ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1უთხრა უფალმა მოსეს: "განუცხადე მღვდლებს, აჰარონის ძეებს, და უთხარი: არცერთი მათგანი არ შეიბილწოს მიცვალებულის შეხებით თავის ხალხში.
- 2მხოლოდ თავისი უახლოესი ნათესავების გამო: დედის და მამის, ძისა და ასულის, თავისი ძმის,
- 3და თავისი დის, ქალწულისა, რომელიც არ იყო გათხოვილი - მათთვის შეუძლია გაუწმიდურება.
- 4ნუ გაიუწმიდურებს თავს კაცი თავის ხალხში, რათა არ წაიბილწოს.
- 5არ მოიტიტვლონ თავი და წვერის კიდეები არ მოიპარსონ, სხეულზე ნაკაწრებს ნუ გაიკეთებენ.
- 6წმიდები იყვნენ ისინი თავისი ღმერთისთვის და არ შებღალონ თავისი ღმერთის სახელი, რადგან უფლის საცეცხლო შესაწირს, თავისი ღმერთის პურს სწირავენ ისინი და ამიტომ უნდა იყვნენ წმიდები.
- 7მეძავი და წაბილწული არ ითხოვონ ცოლად, ასევე განქორწინებული თავისი ქმრისაგან, რადგან წმიდები არიან თავისი ღმერთისთვის.
- 8შენ აკურთხე იგი, რადგან შენს ღმერთს სწირავს პურს. წმიდა იყოს ის შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი განმწმედელი.
- 9თუ რომელიმე მღვდლის ასული მრუშობით შეიბღალავს თავს, ამით მამამისსაც შებღალავს, ცეცხლში დაიწვას იგი.
- 10მთავარი მღვდელი თავის ძმათაგან, რომელსაც ზეთი სცხეს თავზე და აკურთხეს, რომ შეიმოსოს შესამოსელით - თავს ნუ მოიშიშვლებს და სამოსელს ნუ შემოიხევს.
- 11არცერთ გვამს არ უნდა მიეკაროს; არც მამას და არც დედას, რომ არ წაიბილწოს.
- 12საწმიდარიდან არ გავიდეს, რათა თავისი ღმერთის საწმიდარი არ წაბილწოს, რადგან მისი ღმერთის ზეთითაა ნაკურთხი. მე ვარ უფალი.
- 13ცოლად ქალწული შეირთოს.
- 14ქვრივი, ქმარგაყრილი ან წაბილწული მეძავი არ შეირთოს; მხოლოდ ქალწული შეირთოს ცოლად თავისი ხალხიდან.
- 15არ წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში, რადგან მე ვარ უფალი მისი გამწმედი”.
- 16უთხრა უფალმა მოსეს:
- 17"ასე უთხარი აჰარონს: კაცი, რომელსაც სხეულის ნაკლი ექნება შენს შთამომავალთაგან თავის თაობებში, არ მივიდეს პურის შესაწირად თავისი ღმერთის წინაშე.
- 18და არცერთი, ვისაც ნაკლი აქვს, არ მივიდეს: კაცი ბრმა ან კოჭლი, ან ცხვირჩაჭყლეტილი ან მახინჯი,
- 19ან კაცი, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი ან ხელი აქვს მოტეხილი,
- 20ან კუზიანი, ან ქონდრისკაცი, ან რომელსაც ლიბრი აქვს თვალზე გადაკრული, ან ქეცი სჭირს, ან კვერცხები აქვს დაჭყლეტილი.
- 21ყოველი კაცი, რომელსაც ნაკლი აქვს აჰარონის, მღვდლის შთამომავალთაგან, არ მიეახლოს უფლის საცეცხლო შესაწირთა შესაწირად; ნაკლიანია ის, არ მიეახლოს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად.
- 22თავისი ღმერთის პური წმიდათა წმიდიდან და წმიდიდან შეუძლია ჭამოს,
- 23მაგრამ ფარდასთან არ მივიდეს და სამსხვერპლოს არ მიეახლოს, რადგან ნაკლი აქვს; და არ წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი”.
- 24და ელაპარაკა მოსე აჰარონსა და მის ძეებს და ისრაელის ყოველ შვილს.
იტვირთება შემდეგი თავი