ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 25
- 1უთხრა უფალმა მოსეს სინაის მთაზე:
- 2"ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ, დაისვენოს მიწამ უფლის შაბათს.
- 3ექვსი წელი თესე შენი ყანა და ექვსი წელი გასხალი შენი ვენახი და აიღე მისი მოსავალი.
- 4მეშვიდე წელი დასვენების შაბათი იყოს მიწისთვის, ეს უფლის შაბათია: არ დათესო ყანა და ნუ გასხლავ ვენახს.
- 5თავისით აღმოცენებული არ მომკა და გაუსხლავი ვაზიდან ნუ ააგროვებ ყურძენს; შაბათის წელიწადი იყოს მიწისთვის.
- 6იყოს თქვენთვის საჭმელად შაბათის მიწის მოსავალი, შენთვის და შენი მონისთვის, შენი მხევლისთვის და შენი დაქირავებული მუშისთვის და შენი ხიზნისთვის, რომელიც შენთან ცხოვრობს;
- 7მთელი მისი მოსავალი იყოს საჭმელად შენი საქონლისა და ცხოველისთვის, რომელიც შენს ქვეყანაშია.
- 8გადაითვალე შაბათის შვიდი წელი, შვიდჯერ შვიდი წელი და იყოს შენთვის დრო ამ შვიდი საშაბათო წლებისა ორმოცდაცხრა წელი.
- 9დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვეში და აუწყე თვის მეათე დღეს; აუწყეთ ბუკით გამოსყიდვის დღე მთელ თქვენს მიწაზე.
- 10წმიდა ჰყავით ორმოცდამეათე წელი და გამოაცხადეთ თავისუფლება მთელს ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრებისთვის; საზეიმო იყოს იგი თქვენთვის; დაუბრუნდით თითოეული თავის სამფლობელოს, თითოეული თავის ოჯახს დაუბრუნდით.
- 11საზეიმო იყოს თქვენთვის ორმოცდამეათე წელი: არ თესოთ და არც თავისით აღმოცენებული არ მოაგროვოთ, არც ყურძენი დაკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან.
- 12რადგან ზეიმია ეს; წმიდა იყოს ის თქვენთვის: ველიდან ჭამდეთ მის მოსავალს.
- 13თითოეული თავის სამკვიდროს დაუბრუნდით ამ საზეიმო წელს.
- 14თუ მიჰყიდი რამეს მოყვასს ან რაიმეს იყიდი შენი მოყვასისგან, არ მოატყუოთ ერთმანეთი.
- 15ზეიმის შემდეგ, წლების რაოდენობის მიხედვით იყიდე მოყვასისგან და სამკალის წლების რაოდენობით მოგყიდოს შენ.
- 16რაც უფრო მეტი იქნება წლები, მით უფრო გაზრდი მის ფასს და რაც უფრო ნაკლები იქნება წლები, მით უფრო შეამცირებ მის ფასს, რადგან მოსავლიანობის ანგარიშით მოგყიდის.
- 17თუ მოატყუებთ ერთმანეთს, გეშინოდეთ თქვენი ღმერთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 18აღასრულეთ ჩემი წესები, დაიცავით ჩემი სამართალი და აღასრულეთ ისინი და იცხოვრებთ ქვეყანაზე მშვიდად.
- 19მოგცემს მიწა თავის ნაყოფს, შეჭამთ ძღომამდე და იცხოვრებთ მშვიდად.
- 20თუ იკითხავთ - რა ვჭამოთ მეშვიდე წელს, როდესაც არც დავთესავთ და არც მოსავალს ავიღებთო?
- 21ვბრძანებ ჩემს კურთხევას თქვენზე მეექვსე წელს და იგი მოიყვანს სამი წლის მოსავალს.
- 22დათესავთ მერვე წელს, მაგრამ მეცხრე წლამდე ძველი მოსავლიდან შეჭამთ: ვიდრე მოიწევა მისი მოსავალი, ძველი ჭამეთ.
- 23მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა; თქვენ კი ხიზნები ხართ ჩემთან.
- 24თქვენი სამფლობელოს მთელ მიწაზე მიეცით მიწის გამოსყიდვის ნება.
- 25თუ გაღარიბდა შენი ძმა და გაყიდა თავისი სამფლობელო, მაშინ მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს მისი ძმის მიერ გაყიდული.
- 26თუ გამომსყიდველი არა ჰყავს, მაგრამ გაუჩნდა შესაძლებლობა და იშოვა გამოსასყიდი, რამდენიც საჭიროა მისი გამოსყიდვისთვის,
- 27მაშინ გამოითვალოს გაყიდულის წლები და დაუბრუნოს ნამეტი იმას, ვისაც მიჰყიდა და დაუბრუნდეს თავის სამფლობელოს.
- 28თუ რამდენიც საჭიროა, იმდენ გამოსასყიდს ვერ იშოვის, მაშინ მის მიერ გაყიდული საზეიმო წლამდე დარჩება მყიდველს, ხოლო საზეიმო წელს ჩამოერთმევა და დაუბრუნდება პატრონი თავის სამფლობელოს.
