ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1და უთხრა უფალმა მოსეს:
- 2"წაიყვანე აჰარონი თავის ძეებთან ერთად და წაიღე სამოსელი, საცხებელი ზეთი, ცოდვისთვის შესაწირი მოზვერი, ორი ვერძი და კალათი ხმიადებით.
- 3და შეკრიბე მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან”.
- 4ისე მოიქცა მოსე, როგორც უბრძანა უფალმა და შეიკრიბა თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან.
- 5უთხრა მოსემ თემს: "ეს არის, რაც ბრძანა უფალმა შესასრულებლად”.
- 6მიიყვანა მოსემ აჰარონი და მისი ძენი და წყლით განბანა.
- 7კვართით შემოსა, სარტყელი შემოარტყა, მოსასხამი შემოასხა და ეფოდი ჩამოაცვა, ეფოდის ოსტატურად ნაქარგი სარტყელი შემოარტყა და ზედ მიამაგრა.
- 8გაუკეთა სამკერდული და სამკერდულში ურიმი და თუმიმი.
- 9თავზე მიტრა დააფარა და ზედ წინა მხრიდან ოქროს ფირფიტა, წმიდა გვირგვინი დაადგა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 10აიღო მოსემ საცხებელი ზეთი, სცხო სავანეს და ყოველივეს, რაც მასში იყო და განწმიდა ისინი.
- 11შვიდჯერ მოასხურა სამსხვერპლოზე და სცხო სამსხვერპლოსა და მის ყოველ ჭურჭელს და საბანელს და მის კვარცხლბეკს განსაწმედად.
- 12თავზე დაასხა აჰარონს საცხებელი ზეთი და სცხო მას განსაწმედად.
- 13და მოიყვანა მოსემ აჰარონის ძენი, კვართით შემოსა ისინი, სარტყლები შემოარტყა და ზედ თავსაბურავები მოახვია, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 14მიიყვანა ცოდვის მსხვერპლი მოზვერი და დაადეს აჰარონმა და მისმა ძეებმა ცოდვისათვის შესაწირ მოზვერს ხელები თავზე.
- 15როცა დაკლეს იგი, თითით აიღო მოსემ სისხლი, მოაპკურა ირგვლივ სამსხვერპლოს რქებს და განწმიდა იგი, ხოლო მონარჩენი სისხლი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვარა და წმიდა ჰყო იგი.
- 16და აიღო მთელი ქონი, რაც შიგნეულზე ჰქონდა, ღვიძლის აპკი და ორივე თირკმელი თავისი ქონით და დააკმია მოსემ სამსხვერპლოზე.
- 17ხოლო მოზვერი, მისი ტყავი, ხორცი და მისი განავალი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლზე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 18მოიყვანა სრულადდასაწველი ვერძი და დაადეს აჰარონმა და მისმა ძეებმა ხელები თავზე.
- 19როცა დაკლეს, სამსხვერპლოს ირგვლივ მოასხურა მოსემ სისხლი.
- 20როცა ასო-ასოდ დაიჭრა ვერძი, დააკმია მოსემ თავი, ნაჭრები და ქონი.
- 21ხოლო, როდესაც შიგნეული და წვივები წყლით გაირეცხა, მოსემ მთლიანად დააკმია ვერძი სამსხვერპლოზე: სასაკმევლე სრულადდასაწველი, საცეცხლო შესაწირი იყო იგი უფლისთვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 22და მიიყვანა მეორე ვერძიც, მღვდლად კურთხევის ვერძი; და დაადეს აჰარონმა და მისმა ძეებმა ხელები თავზე.
- 23როცა დაიკლა იგი, აიღო მოსემ მისი სისხლიდან და სცხო აჰარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს, მარჯვენა ხელის ცერს და მარჯვენა ფეხის ცერს.
- 24მოყვანილ იქნენ აჰარონის ძენი და მათაც სცხო მოსემ სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერსა და მარჯვენა ფეხის ცერზე და მოასხურა მოსემ ეს სისხლი სამსხვერპლოს გასწვრივ, მის ირგვლივ.
- 25აიღო ქონი, დუმა, შიგნეულზე გამოკრული მთელი ქონი, ღვიძლის აპკი, ორივე თირკმელი თავისი ქონით და მარჯვენა ბეჭი.
- 26აიღო უფლის საწინაშეო ხმიადების კალათიდან ერთი ხმიადი კვერი, ზეთიანი პურის ერთი კვერი, ერთი ფუნთუშა და დააწყო ქონსა და მარჯვენა ბეჭზე.
- 27ყოველივე ეს ხელებზე დაუწყო აჰარონსა და მის ძეთ და შესარხეველ შესაწირად შეარხია ისინი უფლის წინაშე.
- 28კვლავ აიღო მოსემ ისინი მათი ხელებიდან და ზედ დააკმია სრულადდასაწველს სამსხვერპლოზე: უფლის საცეცხლო შესაწირი იყო ეს, მღვდლად მიძღვნის კეთილსურნელოვანი შესაწირი.
- 29აიღო მოსემ მკერდი და შესარხეველ შესაწირად შეარხია იგი უფლის წინაშე; მღვდლად კურთხევის ვერძიდან მოსეს წილი იყო იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 30აიღო მოსემ საცხებელი ზეთი და სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზე იყო და აჰარონსა და მის სამოსელს, მის ძეებსა და მათ სამოსელს მოაპკურა. და განწმიდა აჰარონი და მისი სამოსელი, მისი ძენი და მათი სამოსელი.
- 31უთხრა მოსემ აჰარონსა და მის ძეთ: "მოხარშეთ ეს ხორცი საკრებულო კარვის შესასვლელთან და ჭამეთ იქ, ხმიადთან ერთად, რომელიც მღვდლად კურთხევისთვის წამოღებულ კალათშია, როგორც ნაბრძანები მაქვს: აჰარონმა და მისმა ძეებმა ჭამონ.
- 32ხოლო ხორცისა და პურის ნარჩენი ცეცხლში დაწვით.
- 33შვიდი დღე და ღამე ნუ გამოხვალთ საკრებულო კარვის კარიდან, ვიდრე არ შესრულდება მღვდლად მიძღვნის დღეები; რადგან შვიდ დღეს უნდა სრულდებოდეს თქვენი მიძღვნა.
- 34როგორც დღეს აღსრულდა, ასე ბრძანა უფალმა თქვენი გამოსყიდვა.
- 35დარჩით საკრებულო კარვის შესასვლელში შვიდი დღე და ღამე და შეასრულეთ უფლის სამსახური, რათა არ დაიხოცოთ; რადგან ასე მიბრძანა უფალმა”.
- 36ყოველივე აღასრულეს აჰარონმა და მისმა ძეებმა, რაც მოსეს მეშვეობით ბრძანა უფალმა.
იტვირთება შემდეგი თავი