ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 26
- 1"არ გაიკეთოთ კერპები და გამოსახულებანი, არ აღმართოთ სვეტები და მოხატული ქვა არ დაიდგათ ქვეყანაში თაყვანის საცემად, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 2ჩემი შაბათები დაიცავით და მოწიწებით იყავით ჩემი საწმიდრის წინაშე, მე ვარ უფალი.
- 3თუ ივლით ჩემი წესებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ,
- 4მაშინ თავის დროზე მოგცემთ წვიმას და გამოიღებს მიწა თავის მოსავალს და ველის ხე - თავის ნაყოფს.
- 5რთვლამდე გაგიგრძელდებათ ლეწვა, რთველი კი - თესვამდე; ძღომამდე შეჭამთ თქვენს პურს და მშვიდად იცხოვრებთ თქვენს ქვეყანაში.
- 6მშვიდობას მოგცემთ ქვეყნად და უშფოთველად დაწვებით; მტაცებელ მხეცებს მოგაშორებთ მიწიდან და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაში.
- 7დაედევნებით თქვენს მტრებს და დაეცემიან თქვენს წინაშე მახვილით.
- 8ხუთი თქვენიანი ასს განდევნის, ასი კი - ათი ათასს და მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე.
- 9მოვიხედავ თქვენკენ, მოგაშენებთ, გაგამრავლებთ და განვამტკიცებ თქვენთან ჩემს აღთქმას.
- 10შარშანდელს, ძველს შეჭამთ და გადაყრით ძველს ახლისთვის.
- 11ჩემს სავანეს დავიდებ თქვენში და არ შეგიძულებთ ჩემი სული.
- 12ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი და იქნებით ჩემი ხალხი.
- 13მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა არ ყოფილიყავით იქ მონებად; დავგლიჯე თქვენი უღლის აპეურები და წელგამართულნი წამოგიყვანეთ.
- 14მაგრამ, თუ არ დამემორჩილებით და არ აღასრულებთ ყველა ამ მცნებას,
- 15უკუაგდებთ ჩემს წესებს და მოიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ აღასრულოთ ყოველი ჩემი მცნება და დაარღვიოთ ჩემი აღთქმა.
- 16მაშინ მეც ასე მოგექცევით; დაგატეხთ საშინელებას, ჭლექსა და ციებ-ცხელებას, რომლებიც თვალებს დაგივსებენ და სულს გაგიწამებენ; ამაოდ დათესავთ თესლს, თქვენი მტრები შეგიჭამენ.
- 17სახეს მოვაქცევ თქვენს წინააღმდეგ, განიგმირებით თქვენი მტრების წინაშე და თქვენი მოძულენი იბატონებენ თქვენზე; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.
- 18თუ მაინც არ მომისმენთ, შვიდჯერ გაგიზრდით სასჯელს თქვენი ცოდვების გამო.
- 19გავტეხ თქვენი სიძლიერის სიამაყეს, რკინად გიქცევთ ცას და სპილენძად - მიწას.
- 20ფუჭად დაილევა თქვენი ძალა, არ გამოიღებს მოსავალს თქვენი მიწა და არ მოისხამს ხე ნაყოფს.
- 21და თუ მაინც ჩემს წინააღმდეგ წამოხვალთ და არ ისურვებთ ჩემთვის ყურის დაგდებას, შვიდმაგად გაგიმრავლებთ ცემას თქვენი ცოდვების გამო.
- 22მოგისევთ ველის მხეცებს და ამოგიწყვეტენ შვილებს, მოგისპობენ საქონელს, შეგამცირებენ და გაუკაცრიელდება თქვენი გზები.
- 23თუ ესეც არ შემოგაბრუნებთ ჩემსკენ და შემეწინააღმდეგებით,
- 24მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდმაგად დაგლახვრავთ თქვენი ცოდვებისთვის.
- 25მოგივლენთ მახვილს აღთქმისთვის შურის საძიებლად, შეგროვდებით თქვენს ქალაქებში, მაგრამ შავ ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით.
- 26შეგიმუსრავთ პურის მარაგებს, ათი ქალი გამოაცხობს თქვენს პურს ერთ თონეში და წონით მოგცემენ თქვენს პურს; შეჭამთ და ვერ გაძღებით.
