ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1ელაპარაკა უფალი მოსეს და აჰარონს:
- 2"თუ ადამიანს სიმსივნე, სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება ტანზე და გადაექცევა სხეულის კანზე კეთროვან წყლულად, უნდა მიუყვანონ იგი აჰარონ მღვდელს, ან მის ერთ-ერთ ძეს, მღვდელთაგანს.
- 3შეხედავს მღვდელი სხეულზე კანის წყლულს და თუ გათეთრებულია თმა წყლულზე და წყლულიც სხეულის კანშია ჩაღრმავებული, მაშინ ეს კეთრის წყლულია; დაინახავს მას მღვდელი და შერაცხავს უწმიდურად.
- 4თუ თეთრია წყლული მისი სხეულის კანზე და პირი სხეულის კანში არაა ჩაღრმავებული და არც თმაა გათეთრებული, მღვდელმა შვიდი დღით უნდა განამარტოვოს დაწყლულებული.
- 5ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ უცვლელი დარჩა წყლული და არ გავრცელდა კანზე, მაშინ მეორედ განამარტოვოს იგი შვიდი დღით.
- 6კვლავ ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული ძლივსღა შეიმჩნევა და არც კანზე გავრცელებულა, მაშინ გაწმედილად გამოაცხადოს იგი მღვდელმა: სირსველია ეს; გაირეცხოს სამოსელი და წმიდა იქნება:
- 7მღვდლის მიერ მისი სუფთად მიჩნევის შემდეგ თუ სირსველმა კანზე იწყო გავრცელება, მაშინ მეორედ ეჩვენოს მღვდელს.
- 8თუ შეამჩნევს მღვდელი, რომ, აჰა, გავრცელებულა სირსველი კანზე, მაშინ უწმიდურად შერაცხავს მას მღვდელი: ეს კეთრია.
- 9თუ კეთრის წყლული აქვს ადამიანს, მაშინ მღვდელს უნდა მიუყვანონ იგი.
- 10ნახავს მღვდელი და თუ თეთრია სიმსივნე კანზე, თმაც გათეთრებულა და სიმსივნეზეც ცოცხალი ხორცმეტია,
- 11მაშინ ძველისძველი კეთრი ჰქონია კანზე; შერაცხავს მღვდელი უწმიდურად და არ განამარტოებს, რადგან ის უკვე უწმიდურია.
- 12თუ გაეფურჩქნა კანზე კეთრი და დაწყლულებულ კანს თავიდან ფეხებამდე მთლიანად დაუფარავს, სადამდეც გასწვდება მღვდლის თვალი,
- 13თუ დაინახავს მღვდელი, რომ მთელი სხეული დაფარა კეთრმა, მაშინ წყლული წმიდად მიიჩნიოს: თუ მთლიანად გათეთრებულია, წმიდაა იგი.
- 14როცა ცოცხალი ხორცი გამოჩნდება მასზე, უწმიდურია იგი.
- 15დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს და უწმიდურად მიიჩნევს მას: უწმიდურია ცოცხალი ხორცი, კეთრია იგი.
- 16თუ კვლავ გათეთრდა ცოცხალი ხორცი, მაშინ მივიდეს მღვდელთან;
- 17შეხედავს მღვდელი და ნახავს, რომ გათეთრებულია წყლული, მაშინ სუფთად მიიჩნევს წყლულს: სუფთაა იგი.
- 18თუ ვინმეს კანზე ჩირქოვანი მუწუკი ექნება და განიკურნება,
- 19ხოლო ჩირქოვანი მუწუკის ადგილზე თეთრი სიმსივნე, ან თეთრ-წითელი ლაქა დააჩნდება, მივიდეს მღვდელთან.
- 20შეხედავს მას მღვდელი, თუ პირი კანშია ჩაღრმავებული, ხოლო თმა გათეთრებულია, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას: ეს კეთრის წყლულია, ჩირქოვან მუწუკზე აყვავებული.
