ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 20
- 1ელაპარაკა უფალი მოსეს:
- 2"უთხარი ისრაელის ძეებს: ყოველი, ვინც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს, ისრაელის ძე იქნება თუ მწირი ისრაელში, უსათუოდ მოკვდეს; მთელმა ხალხმა ჩაქოლოს იგი.
- 3მოვმართავ ჩემს სახეს იმ კაცის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან, რადგან მოლოქს შესწირა თავისი ნაშიერი, რათა შეებილწა ჩემი საწმიდარი და შეებღალა ჩემი წმიდა სახელი.
- 4თუ ხალხი თვალს აარიდებს იმ კაცს, რომელიც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს და არ მოკლავს მას,
- 5ჩემს სახეს მოვმართავ იმ კაცისა და მისი სახლეულის წინააღმდეგ და მოვკვეთ მას და ყოველს, მისი და მოლოქის კვალდაკვალ მემრუშეს, მათი ხალხიდან.
- 6ვინც მიცვალებულთა გამომძახებლებსა და ჯადოსნებს მიმართავს მათ კვალდაკვალ სამრუშოდ, ჩემს სახეს მოვმართავ იმ ადამიანის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან.
- 7მომიძღვენით თავები და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 8დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი.
- 9თუ ვინმემ თავისი მამა და დედა დასწყევლოს, უსათუოდ მოკვდეს. მამამისი და დედამისი დასწყევლა მან: მასზეა მისი სისხლი.
- 10თუ იმრუშებს ვინმე ქმრიან ქალთან, თავისი მოყვასის ცოლთან, უსათუოდ მოკვდნენ მრუში მამაკაცი და მრუში დედაკაცი.
- 11ვინც თავისი მამის ცოლთან დაწვება, მამამისის სიშიშვლეს ახადა: უსათუოდ მოკვდნენ ორივენი, მათზეა მათი სისხლი.
- 12თუ თავისი შვილის ცოლთან დაწვება ვინმე, უსათუოდ მოკვდნენ ორივენი. აღრევა ჩაიდინეს; მათზეა მათი სისხლი.
- 13თუ მამაკაცი დაწვება მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: სისაძაგლე ჩაიდინეს მათ; უსათუოდ მოკვდნენ ორივენი, მათზეა მათი სისხლი.
- 14თუ ვინმე დედასა და შვილს შეირთავს ცოლად, უზნეობას ჩაიდენს; ცეცხლში დაწვით ისინი, რათა უზნეობა არ იყოს თქვენ შორის.
- 15ვინც პირუტყვთან დაიჭერს კავშირს, უსათუოდ მოკვდეს და პირუტყვიც მოკალით.
- 16თუ ქალი რომელიმე პირუტყვს შესაწყვილებლად მიუახლოვდება, მაშინ მოკალით ქალი და პირუტყვიც უსათუოდ მოკვდეს, მათზეა მათი სისხლი.
- 17თუ ვინმემ საკუთარი და შეირთო, თავისი მამის ან დედის ასული და დაინახეს ერთმანეთის სიშიშვლე, სიბილწეა; მოიკვეთონ თავისი ხალხის ძეთა თვალთაგან. თავისი დის სიშიშვლე წარმოაჩინა მან: ცოდვა აწევს.
- 18თუ ვინმე ცოლთან მისი წიდოვნებისას დაწვება და ახდის სიშიშვლეს, იხილავს მის დენას და ისიც გამოაჩენს თავის სისხლდენას, ორივე მოიკვეთონ თავისი ხალხიდან.
- 19დეიდის ან მამიდის სიშიშვლეს არავინ ახადოს, რადგან საკუთარ სისხლსა და ხორცს გააშიშვლებს; თავის ცოდვას იტვირთავენ ისინი.
- 20ვინც თავის ბიცოლასთან დაწვება, ის საკუთარი ბიძის სიშიშვლეს გამოაჩენს. თავის ცოდვას იტვირთავენ, უშვილონი დაიხოცებიან.
- 21თუ ვინმე თავისი ძმის ცოლს შეირთავს, უწმიდურებაა, საკუთარ ძმას ახადა სიშიშვლე: ამიტომ, უშვილონი იქნებიან.
- 22დაიცავით ყოველი ჩემი წესი და სამართალი, აღასრულეთ ისინი და არ ამოგანთხევთ ქვეყანა, სადაც მიმყავხართ საცხოვრებლად.
- 23ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებისამებრ, რომელთაც ვდევნი თქვენგან; ვინაიდან ამ ყოველივეს სჩადიოდნენ და მძაგს ისინი.
- 24აკი გითხარით: დაიმკვიდრებთ მათ მიწას და მე მოგცემთ მას სამკვიდრებლად, ქვეყანას სადაც მოედინება რძე და თაფლი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ ხალხებისგან.
- 25განასხვავეთ წმიდა და უწმიდური პირუტყვი და წმიდა და უწმიდური ფრინველი; ნუ შეიბილწებით პირუტყვით, ფრინველით და ყოველი ქვემძრომით მიწაზე, რაც უწმიდურია და გამოვაცალკევე თქვენგან;
- 26და იქნებით ჩემთვის წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი და მე გამოგაცალკევეთ სხვა ხალხებისგან, რათა ჩემთვის ყოფილიყავით.
- 27თუ მამაკაცი ან დედაკაცი მიცვალებულის გამომძახებელი ან ჯადოქარი აღმოჩნდება, უსათუოდ მოკვდეს, ქვებით ჩაიქოლოს, მათზეა მათი სისხლი”.
იტვირთება შემდეგი თავი