- 27თუ არც ამის შემდეგ მომისმენთ და ჩემს წინააღმდეგ წამოხვალთ,
- 28მეც წამოვალ მძვინვარედ თქვენს წინააღმდეგ და შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის.
- 29შეჭამთ თქვენი ძეებისა და ასულების ხორცს.
- 30გაგინადგურებთ მაღლობებს, აგიჩეხავთ მზის სვეტებს, თქვენს მძორებს კერპების ნანგრევებზე დავყრი და შეგიძულებთ ჩემი სული.
- 31გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს, ავაოხრებ თქვენს საწმიდრებს და არ ვიყნოსავ თქვენს კეთილსურნელებას.
- 32ავაოხრებ თქვენს ქვეყანას და განცვიფრდებიან იქ ჩასახლებული თქვენი მტრები.
- 33გაგფანტავთ ხალხთა შორის და კვალდაკვალ დაგადევნებთ მახვილს; გაუდაბურდება თქვენი ქვეყანა და ნანგრევებად იქცევა თქვენი ქალაქები.
- 34აინაზღაურებს მიწა თავის შაბათებს მისი უკაცრიელების დღეებში, როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით; მაშინ დაისვენებს იგი და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებით.
- 35მთელი მისი უკაცრიელობის განმავლობაში დაისვენებს მიწა, თითოეული შაბათისთვის, რამდენიც არ დაუსვენია, როცა მასზე მკვიდრობდით.
- 36თქვენგან ცოცხლად გადარჩენილებს, სილაჩრეს ჩავუდებ გულში მათი მტრების ქვეყანაში; დაფრთხებიან შერხეული ფოთლის შრიალზე, გაიქცევიან, თითქოს მახვილს გაურბოდნენ და დაეცემიან, თუმცა არ ეყოლებათ მდევარი.
- 37ერთმანეთზე წაიბორძიკებენ, როგორც მახვილისგან გაქცეულნი, თუმცა არ ეყოლებათ მდევარი; და არ გექნებათ ძალა მტრების წინააღმდეგ დასადგომად.
- 38დაიღუპებით ხალხთა შორის და გშთანთქავთ თქვენი მტრების მიწა.
- 39გადარჩენილნი ჩამოხმებით მტრების ქვეყანაში თქვენი ცოდვების გამო და თქვენი მამების ცოდვებისთვისაც ჩამოხმებით.
- 40და თუ აღიარებენ თავის დანაშაულს და თავისი მამების ბრალს, თავიანთი ორგულობით რომ მიმუხთლეს და ჩემს წინააღმდეგ წამოვიდნენ,
- 41ამიტომ მეც წავედი მათ წინააღმდეგ და მივიყვანე მათი ტყვეობის ქვეყანაში; თუ დამდაბლდება მათი წინადაუცვეთელი გული და აღიარებენ თავის დანაშაულს;
- 42მაშინ გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან, ჩემს აღთქმას ისაკთან, ჩემს აღთქმას აბრაჰამთან და მიწასაც გავიხსენებ.
- 43მიწაც მიტოვებული იქნება მათ მიერ და დატკბება თავისი შაბათებით მათგან დაცარიელებული და იგემებენ სასჯელს თავისი ცოდვების გამო, რადგან შეიზიზღეს ჩემი სამართალი და მოიძულა ჩემი წესები მათმა გულმა.
- 44და მაინც, ტყვეობის ქვეყანაში მათი ყოფნისას, არ უკუვაგდებ მათ და ისე არ მოვიძულებ, რომ მოვსპო ისინი და დავარღვიო ჩემი აღთქმა მათთან; რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
- 45და გავიხსენებ აღთქმას მათ მამებთან, რომლებიც ხალხების თვალწინ გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვყოფილიყავი მათი ღმერთი. მე ვარ უფალი”.
- 46ეს არის წესები, სამართალი და რჯული, რომელიც მოსეს მეშვეობით დაადგინა უფალმა სინაის მთაზე, საკუთარ თავსა და ისრაელიანთა შორის.
იტვირთება შემდეგი თავი