ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1ელაპარაკა უფალი მოსეს აჰარონის ორი ძის სიკვდილის შემდეგ, როცა მიუახლოვდნენ უფლის თანდასწრებას და დაიხოცნენ;
- 2უთხრა უფალმა მოსეს: "ელაპარაკე აჰარონს, შენს ძმას, ყოველთვის ნუ შევა კრეტსაბმელს მიღმა წმიდაში, კიდობნის სარქვლის წინ, რათა არ მოკვდეს, ვინაიდან სარქველს ზემოთ, ღრუბელში გამოვჩნდები.
- 3აი, რით შევიდეს აჰარონი წმიდაში: ცოდვისთვის შესაწირი ნორჩი მოზვრითა და სრულადდასაწველი ვერძით.
- 4წმიდა სელის კვართი შეიმოსოს, სელის ქვედა სამოსი ამოიცვას სხეულზე, სელის სარტყელი შემოირტყას და სელის მიტრა დაიფაროს, რადგან წმიდაა ეს სამოსელი. ჯერ წყლით განიბანოს სხეული და მერე შეიმოსოს.
- 5აიყვანოს ისრაელიანთა კრებულისგან ორი ვაცი ცოდვის მსხვერპლად და ერთი ვერძი სრულადდასაწველად.
- 6შეწიროს აჰარონმა მოზვერი ცოდვისთვის და გამოისყიდოს თავის თავი და თავისი სახლეული.
- 7აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან;
- 8წილი ჰყაროს აჰარონმა ორივე ვაცზე: ერთი წილი უფლისთვის, მეორე - განტევებისთვის.
- 9მიჰგვაროს აჰარონმა უფალს მისი წილხვდომილი ვაცი და შესწიროს ცოდვის მსხვერპლად.
- 10ხოლო ვაცი, რომელსაც განტევება ხვდა წილად, ცოცხლად დააყენოს უფლის წინაშე, რათა გამოისყიდოს იგი და გაუშვას უდაბნოში განსატევებლად.
- 11წარადგინოს აჰარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად და გამოისყიდოს თავის თავი და თავისი სახლეული და დაკლას მისთვის განკუთვნილი მოზვერი ცოდვის მსხვერპლად.
- 12აიღოს სამსხვერპლოდან, რომელიც უფლის წინაშეა, ნაკვერცხლებით სავსე საცეცხლური და წმიდა, დაფხვნილი, კეთილსურნელოვანი საკმევლით სავსე პეშვი და შეიტანოს კრეტსაბმელის მიღმა;
- 13ცეცხლზე დადოს საკმეველი უფლის წინაშე და დაფაროს საკმევლის კვამლმა სარქველი, რომელიც მოწმობაზეა, რათა არ მოკვდეს;
- 14აიღოს მოზვერის სისხლი და მოასხუროს თითით სარქვლის ზედაპირს აღმოსავლეთ მხარეს, სარქვლის წინ კი შვიდჯერ მოასხუროს თითით სისხლი.
- 15დაკლას ვაცი ცოდვის მსხვერპლისა, რომელიც ხალხისთვისაა და შეიტანოს მისი სისხლი კრეტსაბმელის მიღმა და გააკეთოს მისი სისხლით იგივე, რაც მოზვერის სისხლით გააკეთა და ასხუროს სარქველს და სარქვლის წინ.
- 16გამოისყიდოს საწმიდრისთვის ისრაელიანების უწმიდურება, მათი ურჩობა და ყოველი ცოდვა, ასევე მოიქცეს საკრებულო კარვისთვის, რომელიც მკვიდრობს მათთან, მათ უწმიდურობათა შორის.
- 17არავინ იყოს საკრებულო კარავში, როცა ის გამოსყიდვისთვის შედის წმიდაში, მის გამოსვლამდე. სანამ არ გამოისყიდის თავის თავს, თავის სახლეულს და ისრაელის მთელ კრებულს.
- 18გამოვა სამსხვერპლოსთან, რომელიც უფლის წინაშეა და აღასრულებს გამოსყიდვას. აიღებს მოზვერისა და ვაცის სისხლს და სცხებს ირგვლივ სამსხვერპლოს რქებს.
- 19შვიდჯერ მოასხურებს მასზე სისხლს თითით და გაასუფთავებს და განწმედს მას ისრაელიანთა უწმიდურობისგან.
- 20და როცა დაასრულებს წმიდის, საკრებულო კარვისა და სამსხვერპლოს გამოსყიდვას, მაშინ მიჰგვრის ცოცხალ ვაცს.
- 21დაადებს აჰარონი ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, აღიარებს ისრაელიანთა ყოველ უკანონობას, ურჩობას, ცოდვას, ვაცს დააკისრებს მათ და წარგზავნის შესაფერი კაცის ხელით უდაბნოში.
- 22იტვირთავს ვაცი ყველა მათ ცოდვას, წაიღებს უდაბურ ქვეყანაში; და გაუშვებს კაცი თხას უდაბნოში.
- 23შევა აჰარონი საკრებულო კარავში, გაიხდის სელის სამოსელს, რომლითაც შეიმოსა წმიდაში შესვლისას და იქ დატოვებს.
- 24წყალში განიბანს სხეულს წმიდა ადგილზე, შეიმოსავს თავის სამოსელს, გამოვა და შესწირავს სრულადდასაწველს თავისთვის და სრულადდასაწველს ხალხისთვის და გამოისყიდის თავის თავს და ხალხს.
- 25ცოდვის მსხვერპლის ქონს კი დააკმევს სამსხვერპლოზე.
- 26ვინც გაუშვა განტევების ვაცი, გაირეცხოს სამოსი, წყალში განიბანოს სხეული და მერე დაბრუნდეს ბანაკში.
- 27ცოდვისთვის შენაწირი მოზვერი და ვაცი, რომელთა სისხლიც გამოსყიდვისთვის იქნა შეტანილი წმიდაში, გაიტანონ ბანაკის გარეთ და ცეცხლში დაწვან მათი ტყავი, ხორცი და განავალი.
- 28მათმა დამწველმა კი ჯერ სამოსი გაირეცხოს, სხეული წყალში განიბანოს და მერე დაბრუნდეს ბანაკში.
- 29და იყოს ეს თქვენთვის სამუდამო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს, მარხვით დაიმდაბლეთ თავები და არ გააკეთოთ არავითარი საქმე, არც მკვიდრმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა ხიზანმა.
- 30რადგან ამ დღეს გამოგისყიდით მღვდელი, განიწმიდებით ყოველი თქვენი ცოდვისგან და წმიდა იქნებით უფლის წინაშე.
- 31დასვენების შაბათია ეს თქვენთვის, დაიმდაბლეთ თავი. ეს სამუდამო წესია.
- 32მღვდელმა, რომელსაც მსახურებაზე განაწესებენ, რათა თავისი მამის მაგიერ გასწიოს მღვდლობა, შეიმოსოს სელის წმიდა სამოსი
- 33და გამოისყიდოს წმიდა ადგილი, საკრებულო კარავი, სამსხვერპლო, ყოველი მღვდელი და ხალხის მთელი საკრებულო.
- 34იყოს ეს თქვენთვის სამუდამო წესად ისრაელის ძეთა ყველა ცოდვის გამოსასყიდად წელიწადში ერთხელ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
იტვირთება შემდეგი თავი