ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1უთხრა უფალმა მოსეს:
- 2"უთხარი აჰარონსა და მის ძეებს, გაუფრთხილდნენ ისრაელის ძეთა სიწმიდეებს და არ შებღალონ ჩემი წმიდა სახელი იმით, რასაც მიძღვნიან. მე ვარ უფალი.
- 3უთხარი მათ: თუ მთელი თქვენი შთამომავლობიდან, თაობიდან თაობამდე, ვინმე გაუწმიდურებული მიეახლება უფლისადმი ისრაელიანთა მიძღვნილ სიწმიდეებს, მოიკვეთება იგი ჩემგან. მე ვარ უფალი.
- 4არცერთი კაცი აჰარონის შთამომავალთაგან, რომელიც კეთროვანია ან გამონადენი აქვს, არ ჭამდეს სიწმიდეთაგან, სანამ არ გასუფთავდება. თუ შეეხება რაიმე უწმიდურს: მიცვალებულს, თესლდენის მქონეს,
- 5თუ რომელიმე ქვემძრომს შეეხება და გაუწმიდურდება ან რაიმეთი გაუწმიდურებულ კაცს, რა უწმიდურებაც არ უნდა იყოს,
- 6უწმიდური იქნება საღამომდე და არ უნდა ჭამოს სიწმიდეთაგან, სანამ წყლით არ განიბანს სხეულს.
- 7ჩავა მზე და ისიც განიწმიდება, მაშინ შეუძლია ჭამოს სიწმიდეთაგან, რადგან ეს მისი საკვებია.
- 8ლეში ან ნამხეცავი არ უნდა ჭამოს, რათა არ გაუწმიდურდეს; მე ვარ უფალი.
- 9დაიცვან ჩემი დადგენილებანი, თორემ ცოდვას იტვირთავენ და დაიხოცებიან, მათი შებღალვის გამო. მე ვარ უფალი, მათი გამწმედი.
- 10უცხომ არ უნდა ჭამოს წმიდა; არც მღვდლის ხიზანმა ან მოჯამაგირემ ჭამოს წმიდასგან.
- 11მღვდლის მიერ თავისი ფულით ნაყიდ მონას და მის სახლში დაბადებულს შეუძლიათ ჭამონ მისი პური.
- 12თუ მღვდლის ასული უცხოს მისთხოვდა, არ ჭამოს წმიდა შენაწირთაგან.
- 13თუ მღვდლის ასული დაქვრივდა ან ქმარს გაცილდა, შვილი არ ჰყავს და მამის სახლში დაბრუნდა, ჭამოს მამის პური, როგორც თავისი სიყმაწვილის დროს. მაგრამ უცხომ არ უნდა ჭამოს.
- 14ვინმე თუ შეცდომით შეჭამს წმიდას, ზედ მისი მეხუთედი წილი დაურთოს და მისცეს მღვდელს წმიდასთან ერთად.
- 15ნუ შებღალავენ ისრაელიანები სიწმიდეებს, რომლებსაც უფალს სწირავენ.
- 16თორემ დადანაშაულდებიან და სასჯელს დაატეხენ ისრაელს, სიწმიდეთა ჭამით, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედი”.
- 17უთხრა უფალმა მოსეს:
- 18"ელაპარაკე აჰარონს, მის ძეებს, ყოველ ისრაელიანს და უთხარი მათ: თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან ხიზანთაგან მსხვერპლს მოიტანს თავისი რომელიმე აღთქმისთვის ან სამშვიდობო ძღვნად, რომელსაც სრულადდასაწველად შესწირავენ უფალს;
- 19იმისათვის, რომ კეთილგანწყობა მოიპოვოთ, იყოს ის უნაკლო მამალი - ცხვარი, თხა ან საქონელი.
- 20ნაკლიანი არაფერი შესწიროთ, რადგან არ იქნება მიღებული.
- 21თუ ვინმე სამშვიდობო მსხვერპლს შესწირავს უფალს აღთქმის შესასრულებლად ან ძღვნად, მსხვილფეხა იქნება ეს თუ წვრილფეხა საქონელი: უნაკლო უნდა იყოს, რათა მიღებულ იქნას; არავითარი ნაკლი არ ჰქონდეს.
- 22ბრმა, დასახიჩრებული, დასერილი, დაკოჟრილი ან ქეციანი არ შესწიროთ უფალს და არც სრულადდასაწველად მისცეთ იგი უფლისთვის სამსხვერპლოზე.
- 23ზედმეტად გაზრდილი ან მოკლე კიდურებიანი ხარი და კრავი შეგიძლიათ შესწიროთ ძღვნად, მაგრამ აღთქმისთვის მიღებული არ იქნება.
- 24კვერცხებგაჭყლეტილი, გასრესილი, მოგლეჯილი ან ჩამოგლეჯილი არ შესწიროთ უფალს და თქვენს ქვეყანაში ასეთი მსხვერპლი არ გაიღოთ.
- 25უცხოელის ხელიდან არ შესწიროთ თქვენს ღმერთს ამ ყოველთაგან, რადგან ნაკლიანი და გაფუჭებულია; არ იქნება მიღებული”.
- 26უთხრა უფალმა მოსეს:
- 27"როცა მოზვერი, კრავი ან თიკანი გაჩნდება, შვიდი დღე დედასთან იყოს, მერვე დღიდან კი გამოსადეგია უფლისთვის სრულადდასაწველად.
- 28ძროხა ან ცხვარი არ დაკლათ ერთ დღეს თავის ნაშობთან ერთად.
- 29როცა სამადლობელ მსხვერპლს შესწირავთ უფალს, ისე გააკეთეთ, რომ მიიღოს თქვენი მსხვერპლი.
- 30იმავე დღეს შეიჭამოს იგი, არ დატოვოთ მისგან განთიადამდე. მე ვარ უფალი.
- 31დაიცავით ჩემი მცნებანი და აღასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი.
- 32ნუ შებღალავთ ჩემს წმიდა სახელს, რათა წმიდა ვიყო ისრაელის ძეთა შორის, მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი,
- 33რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი”.
იტვირთება შემდეგი თავი