- 29თუ ვინმე გალავნიან ქალაქში გაყიდის საცხოვრებელ სახლს, მაშინ მისი გამოსყიდვა გაყიდვიდან ერთი წლის განმავლობაშია ნებადართული: წლის განმავლობაში შეიძლება მისი გამოსყიდვა.
- 30თუ წლის დასასრულამდე არ იქნა გამოსყიდული, მაშინ სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, მუდმივად დარჩება მის მყიდველს მისი შთამომავლობისთვის, არ ჩამოერთმევა მას საზეიმო წელს.
- 31მაგრამ სოფლის სახლები, რომლებსაც გალავანი არა აქვთ, მიწის ნაკვეთის თანაბრად იქნენ მიჩნეულნი: დასაშვებია მათი გამოსყიდვა და ჩამოერთმევა საზეიმო წელს.
- 32რაც შეეხება ლევიანთა ქალაქებს, მათი სამფლობელო ქალაქების სახლებს, ლევიანებს ყოველთვის შეუძლიათ მათი გამოსყიდვა.
- 33თუ ვინმე ლევიანისგან მოინდომებს სახლის ყიდვას, მაშინ გაყიდული სახლი, რომელიც ქალაქშია, საზეიმო წელს ჩამოერთმევა მყიდველს, რადგან ლევიანთა ქალაქების სახლები მათი სამკვიდრებელია, ისრაელის ძეთა შორის.
- 34მათი ქალაქების გარშემო არ გაიყიდება საძოვარი მინდვრები, რადგან ეს მათი საუკუნო სამფლობელოა.
- 35თუ შენი მოძმე გაღარიბდა და შენთან მოვიდა, დაეხმარე მას როგორც მწირს ან ახალმოსახლეს და იცხოვროს შენთან.
- 36არ აიღო მისგან ვახში და სარგებელი, გეშინოდეს შენი ღმერთისა და იცხოვროს შენმა ძმამ შენთან.
- 37არ მისცე მას ფული ვახშით და სარგებლისთვის ნუ გასცემ საჭმელს.
- 38მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა მოგცეთ ქანაანის ქვეყანა და ვიყო თქვენი ღმერთი.
- 39თუ გაღარიბდა შენი ძმა და მოგეყიდება, არ დაიმონო ის მონური შრომით.
- 40ქირისკაცივით, მწირივით უნდა იყოს შენთან; საზეიმო წლამდე იმუშაოს შენთან;
- 41მერე კი გავიდეს შენგან და მისი ბავშვები მასთან ერთად, თავის ოჯახს და თავისი მამების სამფლობელოს დაუბრუნდეს.
- 42რადგან ჩემი მსახურები არიან ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე: არ უნდა გაიყიდონ ისინი, როგორც მონები იყიდებიან.
- 43არ გაბატონდე მასზე ძალმომრეობით, გეშინოდეს შენი ღმერთის.
- 44მონა და მხევალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებისგან იყიდეთ, რომლებიც თქვენს გარშემო ცხოვრობენ.
- 45იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, რომლებიც ხიზნად ცხოვრობენ თქვენთან და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში დაბადებულები; თქვენი საკუთრება იქნებიან ისინი.
- 46და დაიმკვიდრებთ თქვენი შვილებისთვის თქვენს შემდეგ საკუთარ სამკვიდროდ: სამუდამოდ დაიმონებთ მათ. ხოლო თქვენს ძმებზე, ისრაელის ძეებზე, არ მბრძანებლობდეთ ძალმომრეობით.
- 47თუ მწირი ან ხიზანი შეძლებული გახდა, შენი ძმა კი გაღარიბდა და მიეყიდა მწირს, შენს ხიზანს ან მწირის ოჯახის შთამომავალს,
- 48მიყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოსყიდვა; ერთ-ერთი მისი ძმათაგანი გამოისყიდის მას;
- 49ან ბიძა ან ბიძაშვილი გამოისყიდის მას; ან რომელიმე მისი ნათესავი გამოისყიდის; ან თუ შეძლება ჰპოვა, თავის ხელით გამოისყიდება.
- 50უანგარიშოს თავის მყიდველს იმ წლიდან, როდესაც მიეყიდა მას, საზეიმო წლამდე; წლების რიცხვზე განაწილდეს მისი ნასყიდობის ვერცხლი; როგორც დროებით დაქირავებული, ისე იყოს მასთან.
- 51თუ კიდევ მრავალი წელია დარჩენილი, მაშინ მათი რაოდენობის მიხედვით დააბრუნოს თავისი ნასყიდობის ფული.
- 52თუ ცოტა წელია დარჩენილი საზეიმო წლამდე, მაშინ დაითვალოს და წელთა რაოდენობის მიხედვით დააბრუნებს თავის გამოსასყიდს.
- 53როგორც დაქირავებული, ისე იქნება მასთან წლიდან წლამდე და არ უნდა იბატონოს მასზე ძალმომრეობით შენს თვალწინ.
- 54და თუ არ იქნა გამოსყიდული ამ გზით, მაშინ საზეიმო წელს ჩამოერთმევა მყიდველს თავის ბავშვებიანად;
- 55რადგან ჩემი მსახურები არიან ისრაელის ძენი; ჩემი მსახურები არიან ისინი, რომლებიც მე გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
იტვირთება შემდეგი თავი