ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 19
- 1უთხრა უფალმა მოსეს:
- 2"ელაპარაკე ისრაელის შვილთა მთელ თემს და უთხარი მათ: იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.
- 3თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას და დაიცავით ჩემი შაბათები. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 4ნუ მიბრუნდებით კერპებისკენ და ნუ გაიკეთებთ ჩამოსხმულ ღმერთებს: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 5როცა სამშვიდობო შესაწირს შესწირავთ უფალს, ისე შესწირეთ, რომ წყალობა მიიღოთ.
- 6თქვენი მსხვერპლშეწირვის დღეს და მეორე დღეს შეიჭამოს იგი, ხოლო, რაც მესამე დღემდე მორჩება - ცეცხლში დაიწვას.
- 7თუ მესამე დღეს შეიჭამა მსხვერპლი, შებღალულად ჩაითვლება და არ იქნება მიღებული.
- 8მისი მჭამელი ცოდვას იტვირთავს, რადგან შებღალა უფლის სიწმინდე და მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
- 9როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ნუ მომკი ყანის კიდემდე და მკის დროს დაცვენილს ნუ აკრეფ.
- 10ვენახსაც ნუ მოკრეფ მთლიანად, ძირს დაცვენილ ცალკეულ მარცვლებს ნუ აკრეფ: ღარიბისა და ხიზნისთვის დატოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 11არ მოიპაროთ, არ იცრუოთ, ერთიმეორე არ მოატყუოთ.
- 12ჩემი სახელი ტყუილზე არ დაიფიცოთ: არ შებღალოთ თქვენი ღმერთის სახელი; მე ვარ უფალი.
- 13არ შეავიწროო შენი მოყვასი და არ გაქურდო; მომსახურე კაცის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ.
- 14ყრუ არ დასწყევლო და ბრმას წინ დაბრკოლება არ დაუდო, შენი ღმერთის გეშინოდეს. მე ვარ უფალი.
- 15უსამართლობა არა ქმნათ სასამართლოში; გლახაკს ზედმეტად ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.
- 16ჭორი არ გაავრცელო შენს ხალხში; საფრთხეში არ ჩააგდო შენი მოყვასის სიცოცხლე. მე ვარ უფალი.
- 17შენი მოძმე გულში არ გძულდეს; ამხილე შენი მოყვასი და შენზე არ იქნება მისი ცოდვა.
- 18შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი.
- 19დაიცავით ჩემი წესები; საქონელი სხვა ჯიშთან არ შეაჯვარო; მინდორზე შერეული ჯიშის თესლი არ დათესო და სელის და მატყლის შერეული ძაფით ნაქსოვი სამოსელი არ ჩაიცვა.
- 20თუ ვინმე მონა ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, ის კი სხვა კაცზეა დანიშნული, მაგრამ არა გამოსყიდული ან თავისუფლება მინიჭებული, მაშინ სასჯელი უნდა დაეკისროს კაცს, მაგრამ არა სიკვდილი, რადგან თავისუფალი არ იყო ქალი.
- 21მიიტანოს მან დანაშაულის შესაწირი უფლისთვის საკრებულო კარვის შესასვლელთან: ვერძი დანაშაულის მსხვერპლად.
- 22და გამოისყიდოს იგი მღვდელმა დანაშაულის ვერძით უფლის წინაშე მისი ცოდვიდან, რომლითაც შესცოდა და ეპატიება ცოდვა, რომლითაც შესცოდა.
- 23როცა შეხვალთ ქვეყანაში და რომელიმე მსხმოიარე ხეს დარგავთ, მიიჩნიეთ მისი ნაყოფი წინადაუცვეთლად. სამი წელი უნდა იყოს თქვენთვის წინადაუცვეთლად, არ უნდა შეიჭამოს;
- 24მეოთხე წელს იყოს ყოველი მისი ნაყოფი წმიდა, უფლის საქებარ შესაწირად.
- 25მეხუთე წელს ჭამეთ მისი ნაყოფი, რათა შეიძინოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 26არ ჭამოთ სისხლიანად, არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ.
- 27არ შეიკრიჭოთ თმის კიდეები თავის ირგვლივ და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს.
- 28მკვდართათვის სხეული არ დაიკაწროთ და ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით. მე ვარ უფალი.
- 29ნუ წაბილწავ შენს ასულს როსკიპობით, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აივსოს მრუშობით.
- 30დაიცავით ჩემი შაბათები და გეშინოდეთ ჩემი საწმიდრისა; მე ვარ უფალი.
- 31ნუ მიმართავთ მიცვალებულთა გამოძახებას და ჯადოსნობას; ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 32წამოდექი ჭაღარის წინაშე და პატივი ეცი მოხუცებულს; გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.
- 33როცა ხიზანი შემოგეხიზნებათ თქვენს ქვეყანაში, არ შეავიწროოთ იგი.
- 34როგორც მკვიდრი თქვენ შორის, ისე იყოს ხიზანი თქვენთან და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 35უსამართლოდ არ მოიქცეთ სამართალში, ზომა-წონასა და საწყაოში.
- 36სწორი სასწორი, სწორი საწონი, ეფა და სწორი ჰინი იქონიეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.
- 37დაიცავით ყოველი წესი ჩემი და შეასრულეთ ყოველი სამართალი ჩემი. მე ვარ უფალი”.
იტვირთება შემდეგი თავი