- 21თუ ნახავს მღვდელი, რომ არც თმაა გათეთრებული და არც წყლულია კანში ჩაღრმავებული და ნაკლებადაა შესამჩნევი, მაშინ შვიდი დღით განამარტოებს მას მღვდელი.
- 22თუ ძლიერ გავრცელდა იგი კანზე, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს წყლულია.
- 23თუ თავის ადგილზე რჩება ეს ლაქა და არ ვრცელდება, მაშინ ეს ჩირქოვანი მუწუკის ანთებაა; სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი.
- 24თუ ვინმეს სიდამწვრე აქვს სხეულის კანზე და თუ შეხორცებულ სიდამწვრეზე თეთრ-წითელი ან თეთრი ლაქა აღმოაჩნდება,
- 25ნახავს მღვდელი, თუა გათეთრებული თმა ლაქაზე და პირი კანში ჩაღრმავებული, მაშინ ეს კეთრია, სიდამწვრეზე აყვავებული; უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: კეთრის წყლულია იგი.
- 26თუ დაინახავს მღვდელი, რომ თეთრი თმა არაა ლაქაზე, არც კანშია ჩაღრმავებული და ძლივს შეიმჩნევა, მაშინ შვიდი დღით განამარტოებს მას მღვდელი.
- 27შეხედავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს: თუ გავრცელდა კანზე, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს კეთროვანი წყლულია.
- 28თუ თავის ადგილზე დარჩა ლაქა, არ გავრცელდა კანზე და ძლივს შეიმჩნევა, მაშინ ეს სიდამწვრის სიმსივნეა და სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.
- 29თუ მამაკაცს ან დედაკაცს თავზე ან ლოყაზე წყლული გამოაჩნდება
- 30და ნახავს მღვდელი, რომ ღრმადაა კანში ჩამჯდარი წყლულის პირი, თმა კი მოყვითალო და თხელია მასზე, არაწმიდად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს ქეცია, თავის ან წვერის კეთრი.
- 31თუ ნახავს მღვდელი, რომ ჩაღრმავებული არ არის ქეცის წყლულის პირი კანში და არც შავი თმაა მასზე, შვიდი დღით განამარტოვოს მღვდელმა ქეცით დაწყლულებული.
- 32ნახავს მღვდელი წყლულს მეშვიდე დღეს და თუ არ გავრცელებულა ქეცი, არც მოყვითალო თმაა მასზე და ქეცის პირიც არაა ჩაღრმავებული კანში,
- 33მაშინ გაიპარსოს, მაგრამ ქეცით დაავადებულ ადგილს ნუ გაიპარსავს და მეორედ განამარტოვებს მღვდელი ქეცით დაავადებულს შვიდი დღით.
- 34მეშვიდე დღეს ნახავს მღვდელი ქეცს და თუ არ გავრცელებულა იგი კანზე და არც პირია ჩაღრმავებული კანში, მაშინ სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი; გაირეცხოს სამოსელი და სუფთა იქნება.
- 35თუ გასუფთავების შემდეგ გავრცელდა ქეცი კანზე,
- 36შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ გავრცელდა ქეცი კანზე, მაშინ ნუღარ მოძებნის მოყვითალო თმას - უწმიდურია იგი.
- 37თუ ხილულად დარჩა ქეცი და ზედ შავი თმა ამოვიდა, განკურნებულია იგი; სუფთაა და მღვდელიც სუფთად მიიჩნევს.
- 38თუ მამაკაცს ან დედაკაცს სხეულის კანზე ლაქები გამოაჩნდებათ, თეთრი ლაქები,
- 39თუ დაინახავს მღვდელი, რომ ფერმკრთალია მათი სხეულის კანზე გამოსული თეთრი ლაქები, ღია ფერის ქეცი იქნება ეს, რომელიც კანზე აყვავდა: სუფთაა იგი.
