი ჯიშისანი, ხაგაბი და მისი ჯიშისანი.
- 23ყოველი სხვა მფრინავი მწერი, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს, საძაგელია თქვენთვის,
- 24მათგან გაუწმიდურდებით; ყოველი ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე;
- 25და ყველამ, ვინც რამეს აიღებს მათი მძორისგან, უნდა გაირეცხოს სამოსელი; გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
- 26ყოველი ცხოველი, რომელსაც გაყოფილი აქვს ჩლიქი, მაგრამ ღრმა ჭრილი არა აქვს და საცოხნს არ ამოიცოხნის, უწმიდურია თქვენთვის; ყოველი, ვინც მათ შეეხება, გაუწმიდურდება.
- 27ყოველი ოთხფეხი მხეცი, რომელიც თათებზე დადის, უწმიდურია თქვენთვის; ვინც მათ მძორს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე;
- 28ვინც მათ მძორს შეეხება, გაირეცხოს სამოსელი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე; უწმიდურები არიან ისინი თქვენთვის.
- 29აი, რა არის მიწაზე მხოხავ ქვეწარმავალთაგან თქვენთვის უწმიდური: თხუნელა, თაგვი, ხვლიკი და მათი ჯიშისანი;
- 30ანაკა, ნიანგი, ბაყაყი, ლოკოკინა და ქამელეონი.
- 31ესენია თქვენთვის უწმიდურნი ქვეწარმავლებში; ვინც მათ მძორს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
- 32და ყველაფერი, რასაც რომელიმე მათგანის მძორი დაეცემა, გაუწმიდურდება: ხის რაიმე ჭურჭელი, ან სამოსელი, ან ტყავი, ან ტომარა და ნებისმიერი საგანი, რომელიც საქმეში გამოიყენება, ჩაშვებულ უნდა იქნას წყალში და იქნება უწმიდური საღამომდე, მერე კი განიწმიდება.
- 33ყოველგვარი თიხის ჭურჭელი, რომელშიც რომელიმე იმათგანი ჩავარდება და ყველაფერი, რაც მასშია, გაუწმიდურდება და უნდა დაამსხვრიოთ.
- 34ყოველი საჭმელი, რომელიც იჭმევა და მასში ასეთი ჭურჭლიდან შეაღწია წყალმა, გაუწმიდურდება და ყოველი სასმელი, რომელსაც სვამენ, ყოველ ასეთ ჭურჭელში, გაუწმიდურდება.
- 35ყველაფერი, რაზეც დაეცემა რაიმე მათი მძორისგან, გაუწმიდურდება; თონე და ქურა უნდა დაიმსხვრეს: გაუწმიდურებულნი არიან ისინი და გაუწმიდურებულნი იქნებიან თქვენთვისაც.
- 36მხოლოდ წყარო და ჭა, წყალსატევი დარჩება სუფთა, ხოლო ვინც მათ მძორს შეეხება - გაუწმიდურდება.
- 37და თუ რომელიმე მცენარის თესლს, რომელიც უნდა დაითესოს, დაეცა რაიმე მათი მძორისგან, სუფთაა იგი.
- 38თუ თესლს წყალი დაესხა და მათი მძორისგან რაიმე დაეცა, უწმიდური იქნება თქვენთვის.
- 39თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ და მის მძორს ვინმე შეეხება - უწმიდური იქნება საღამომდე;
- 40მისი მძორის მჭამელმა, სამოსელი უნდა გაირეცხოს და იქნება უწმიდური საღამომდე; უნდა გაირეცხოს სამოსელი მისი მძორის წამღებმა და იქნება უწმიდური საღამომდე.
- 41ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც მიწაზე ქვემძრომობს, საძაგელია, არ უნდა შეიჭამოს.
- 42ყოველი მუცელზე მხოხავი, ყოველი ოთხზე მოარული და ყოველი მრავალფეხა ქვეწარმავალი, რომელიც მიწაზე ქვემძრომობს, არ ჭამოთ, რადგან საძაგელნი არიან.
- 43თავს ნუ წაიბილწავთ ყოველი ქვემძრომი ქვეწარმავლით და ნუ გაუწმიდურდებით მათით და ნუ იქნებით უწმიდურნი მათგან.
- 44რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, განიწმიდეთ და იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე და ნუ გაიუწმიდურებთ თავს ყოველი ქვეწარმავლით, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე.
- 45რადგან, მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენს ღმერთად. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე.
- 46ესაა რჯული პირუტყვისა, ფრინველისა და ყოველი ცოცხალი არსებისა, რომლებიც წყალში იძვრიან და ყოველი არსებისა, რომლებიც მიწაზე ქვემძრომობენ,
- 47რათა იყოს განსხვავება უწმიდურსა და წმიდას შორის და ცხოველს შორის, რომელიც შეიძლება შეიჭამოს და ცხოველს შორის, რომელიც არ უნდა შეიჭამოს.
იტვირთება შემდეგი თავი