ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 24
- 1უთხრა უფალმა მოსეს:
- 2"უბრძანე ისრაელიანებს, მოგართვან ზეთისხილის დაწურული, სუფთა ზეთი, გასანათებლად, რათა მუდმივად ენთოს ლამპარი.
- 3საკრებულო კარავში, მოწმობის კრეტსაბმელის გარეთ დადგას იგი აჰარონმა, უფლის წინაშე მუდმივ განათებად საღამოდან დილამდე; სამარადისო წესად იქონიეთ ეს თაობიდან თაობამდე.
- 4მუდმივად სუფთა სასანთლეზე განალაგოს ლამპრები უფლის წინაშე.
- 5აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე მისგან თორმეტი კვერი; ეფის ორი მეათედი იყოს ერთი კვერი.
- 6ორ წყებად დააწყვე ისინი უფლის წინაშე, ექვს-ექვსი, სუფთა ოქროს მაგიდაზე.
- 7სუფთა საკმეველი დადე თითოეულ წყებაში და იქნება პური მოსახსენებლად, უფლისთვის შესაწირად.
- 8ყოველ შაბათს, მუდმივად დაალაგონ ისინი უფლის წინაშე, ისრაელის ძეთაგან მარადიულ აღთქმად.
- 9შეჭამენ მას აჰარონი და მისი ძენი წმიდა ადგილზე, ვინაიდან წმიდათა წმიდაა ეს, უფლის სრულადდასაწველ შესაწირთაგან. მარადიული წესია ეს”.
- 10და გამოვიდა ძე ისრაელი ქალისა, მამით ეგვიპტელი, ისრაელის ძეთა შორის და წაეკიდნენ ერთმანეთს ბანაკში ისრაელიანი ქალის შვილი და ისრაელის ძენი.
- 11ჰგმო ისრაელიანი ქალის ძემ, დაწყევლა უფლის სახელი და მიიყვანეს იგი მოსესთან; დედამისს შელომითი ერქვა, დიბრის ასული იყო იგი, დანის ტომიდან.
- 12და ჩასვეს ძე საპყრობილეში, სანამ უფლის ბრძანებით მიიღებდნენ გადაწყვეტილებას.
- 13უთხრა უფალმა მოსეს:
- 14ავის მთქმელი ბანაკის გარეთ გაიყვანე და ყველამ, ვინც ისმინა, თავზე დაადოს ხელი და ჩაქოლოს იგი მთელმა კრებულმა.
- 15ისრაელიანებს კი ასე უთხარი: ყველა, ვინც დაწყევლის თავის ღმერთს, ცოდვას იტვირთავს.
- 16უსათუოდ მოკვდეს უფლის სახელის ყოველი მგმობელი, ჩაქოლოს ის მთელმა კრებულმა, ხიზანი იქნება თუ მკვიდრი, უნდა მოკვდეს უფლის სახელის გმობისთვის!
- 17კაცის მკვლელი უნდა მოკვდეს.
- 18ვინც პირუტყვს მოკლავს, უნდა ზღოს: პირუტყვი - პირუტყვის წილ.
- 19თუ ვინმე მოყვასს დაასახიჩრებს, ისევე მოექცნენ, როგორც თვითონ მოიქცა.
- 20მოტეხილობა მოტეხილობის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ: როგორც ის დაასახიჩრებს ადამიანს, ისევე მოექეცით მას.
- 21ვინც პირუტყვს მოკლავს, უნდა ზღოს იგი, კაცის მკვლელი კი უნდა მოკვდეს.
- 22ერთნაირი სამართალი გქონდეთ, როგორც ხიზნის, ისე მკვიდრისთვის, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
- 23ეს უთხრა მოსემ ისრაელიანებს; გაიყვანეს მაწყევარი ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს. ყველაფერი აღასრულეს ისრაელის ძეთ, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
იტვირთება შემდეგი თავი