- 40თუ ვინმეს თავზე თმა გასცვივდა, ეს სიმელოტეა; სუფთაა იგი.
- 41თუ წინა მხრიდან გასცვივდა თმა, მაშინ მელოტია ის, სუფთაა იგი.
- 42თუ მელოტ ან ქაჩალ ადგილზე თეთრ-წითელი წყლული გაუჩნდება, მაშინ ეს კეთრია, მელოტ ან ქაჩალ ადგილზე აყვავებული.
- 43შეხედავს მას მღვდელი და აჰა, თუ თეთრ-წითელი წყლულის სიმსივნეა მელოტ ან ქაჩალ ადგილზე, ისეთივე, როგორიც კეთრია ხოლმე სხეულის კანზე,
- 44მაშინ კეთროვანი კაცია ის, უწმიდურია იგი; უწმიდურად უნდა გამოაცხადოს მღვდელმა: წყლული აქვს თავზე.
- 45დაწყლულებულის სამოსი უნდა დაიხეს, თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, ულვაშებამდე შებურვილი უნდა იყოს და იძახოს: "უწმიდური! უწმიდური!”
- 46უწმიდურია მთელი დღეები, სანამ წყლული აქვს; უწმიდურია იგი, განცალკევებით იცხოვროს, თავისი სადგომის ბანაკის გარეთ.
- 47თუ კეთროვანი წყლული იქნება სამოსელზე, მატყლის ან სელის სამოსელზე,
- 48ქსელზე, სელის ან მატყლის მისაქსელზე, ტყავზე ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე,
- 49თუ მომწვანო ან მოწითალო წყლული იქნება სამოსელზე: ტყავზე, ქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ ეს კეთრის წყლულია; მღვდელს უნდა ეჩვენოს.
- 50ნახავს იგი წყლულს და განამარტოებს კეთროვანს შვიდი დღით.
- 51ნახავს წყლულს მეშვიდე დღეს და თუ გავრცელდა წყლული სამოსელზე, ქსელზე, მისაქსელზე, ტყავზე ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, მაშინ ეს მწვავე კეთრია: უწმიდური წყლულია იგი.
- 52უნდა დაიწვას სამოსელი: მატყლის, სელის ქსელი, ან ტყავის რომელიმე საგანი, რაზეც წყლული იქნება; რადგან ეს მწვავე წყლულია: ცეცხლში უნდა დაიწვას.
- 53თუ დაინახავს მღვდელი, რომ არ გავრცელებულა წყლული სამოსელზე, ქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე,
- 54მაშინ უბრძანებს მღვდელი, გარეცხავენ იმას, რაზეც წყლულია და მეორედ განამარტოებს მას შვიდი დღით.
- 55ნახავს მღვდელი წყლულს გამორეცხვის შემდეგ და აჰა, არ იცვალა სახე წყლულმა, თუმცა არ გავრცელებულა, უწმიდურია ის; ცეცხლზე დაწვი იგი; ამოჭმულია მისი წაღმა ან უკუღმა პირი.
- 56თუ ნახავს მღვდელი, რომ ნაკლებად შესამჩნევია წყლული მისი გამორეცხვის შემდეგ, მაშინ ამოგლიჯოს იგი სამოსელიდან, ტყავიდან, ქსელიდან ან მისაქსელიდან.
- 57თუ კვლავ გამოჩნდება იგი სამოსელზე, ქსელზე, მისაქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ აყვავებულია იგი: ცეცხლში დაიწვას, რაზეც წყლულია.
- 58სამოსელს, ქსელს, მისაქსელს ან ტყავის რომელიმე საგანს, რომელსაც გარეცხავ და გაშორდება წყლული, გადარეცხავ ხელმეორედ და გასუფთავდება.
- 59ეს არის რჯული კეთროვან წყლულზე, მატყლის, სელის, ქსელის, მისაქსელის ტანისამოსზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მის სუფთად ან უწმიდურად მისაჩნევად.
იტვირთება შემდეგი თავი