ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1უთხრა უფალმა მოსეს:
- 2"ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 3არ მოიქცეთ ეგვიპტის ქვეყნის მცხოვრებთა მსგავსად, სადაც ცხოვრობდით, და ქანაანის ქვეყნის ჩვეულებებისამებრ, სადაც მიმყავხართ; ნუ იცხოვრებთ მათი წესებით.
- 4აღასრულეთ ჩემი სამართალი და დაიცავით ჩემი წესები, მათით იცხოვრეთ; მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 5დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, რომლითაც იცოცხლებს კაცი, თუ მათ დაიცავს; მე ვარ უფალი.
- 6არავინ გაეკაროს თავის ხორცით ნათესავს, არ მიუახლოვდეს სიშიშვლის გამოსაჩენად. მე ვარ ღმერთი.
- 7მამაშენის და დედაშენის სიშიშვლე არ გამოაჩინო. დედაშენია ის, არ ახადო მის სიშიშვლეს.
- 8მამაშენის ცოლის სიშიშვლე არ გამოაჩინო. ეს მამაშენის სიშიშვლეა.
- 9შენი დის, მამაშენის ან დედაშენის ასულის, სახლში ან გარეთ შობილის სიშიშვლე არ გამოაჩინო.
- 10შენი ვაჟის ან ქალიშვილის ასულის სიშიშვლეს ნუ ახდი, ვინაიდან ეს შენი სიშიშვლეა.
- 11მამაშენის ცოლის ასულის, მამაშენისგან შობილის, სიშიშვლეს ნუ ახდი: ის შენი დაა.
- 12მამაშენის დის სიშიშვლეს არ ახადო: მამაშენის სისხლია იგი.
- 13დედაშენის დის სიშიშვლეს არ ახადო, რადგან დედაშენის სისხლია იგი.
- 14მამაშენის ძმის ცოლს არ მიუახლოვდე, ნუ ახდი მის სიშიშვლეს; შენი ბიცოლაა იგი.
- 15არ ახადო შენი რძლის სიშიშვლე: შენი ძის ცოლია იგი.
- 16არ ახადო შენი ძმის ცოლის სიშიშვლეს: ეს შენი ძმის სიშიშვლეა.
- 17ნუ ახდი სიშიშვლეს დედაკაცს და მის ასულს; მისი ძისა და ქალიშვილის ასულს სიშიშვლის ასახდელად ნუ მიუახლოვდები. ერთი სისხლი აქვთ მათ. ეს გარყვნილებაა.
- 18ნუ ითხოვ შენს ცოლისდას დასთან სამტროდ, მის გვერდით სიშიშვლის ასახდელად, შენი ცოლის სიცოცხლეში.
- 19წიდოვნების დროს ნუ მიეკარები ქალს მისი სიშიშვლის ასახდელად.
- 20შენი მოყვასის ცოლთან ნუ დაწვები თესლისღვრით, რადგან შეიბილწები.
- 21არავინ მისცე მოლოქისთვის ცეცხლში გასატარებლად, ნუ შებღალავ შენი ღმერთის სახელს; მე ვარ უფალი.
- 22არ დაწვე მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: ეს საძაგლობაა.
- 23არცერთ პირუტყვს არ შეუერთდე, რადგან შეიბილწები მისით; ნურც ქალი დაუდგება წინ პირუტყვს, მასთან შესაერთებლად, ეს გარყვნილებაა.
- 24ნუ შეიბილწებით ყოველივე ამით, ვინაიდან ამას აკეთებენ ის ხალხები, რომელთაც ვდევნი თქვენგან.
- 25ამიტომ შეიბილწა ქვეყანა, დავხედე მათ უმართლობას და ამოანთხია ქვეყანამ თავისი მცხოვრებნი.
- 26დაიცავით ჩემი წესები და სამართალი და ამ სისაძაგლეებიდან ნურაფერს ჩაიდენს თქვენ შორის მცხოვრები მკვიდრი და მწირი;
- 27რადგან ყველა ამგვარი საძაგლობა ჩაიდინა ამ ქვეყნის ხალხმა, რომელიც თქვენზე წინ იყო; და შეიბილწა ქვეყანა;
- 28რათა არ ამოგანთხიოთ თქვენ ქვეყანამ, როცა შებილწავთ მას, როგორც ის ხალხი, რომელიც თქვენზე წინ იყო.
- 29რადგან ყოველი, ვინც ამ სისაძაგლეთაგან ჩაიდენს რაიმეს, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
- 30დაიცავით ჩემი ბრძანებანი და ნუ ჩაიდენთ საძაგელ საქმეებს, რაც თქვენამდე კეთდებოდა, რათა არ შეიბილწოთ მათით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
იტვირთება შემდეგი თავი