ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 15

  1. 1
    უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
  2. 2
    "ელაპარაკეთ ისრაელის შვილებს და უთხარით: თუ ვინმეს გამონადენი ექნება სხეულიდან, უწმიდურია იგი გამონადენის გამო.
  3. 3
    აი, რა არის მისი უწმიდურება: როდესაც გამონადენი სდის სხეულიდან და როდესაც უჩერდება გამონადენი სხეულში, ეს მისი უწმიდურებაა.
  4. 4
    ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება ლორწომდინარი, უწმიდურია და რაზეც დაჯდება - უწმიდურია.
  5. 5
    ვინც მის საწოლს შეეხება, სამოსელი გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
  6. 6
    ვინც იქ დაჯდება, სადაც ლორწომდინარი იჯდა, გაირეცხოს სამოსელი, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
  7. 7
    ლორწომდინარის სხეულის შემხებმა სამოსელი უნდა გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
  8. 8
    თუ ლორწომდინარი გაწმიდავებულს მიაფურთხებს, გაირეცხოს მან სამოსელი, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
  9. 9
    ყოველი დასაჯდომი, რომლითაც ლორწომდინარი მგზავრობდა, უწმიდურია.
  10. 10
    ყოველი შემხები იმისი, რაც მის ქვეშ იყო, უწმიდური იქნება საღამომდე.
  11. 11
    ყველას, ვისაც კი ლორწომდინარი შეეხება და ხელი წყალში არ ექნება დაბანილი, უნდა გაირეცხოს სამოსელი, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
  12. 12
    თიხის ჭურჭელი, რომელსაც ლორწომდინარი შეეხება, დაიმსხვრეს, ხოლო ყოველ ხის ჭურჭელში წყალი უნდა იქნას გამოვლებული.
  13. 13
    როდესაც გასუფთავდება ლორწომდინარი გამონადენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე განწმედიდან და გაირეცხოს სამოსი, გამდინარე წყალში დაიბანოს სხეული და სუფთა იქნება.
  14. 14
    აიყვანოს მერვე დღეს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, მივიდეს უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან და მისცეს ისინი მღვდელს.
  15. 15
    და შესწიროს მღვდელმა ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე კი - სრულადდასაწველად და გამოისყიდოს იგი უფლის წინაშე მისი გამონადენისთვის.
  16. 16
    მამაკაცმა, რომელსაც თესლდენა დაემართა, წყლით დაიბანოს მთელი სხეული და იქნება უწმიდური საღამომდე.
  17. 17
    ყოველი სამოსელი და სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყლით უნდა განიბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება.
  18. 18
    როდესაც დაწვება მამაკაცი ქალთან და მოხდება თესლდენა - ორივემ წყლით დაიბანონ და იქნებიან საღამომდე უწმიდურები.
  19. 19
    თუ ქალს სისხლდენა აქვს სხეულიდან, შვიდი დღე იქნება განმარტოებული. ყველა, ვინც შეეხება - საღამომდე უწმიდური იქნება.
  20. 20
    ყველაფერი, რაზეც განმარტოების დროს დაწვება იგი, გაუწმიდურდება და ყოველივე, რაზეც დაჯდება, გაუწმიდურდება.
  21. 21
    ყველამ, ვინც შეეხება მის საწოლს, სამოსელი გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
  22. 22
    ყველამ, ვინც შეეხება რომელიმე საგანს, რომელზეც ის იჯდა, სამოსელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და იქნება უწმიდური საღამომდე.
  23. 23
    თუ რამე იდება საწოლზე ან საგანზე, რომელზეც ის იჯდა, და შეეხო მას მამაკაცი, მაშინ საღამომდე უწმიდური იქნება.
  24. 24
    თუ დაწვება მასთან მამაკაცი და მოეცხება ქალის თვიური ნადენი, მაშინ უწმიდური იქნება ის მამაკაცი შვიდ დღეს და ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება იგი, უწმიდური იქნება.
  25. 25
    თუ ქალი არ არის წიდოვანი და მრავალი დღის განმავლობაში აქვს სისხლდენა, ან წიდოვანების ვადაზე მეტ ხანს აქვს დენა, მაშინ სისხლდენის მთელი დროის განმავლობაში, როგორც წიდოვანების დღეებში, უწმიდურია იგი.
  26. 26
    ყოველი საწოლი, რომელზეც სისხლდენის დროს დაწვება, უწმიდურების საწოლად ჩაითვლება მისთვის; და რაზეც დაჯდება უწმიდური იქნება, როგორც წიდოვანების დროს.
  27. 27
    ყველა, ვინც მათ შეეხება, გაუწმიდურდება; გაირეცხოს სამოსელი, წყლით დაიბანოს და უწმიდური იქნება საღამომდე.
  28. 28
    როცა განიწმინდება სისხლდენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე და შემდეგ იქნება სუფთა.
  29. 29
    და მერვე დღეს წაიყვანოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, მიიტანოს მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან;
  30. 30
    შესწირავს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს - სრულადდასაწველად; და გამოისყიდის მას უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმინდურების გამო.
  31. 31
    ასე მოაცილე უწმიდურება ისრაელის შვილებს, რათა არ დაიხოცნონ თავისი უწმიდურებით, შებღალავენ რა ჩემს სავანეს, რომელიც მათ შორისაა.
  32. 32
    ესაა რჯული ლორწომდინარის და იმისა, ვისაც თესლდენა დაემართება, რაც გააუწმიდურებს მას;
  33. 33
    წიდოვანისა და ლორწომდინარისა, მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი, და კაცისა, რომელიც გაუწმიდურებულ ქალთან დაწვება”.
იტვირთება შემდეგი თავი